Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას იტყვის პრემიერი გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან?


რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 69 სესიაზე გამოვა სიტყვით. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ტექსტში ცვლილებები გუშინაც შეჰქონდათ. გაეროს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე იმ საკითხებს ასახელებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

"ეს არის ალბათ ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რამეთუ მსოფლიოს ყველა ლიდერი ასეთ დროს იმყოფება ნიუ იორკში გენერალურ დებატებზე. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, დელეგაციის ხელმძღვანელის გამოსვლაც მეტად მნიშვნელოვანია. მე არ მინდა კონკრეტულად ვისაუბრო ყველა იმ დეტალზე, რასაც შეეხება პრემიერ-მინისტრი, გეტყვით იმას, რომ იგი აუცილებლად ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს აღელვებს საქართველოს. როდესაც ვსაუბრობთ რეგიონულ საკითხებზე, აქ საკმაოდ ფართო მასშტაბია, აქ იგულისხმება როგორც ეკონომიკური საკითხები ისე უსაფრთხოების საკითხები."

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ხანგრძლივობა ათი წუთია. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ტექსტი მოიცავს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაციას.

"მისი სიტყვა იქნება კონცენტრირებული საქართველოს შიდა პროცესებზე, იმის თაობაზე, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში, როგორი რეფორმები გატარდა ყველა მიმართულებით. იქნება ორიენტირებული არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე, არამედ საშინაო პოლიტიკაზეც. ასევე მომავალზე, იმ გეგმებზე, რომელიც აქვს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით."

ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ტექსტი ასევე იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების სათანადო პირობების შექმნასაც მოიცავს. მაია ფანჯიკიძეს იმედი აქვს, რომ გაეროში მის უცხოელ კოლეგებთან გამართული შეხვედრები პოზიტიურ შედეგს მოიტანს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული მორიგი რეზოლუციის მიღების დროს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ რამდენი ქვეყნით შეიძლება გაიზარდოს მხარდამჭერთა რიცხვი.

"პრემიერ-მინისტრიც ორმხრივ შეხვედრებზე ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ რეზოლუციაზე და მათ უხდიდა მადლობას. ხოლო მათ, რომლებიც არ გვიჭერენ მხარს, უხსნიდა, თუ რატომ უნდა დაგვიჭირონ მხარი. ასეთივე სულისკვეთებით მიმდინარეობდა ჩემი შეხვედრები 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან. ერთ-ერთი მთავარი თემა ამ შეხევედრებზე ყოველთვის იყო რეზოლუცია. მე რატომღაც მაქვს ისეთი განცდა, რომ წელს თითქოს უკეთ მივიტანეთ ჩვენი არგუმენტები ჩვენს პარტნიორებამდე, რაც შესაძლოა შეცვლილი ვითარების ბრალია. ან შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ მათ."

ნიუ-იორკში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტი პარასკევს სრულდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შაბათს გვირგვინით შეამკობს 11 სექტემბერს დაღუპულთა მემორიალს.

XS
SM
MD
LG