Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრძოლა თვითმმართველობებისთვის


საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული კონგრესი
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული კონგრესი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ მესამე დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რაიონის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეები შენობაში შესვლისა და სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულების საშუალებას არ აძლევენ. აქციამ კანონსაწინააღმდეგო ფორმა მიიღო მაშინ, როდესაც მოქალაქეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ და ინვენტარის ნაწილი დააზიანეს. მარტვილის ინციდენტი ერთგვარი კულმინაციაა ბოლო დროს განვითარებული პროცესისა, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტებული თვითმმართველი ორგანოების ”ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ მოქცევის მცდელობის სახელითაა ცნობილი.

თვითმმართველ ორგანოებში პოლიტიკური ბალანსის შეცვლის პროცესი ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაშინება, საფინანსო უწყებებისა და მაკონტროლებლების შესვლა და სხვა, არ ემსახურება თანაარსებობისა და თანამშრომლობის იმ დეკლარირებულ პრინციპებს, რომლებზეც მმართველი კოალიცია საუბრობს, - გვითხრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ მამუკა აბულაძემ. მისი შეფასებით, მუნიციპალიტეტებში საშიში პროცესები ვითარდება:

”თუ მარტვილში ეს ყველაფერი ვიზუალურად ჩანს, - ფანჯრებიდან სკამების გადმოყრა, შუშების ჩამსხვრევა, შევარდნები და ასე შემდეგ, - მსგავსი სიტუაცია და მსგავსი ზეწოლები არის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. ზოგი ახერხებს, რომ გაუმკლავდეს ამ სიტუაციას, ზოგი ამას, გარკვეულწილად, ვერ ახერხებს. ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, რაც არ ხდება. და უმეტეს შემთხვევაში, - მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის თეთრი წყარო, ეს არის წალკა, ეს არის მარტვილი, - სამართლდამცავი ორგანოები ამაზე ან არ რეაგირებენ, ან თუ მიდიან, მიდიან ძალიან გვიან”.
ეს პროცესი და ის, თუ ადამიანებს თავიანთი აზრის გამოხატვის სურვილი აქვთ, - რა თქმა უნდა, კანონიერ ფარგლებში და კანონის ჩარჩოში უნდა იყოს ეს ჩასმული, - ჩვენ ამას ხელს ვერ შევუშლით. და ეს არანაირად არ არის პროვოცირებული ”ქართული ოცნების” მიერ...
შოთა მურღულია


ეს განცხადება მამუკა აბულაძემ გააკეთა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე, რომლის მოწვევაც, გარკვეულწილად, სწორედ ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობებში შექმნილმა ვითარებამ დაჩქარა. ამ ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას იხსნის მმართველი პარტია. მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესები არ არის მართული ”ქართული ოცნების” მიერ. საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ყველა კონკრეტული შემთხვევა განხილული უნდა იქნეს, თუმცა არა პოლიტიკური მანიპულაციებისათვის. საქართველოს რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თვითმმართველობების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, მიმდინარე პროცესში კი მოსახლეობას ხელი არ შეეშლება საკუთარი აზრი კანონიერ ფარგლებში გამოხატოს.

”ის ბრალდებები, რომ თითქოს ახალი ხელისუფლება ზეწოლას ახდენს თვითმმართველობაზე, მე ცოტა ალოგიკურად მიმაჩნია, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ვხედავდით, რომ ერთი პარტიის მიერ იყო დაკომპლექტებული მთლიანად თვითმმართველობები. შესაბამისად, ეს პროცესი და ის, თუ ადამიანებს თავიანთი აზრის გამოხატვის სურვილი აქვთ, - რა თქმა უნდა, კანონიერ ფარგლებში და კანონის ჩარჩოში უნდა იყოს ეს ჩასმული, - ჩვენ ამას ხელს ვერ შევუშლით. და ეს არანაირად არ არის პროვოცირებული ”ქართული ოცნების” მიერ”, - ამბობს შოთა მურღულია.
ჩვენი საზოგადოების ლეგიტიმური საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ზეწოლის არც ერთ პრეცედენტს, მუქარის ფაქტს საგამოძიებო სამსახურში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური განცხადება


27 ნოემბერს კი დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ხოლო 28 ნოემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ საჯაროდ განაცხადეს, რომ თვითმმართველობებზე პირდაპირი ზეწოლის პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო უწყებები, კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ახვლედიანი, რომელიც, მათი თქმით, პირადად აშანტაჟებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა მათ თანამდებობები დატოვონ. ბრალდებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა:

”ჩვენი საზოგადოების ლეგიტიმური საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ზეწოლის არც ერთ პრეცედენტს, მუქარის ფაქტს საგამოძიებო სამსახურში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან საგამოძიებო სამსახურის ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობა და ჩვენი საქმიანობის პოლიტიზება”.
სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახერხებს, რომ აქტივისტები მიუსიოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას დაარქვას ხალხის აზრი და შემდეგ გამოყაროს საკრებულოდან მიზანმიმართულად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, - სადაც ეს სცენარი მოქმედებს, ეს სცენარია დაგეგმილი...
ირმა ნადირაშვილი


შინაგან საქმეთა სამინისტროში კი თვითმმართველობებზე ზეწოლის არც ერთ ფაქტზე საქმე არ აღძრულა, მათ შორის, არც მარტვილის ინციდენტზე. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი ირმა ნადირაშვილი შექმნილ ვითარებაში საქართველოს თვითმმართველობებში ახალი პოლიტიკური ბალანსის დამყარების ორ გავრცელებულ სცენარზე საუბრობს:

”სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახერხებს, რომ აქტივისტები მიუსიოს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამას დაარქვას ხალხის აზრი და შემდეგ გამოყაროს საკრებულოდან მიზანმიმართულად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, - სადაც ეს სცენარი მოქმედებს, ეს სცენარია დაგეგმილი; სადაც ეს სცენარი არ ჭრის, ამ შემთხვევაში უკვე საქმეში ერთვება გენერალური პროკურატურა, ძირითადად, ფინანსური პოლიცია, ისინი იბარებენ ადამიანებს და პირდაპირ ეუბნებიან, დაწერე განცხადება გადადგომაზე, თუ არადა, გიდგინდება დანაშაულიო”.

”ქართული ოცნება”, ირმა ნადირაშვილის თანახმად, ხელისუფლების უზურპაციას ამ ეტაპზე ამ მეთოდებით ცდილობს და „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში უცხოელი პარტნიორებიც ჩააყენოს.
ფილიპ დიმიტროვი
ფილიპ დიმიტროვი

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ კონგრესზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, თავის მხრივ, კოჰაბიტაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები საქართველოში 2014 წელს უნდა ჩატარდეს. 2010 წლის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს თითებზე ჩამოსათვლელი მანდატები ერგოთ, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ განვითარებული პროცესების ფონზე კი, „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობებშიც უმცირესობაში ექცევა.
XS
SM
MD
LG