Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინო და წყალი - შემოწმების მოლოდინში


ქართული ღვინოების ერთ-ერთი მაღაზია თბილისში
ქართული ღვინოების ერთ-ერთი მაღაზია თბილისში
მინერალური წყლის მწარმოებელი 4 და ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების 80 კომპანია მოხვდა სიაში, რომელიც ”როსპოტრებნადზორს” ქართულმა მხარემ 11 თებერვალს გაუგზავნა. ეს ის კომპანიებია, რომლებსაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურვილი აქვთ რუსი სპეციალისტებისგან შემდგარმა ჯგუფმა ჩაუტაროს ინსპექტირება, ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი რუსულ ბაზარზეც მოსინჯონ ძალები.

„საირმე“, „ნაბეღლავი“, „ბორჯომი“, „სნო“ და დააახლოებით 80 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, „ბაგრატიონი“, „სარაჯიშვილი“, „ბადაგონი“, „თბილღვინო“ „თელიანი ველი“ „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმანი“ და სხვანი - რუსულ ბაზარზე შესვლის მოსურნეთა რიცხვი საკმაოდ დიდია, ღვინის ეროვნულ სააგენტოში განაცხადი ღვინის მწარმოებელმა თითქმის ყველა კარგად ცნობილმა თუ შედარებით უცნობმა კომპანიამ შეიტანა. საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ბაზარზე უარს არავინ ამბობს, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი:

”მათ შორის არიან მეწარმეები, რომლებიც ადრეც მუშაობდნენ აქტიურად და არის კომპანიები, რომლებიც შედარებით ახლები არიან ბაზარზე, მაგრამ სურვილი აქვთ იმუშაონ, ან გაჩერებულები იყვნენ და მაინც აპირებენ რუსულ ბაზარზე მუშაობას. თუმცა ისიც უნდა განიმარტოს, რომ 80 კომპანია არ ნიშნავს ამდენივე საწარმოს. არის კომპანიები, რომლებიც ერთ საწარმოს ქირაობენ - მაგალითად, 4-5 კომპანია არის ერთ ღვინის ქარხანაში. აქედან გამომდინარე, შემოწმების პროცესი არ იქნება ძალიან ხანგრძლივი და არ გართულდება რუსული დელეგაციისთვის”.

ბოლო სატელეფონო საუბარი რუსულ მხარესთან 11 თებერვალს საღამოს შედგა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ”როსპოტრებნადზორი” წარდგენილი კომპანიების სიას, მათ განცხადებებს და თანდართულ დოკუმენტაციას სწავლობს. მათ ნაწილს რუსული მხარე აქამდეც იცნობდა, ნაწილის სამეწარმეო ისტორიას ახლა ეცნობა. შესაბამისად, პრიორიტეტულად გადაწყდება, თუ რომელი კომპანიებით დაიწყებენ შემოწმების პროცესს.
ცხადია, ამ ბაზრებს (სულ 25 ბაზარია) შევინარჩუნებთ, რადგან ჩვენი გაყიდვების დიდ არეალს სწორედ ეს ბაზრები მოიცავს. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ეს ჩვენთვის ახალი ბაზარია...
თეა კიკვაძე

რუსეთში მოქმედ რომელ კომპანიასთან გააფორმებენ ქართული კომპანიები ხელშეკრულებებს, ეს, როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, ”როსპოტრებნადზორის” პირდაპირ კომპეტენციაში არ შედის, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში, როგორც ცნობილია, ქართულ მხარეს ”როსპოტრებნადზორიდან” სანდო დისტრიბუტორების შერჩევაში დახმარებას დაჰპირდნენ.

სიაში ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორისაა, მაგალითად, ”თელიანი ველი”, რომლის მარკეტინგის დირექტორი თეა კიკვაძე ამბობს, რომ მათი კომპანიისათვის დღეს ყველაზე წარმატებული უკრაინისა და პოლონეთის ბაზრებია, თუმცა რუსულ ბაზარზე მათი ძირითადი ბრენდით - ”თელიანი ველით“ - შესვლა არ ნიშნავს უკვე დამკვიდრებული ადგილის დატოვებას სხვა ბაზრებზე.

”ცხადია, ამ ბაზრებს (სულ 25 ბაზარია) შევინარჩუნებთ, რადგან ჩვენი გაყიდვების დიდ არეალს სწორედ ეს ბაზრები მოიცავს. რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ეს ჩვენთვის ახალი ბაზარია, რომელზე შესვლის სურვილიც ”თელიან ველს” აქვს, რადგან ეს ბაზარი არა მხოლოდ ქართული ღვინისთვის არის საინტერესო, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სხვადასხვა პროდუქტისთვისაც. ვუყურებთ როგორც სრულიად ახალ ბაზარს, რადგან ჩვენ ამ ბაზარზე პირველად შევდივართ. ვიცით, რომ თავის დასამკვიდრებლად ბევრი სამუშაო გველის, მით უმეტეს, თუ ამ 6 წლიან წყვეტას გავითვალსიწინებთ”.
ეს, ერთი მხრივ, არის ის ნოსტალგია, რაც არსებობს გარკვეულ წრეებში; შემდეგ, აკრძალული ხილის ფაქტორიცაა, რომელიც ბრუნდება...
იაგო ბიტარიშვილი

ღვინის კლუბის წევრი, თავად მეღვინე, იაგო ბიტარიშვილი ფიქრობს, რომ ქართული კომპანიების რუსულ ბაზარზე შესვლის ინტერესი შეიძლება რუსულ ბაზართან ძველი კავშირების არსებობით აიხსნას. მოლოდინსაც, რომ ქართული ღვინო იქ ისევ წარმატებით გაიყიდება, ეს მიზეზი აქვს, თორემ, მისი თქმით, საფუძვლიანი კვლევა არ ჩატარებულა. თუმცა, მისივე აზრით, რესურსი, რომ ქართულმა ღვინომ რუსულ ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს სხვა ღვინოებს, არსებობს:

”ეს, ერთი მხრივ, არის ის ნოსტალგია, რაც არსებობს გარკვეულ წრეებში; შემდეგ, აკრძალული ხილის ფაქტორიცაა, რომელიც ბრუნდება და ეს ხშირად მარკეტინგულად მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს. მგონია, რომ ესეც იმუშავებს, თუ სწორად მიაწვდიან რეკლამას. არის მეორე ფაქტორიც, რამაც შეიძლება უპირატესობა მისცეს ჩვენს ღვინოს: ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ არა საყოველთაოდ გავრცელებული ჯიშები, არამედ ნაკლებად ცნობილი, ჩვენი ადგილობრივი, ქართული ჯიშები - საფერავი, რქაწითელი, ქისი, მწვანე...”

კიდევ ერთი საკითხი, ბევრი კითხვის ნიშნით: რა ბერკეტები არსებობს იმისათვის, რომ რუსულ ბაზარზე არ მოხვდეს ფალსიფიცირებული ქართული ღვინო, რისი არაერთი მაგალითიც ყოფილა წლების წინ? ლევან დავითაშვილის თქმით, რუსეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების განცხადებით, ორივე მხარის ინტერესშია, რომ ეს არ მოხდეს. რუსული მხრიდან კონტროლის გარდა, ქართული მხარე აპირებს მათ მიაწოდოს ინფორმაცია სასმელის ყველა ექსპორტირებული პარტიის შესახებ, რომლის მიღმა წარმოებული სხვა პროდუქცია ფალსიფიკაციად მიიჩნევა.

პირველ ეტაპზე რუსულ ბაზარზე შევა მხოლოდ ბოთლის ღვინო. ლევან დავითაშვილი ასევე გვეუბნება, რომ ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე უკეთ იცნობენ, თუმცა გამოწვევები ამ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მაინც საკმაოდ ბევრია.

4 თებერვალს - მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ”როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელს, რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს, გენადი ონიშჩენკოს შეხვდა - ცნობილი გახდა, რომ ”როსპოტრებნადზორის” სპეციალისტების სამი ჯგუფი საქართველოს ერთი კვირის ვადაში უნდა სწვეოდნენ, თუმცა ამ დრომდე მათი ვიზიტის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG