Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰამასი" და ისრაელი ზავზე შეთანხმდნენ?


ღაზის სექტორი, 20 ნოემბერი: მეხანძრეები ცეცხლს აქრობენ ისლამურ ეროვნულ ბანკზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ
ღაზის სექტორი, 20 ნოემბერი: მეხანძრეები ცეცხლს აქრობენ ისლამურ ეროვნულ ბანკზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ
„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ გასამხედროებული ჯგუფის წევრებმა და ისრაელმა თანხმობა განაცხადეს ეგვიპტის შუამავლობით მომზადებულ ზავზე. ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია ისრაელს. „ჰამასის“ წარმომადგენლის, აიმან ტაჰას ინფორმაციით, ზავი ძალაში შედის ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე (თბილისის დროით ღამის 2 საათზე). "ჰამასის" ამ განცხადებამდე, ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ გამოთქვა რწმენა, რომ სამშაბათს გვიან საღამოს არის მოსალოდნელი ცეცხლის შეწყვეტაზე პალესტინელებისა და ისრაელის შეთანხმება.

ამდენად, როგორც ჩანს, წარმატებით მიმდინარეობს დაზავების მისაღწევად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევა. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი ეგვიპტეში ჩავიდა და იქ გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ღაზის სექტორში, სადაც მეშვიდე დღეა, გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაცია პალესტინელების გასამხედროებულ მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ. ამასობაში იზრდება მსხვერპლის რიცხვი.

გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ეგვიპტეში ჩავიდა, რათა ხელი შეუწყოს ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. შექმნილ ვითარებაში ეგვიპტე განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ღაზის სექტორის მოსაზღვრე არაბული ქვეყანა და შუამავალი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავის დასადებად. კაიროში ბან კი მუნმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ღაზის სექტორში ისრაელის შესაძლო სახმელეთო ოპერაცია კონფლიქტის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევდა.

„ოჯახები და ბავშვები იღუპებიან უაზრო ძალადობის შედეგად. პალესტინელებს და ისრაელელებს ისევ უწევთ ცხოვრება მორიგი საჰაერო დარტყმის შიშით. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ზომებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ესკალაცია, სახმელეთო ოპერაციის ჩათვლით, რომელსაც მარტო მორიგი ტრაგედია მოჰყვებოდა“, - განაცხადა ბან კი-მუნმა კაიროში, არაბთა ლიგის გენერალურ მდივანთან, ნაბილ ელარაბისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კაიროში ის ესაუბრა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ ჰიშამ კანდილსაც, ისრაელში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსთან შესახვედრად გამგზავრებამდე.

ისრაელში სამშაბათს შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემაც. „ისრაელს აქვს თავის დაცვის უფლება, უფლება დაიცვას თავისი მოქალაქეები. და "ჰამასს" ეკისრება პასუხისმგებლობა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმების შეწყვეტაზე“, განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იერუსალიმში, ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან საუბრის შემდეგ.

სწორედ იერუსალიმის წინააღმდეგ სამშაბათს ისევ განხორციელდა პალესტინელების სარაკეტო იერიში. ჭურვი ცარიელ მინდორში ჩავარდა და ზარალი არ გამოუწვევია, მაგრამ მანძილის გამო, რომელიც ღაზის სექტორსა და იერუსალიმს აშორებს (ეს მანძილი 80-მდე კილომეტრს შეადგენს), გამყარდა ეჭვი, რომ ღაზაში მყოფი ექსტრემისტები სულ უფრო აუმჯობესებენ თავიანთ სამხედრო არსენალს და შეუძლიათ, სულ უფრო მეტი მანძილით დაშორებულ ობიექტებს მიწვდნენ.

ვაშინგტონში გაკეთებული განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რეგიონში აგზავნის სახემლწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს. ის ახლო აღმოსავლეთში ჩადის კამბოჯიდან, სადაც პრეზიდენტ ობამას ახლდა აზიის სახელმწიფოების სამიტთან დაკავშირებით.

ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, ორშაბათს და სამშაბათს იერიშები მოეწყო ღაზის სექტორში 100-ზე მეტ ობიექტზე, მათ შორის იარაღის საცავებსა და სამხედრო შტაბებზე. ექსტრემისტებმა კი ღაზის სექტორიდან, სულ ცოტა, 20 სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ისრაელის წინააღმდეგ.

გასულ კვირაში, ოთხშაბათს, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში დაღუპულია 110-მდე ადამიანი, უმეტესწილად სამოქალაქო პირები, მათ შორის 27 ბავშვი. ისრაელში დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი. ისრაელის ოპერაცია მოჰყვა მის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმებს, რომლებსაც ღაზის სექტორიდან ახორციელებდნენ.
XS
SM
MD
LG