Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააკავეს "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე?


კომპანია "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრ რონჟესი
კომპანია "გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრ რონჟესი
14 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ”გლობალ ტვ"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრ რონჟესი - როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, დაკითხვის მიზნით. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ, ეროვნულ ბანკთან არსებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, დაწყებულია გამოძიება ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე, რომელსაც რონჟესის სახელი უკავშირდება“. რონჟესის დაკითხვა აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში, მისივე ადვოკატების თანდასწრებით, რამდენიმე საათს გაგრძელდა.

”ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ ალექსანდრ რონჟესმა 2004 წლის ოქტომბერში 180 000 ლარად შეიძინა თბილისში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც 2012 წლის 8 ივნისს გაასხვისა შპს "ლიზინგი 21"-ზე 3 100 000 ლარად და მიღებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნაღდი ფულის სახით, საბანკო ანგარიშიდან გაიტანა, რაც, საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებით, საეჭვო ოპერაციას წარმოადგენს. ვინაიდან მან საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება, მიზანშეწონილია ალექსანდრ რონჟესი მოწმის სახით იქნეს დაკითხული", - ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ცუდია ადამიანის დაკავება და შეურაცხყოფა, ამერიკელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს, თუ როგორ ვექცევით მათ მოქალაქეებს და ინვესტიციებს ...
ბიძინა ივანიშვილი

"გლობალ ტვ"-ს ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 ივნისს, შუადღისას, საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ დააკავეს. მან რამდენიმე საათი გაატარა აეროპორტის პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოგვიანებით შეუშვეს რონჟესის ადვოკატებიც - არჩილ კბილაშვილი და ლილი გელაშვილი.

მომხდარს გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის კუთვნილი ”მეცხრე არხიც” სწორედ „გლობალ ტვ“-ის ანტენების საშუალებით გადაიცემა, ამ კომპანიის ერთ-ერთი მეწილე კი, როგორც ცნობილია, მისი ძმა ალექსანდრე ივანიშვილია. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "ხელისუფლება აგონიაშია და მაქსიმალურად ცდილობს, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება.”

”ცუდია ადამიანის დაკავება და შეურაცხყოფა, ამერიკელებისთვის ბოდიშის მოხდა მოგვიწევს, თუ როგორ ვექცევით მათ მოქალაქეებს და ინვესტიციებს”, განაცხადა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა.

ამ ამბამდე ორი დღით ადრე, 12 ივნისს, ”მეცხრე არხის”, ”სტერეო +”-ისა და ”გლობალ TV”-ის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელს, შესაძლოა, საქართველოში დამონტაჟებული ყველა სატელიტური მიმღების, ანუ "თეფშის", ჩამოხსნა მოუწიოს.

ამიტომაც ამჟამად საქართველოში არსებული ვითარების გამო მე ქართველი ხალხის მდგომარეობა მაღელვებს. მაღელვებს, რადგანაც ხელისუფლება არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას ...
ალექსანდრ რონჟესი

ალექსანდრ რონჟესმა 12 ივნისს განმარტა, რომ, ხუთი ტელეკომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, მათი პროგრამების რეტრანსლირების პროცესი მარტის შემდეგ შეწყდა, თუმცა ოდნავ მოგვიანებით ”რუსთავი 2“-მა და ”იმედმა” მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სიგნალის ნებისმიერი სახით რეტრანსლირების შეწყვეტის მოთხოვნით და მაისის დასაწყისში სასამართლომ მათი განცხადებები დააკმაყოფილა. პრესკონფერენციაზე რონჟესმა აღნიშნა კიდეც, რომ ის ”გლობალ TV”, რომელიც 11 ათას მომხმარებელს ითვლის, პრაქტიკულად დაღუპვის საფრთხის წინაშე დადგა და ეს ფაქტი კომპანიის ამერიკელმა მეწილემ ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა:

”ერთ-ერთი, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ჩემი ქვეყნის დემოკრატიაში - ეს ფუნდამენტური უფლებების დაცვაა. ამიტომაც ამჟამად საქართველოში არსებული ვითარების გამო მე ქართველი ხალხის მდგომარეობა მაღელვებს. მაღელვებს, რადგანაც ხელისუფლება არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას... განვიცდი, რომ მათ ურჩევნიათ გაანადგურონ კომპანია, რათა გააჩუმონ საინფორმაციო წყარო, ვიდრე მისცენ საშუალება ამ კომპანიას, გაფართოვდეს და სარგებელი მოუტანოს ეკონომიკას.”

ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი კახა ბექაური რონჟესის დაკავების ფაქტს კომპანიაზე ზეწოლად აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობს, ხელი შეუშალოს ”მეცხრე არხის” არსებობას და პრობლემას უქმნის ყველა კომპანიასა თუ მათს მფლობელებს, ვინც კი მასთან ითანამშრომლებს.

”ქართული ოცნების” იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელი, ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ "ხელისუფლების რეპრესიული მანქანა" სრული დატვირთვითა ერთი მიზნით ამუშავდა - ”როგორმე შეაჩეროს ხალხში არსებული განწყობა და მოთხოვნილებები ცვლილებების მიმართ.”

რაც შეეხება გამოძიების დაწყებას ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე, რომელთანაც რონჟესის კავშირზეა ლაპარაკი, ადვოკატი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, ”უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ნიშნავს პირის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სახსრების დაბანდებას კანონიერ ბიზნესში“. აქ კი:

”დანაშაულებრივი გზით მიღებულ სახსრებს უთანაბრებენ პირის მიერ 8 წლის წინ შეძენილი უძრავი ქონების 8 წლის შემდეგ გაყიდვის ფაქტს. ეს არის დანაშაულებრივი გზით შეძენილი ფული? ჯერ ეს უნდა დამტკიცდეს, რომ ეს ფული დანაშაულებრივი გზითაა ნაშოვნი და შემდეგ დამტკიცდეს, რომ ეს ფული კანონიერ ბიზნესში დააბანდა.”
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG