Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოტაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე: საქართველოს ხელისუფლების მოქმედება თუ უმოქმედობა?


აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ
აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ

1 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ აპროტესტებდნენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან მოტაცების ფაქტს. ისინი ხელისუფლებას, სულ ცოტა, უმოქმედობასა და ფაქტისადმი არაადეკვატურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ძალოვანი მინისტრების პარლამენტში დაბარებას ითხოვენ. შს სამინისტრო უარყოფს შემხებლობას აფგან მუხთარლის მოტაცების ფაქტთან და არასამთავრობო სექტორს გადაუმოწმებელი ვერსიების ტირაჟირებაში სდებს ბრალს. 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ილაპარაკა აზერბაიჯანის მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საზღვრის უკანონო გადალახვას ცდილობდა და უკანონოდ გადაჰქონდა უცხო ქვეყნის ვალუტა. ამასთან, მინისტრმა მღებრიშვილმა თავად გაახმაურა გადაუმოწმებელი ვერსია, რომ აფგან მუხთარლის სხვა დროსაც უცდია საზღვრის გადალახვა.

„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, გამშვები პუნქტების გარდა, ტერიტორიების - ე.წ. მწვანე ზოლის - სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს“, - აღნიშნა 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ასევე დააზუსტა, რომ მწვანე ზოლის გავლით საზღვრის უკანონო გადაკვეთის ალბათობა დაბალია, მაგრამ მაინც შესაძლებელია და რომ აზერბაიჯანელი სამართალდამცველების მტკიცებით, სწორედ მსგავსი რამ მოხდა აფგან მუხთარლის შემთხვევაშიც. შს მინისტრმა ხუთშაბათის ბრიფინგზე ძირითადად აზერბაიჯანის მხარესთან კომუნიკაციის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე ილაპარაკა. „ამ ეტაპისთვის ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, - განაცხადა მან და იქვე საჭიროდ ჩათვალა, ამავე კონტექსტში, გადაუმოწმებელი ინფორმაციაც გაეხმაურებინა:

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აფგან მუხთარლის ჰქონდა საზღვრის გვერდის ავლის წინასწარ შემუშავებული სქემა და რომ ეს არ იყო პირველი პრეცედენტი და ის რეგულარულად ახორციელებდა არადეკლარირებული უცხოური ვალუტის კონტრაბანდული გზით შეტანას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ჩვენ ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ ზემოთ ხსენებულ გარემოებებს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ამ ვერსიის უტყუარობა და ავთენტურობა, ასევე ის, ჰქონდა თუ არა რაიმე წინასწარი ინფორმაცია აზერბაიჯანულ მხარეს და აძლიერებდნენ თუ არა საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე კონტროლს“.

მიუხედავად იმისა, რომ თავადაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე აპელირებს, გიორგი მღებრიშვილი დაუდასტურებელი ვერსიის ტირაჟირებაში არასამთავრობო სექტორს სდებს ბრალს. კერძოდ, საუბარია, მოტაცებული ჟურნალისტის მონათხრობზე დაყრდნობით, მისი ადვოკატისა და მისი მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს ქართულად მოლაპარაკე პირებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ და, რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გამოცვლის შემდეგ, ის უკვე აზერბაიჯანულად მოლაპარაკე პირებს გადასცეს. ამ პროცესში მოხდა მისთვის 10 ათასი ევროს ჩადებაც. აფგან მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების დისკრედიტაციის მცდელობა და რომ საქართველო სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც იზიარებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს.

წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავშეკავებისკენ ყველა მხარეს მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ამასთან, მან 1 ივნისს, მთავრობის სხდომის ფორმატში გამოსვლისას, გამორიცხა სახელმწიფო სტრუქტურების რაიმე სახით მონაწილეობა აფგან მუხთარლის საქმეში. პრემიერი მოუწოდებს სამართალდამცველებს, უმოკლეს ვადებში გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი, რათა გაიფანტოს ეჭვები.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის მოტაცებულის ადვოკატისა და ოჯახის ვერსია უფრო დამაჯერებელია და, პირველ რიგში, იმის გამო, რომ აფგან მუხთარლი, რომელსაც პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული, აღმოჩნდა საქართველოს საზღვრის მიღმა და თანაც იმ ქვეყენაში, რომელიც მას უკვე დიდი ხანია დევნის.

1 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართული ხმაურიანი საპროტესტო აქციის მონაწილეები აფგან მუხთარლის მოტაცების ფაქტში საქართველოს სამართალდამცველი სტრუქტურების თანამონაწილეობის ნიშნებს ხედავენ, თუმცა ვითარებას, მათი აზრით, ვერც ის ვერსია ამსუბუქებს, თუკი საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა არაფერი იცოდნენ და მათ თვალსა და ხელს შუა მოსტაცეს საკუთარი ქვეყნის მიერ დევნილი ჟურნალისტი. როგორც eugeorgia.info-ს მთავარმა რედაქტორმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჟურნალისტის მოტაცების ფაქტი იწვევს ტოტალური დაუცველობის შეგრძნებას და საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება დასავლურ ღირებულებებს:

„ეს გზა ჩვენ არ მიგვიყვანს ევროპამდე. ეს არ არის ის გზა, რომელიც დაფუძნებულია დასავლურ ღირებულებებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, გამოხატვის თავისუფლების დაცვას... რა არის ეს ხელის გაშვერა და აუგად მოხსენიება ჩვენი მესამე სექტორის?! ჩვენ დღე და ღამე ვშრომობთ ამ ქვეყნის სასიკეთოდ და ეს არ არის პათეტიკა და ეს არ არის ლიტონი სიტყვები... მართლა წარმოუდგენელია, რომ ადამიანი დღისით, მზისით ასე მოიტაცონ... მაშინ რატომ ვეტრფით ჩვენ ევროკავშირს?!“

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი არასაკმარისად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ისინი მოითხოვენ, რომ პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიბაროს ძალოვან სტრუქტურათა პირველი პირები და დაიწყოს საქმის დეტალების განხილვა. როგორც 1 ივნისის აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ, უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფალთა განმარტებები არაადეკვატურია, ხოლო მომხდარი იმდენად საკვანძო მნიშვნელობისაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რომ პასუხი სწრაფად უნდა გაეცეს ამ ეტაპისთვის არსებულ უპასუხო შეკითხვებსა და ეჭვებს:

თუ ეს ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცული არავინ არის და მსგავსი ფაქტი, შესაძლოა, კვლავ განმეორდეს... და თუკი ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გარკვეული ორგანოების ინფორმირებით ან მათი თანხმობით, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია...
უჩა ნანუაშვილი

„ეს ეჭვები რომ გაიფანტოს ან დადასტურდეს, ამისათვის საჭიროა საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და ეს უნდა გააკეთოს საქართველოს პარლამენტმა. პირადად მე მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ძალიან ავტორიტეტული კომისია უნდა შეიქმნას და შეიძლება ჩვენი სახელმწიფო, გარკვეულწილად, დაისაჯოს, მიიღოს შენიშვნები იმის გამო, რაც მოხდა; მაგრამ ჯობს, რომ ჩვენ სილა გაგვაწნან, ვიდრე ჩვენ გადავყლაპოთ ის, რაც ახლა მოხდა საქართველოში და ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება ადამიანის უფლებები ასე ხელაღებით გაქელოს საქართველოს მთავრობამ - გინდა თავისი მონაწილეობითა და მოქმედებით, გინდა უმოქმედობით“.

მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. უჩა ნანუაშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არაადეკვატურად აღიქვამენ, თუ რამდენად მძიმე დანაშაულია, როცა შენს ქვეყანაში თავშეფარებულ უცხოელ ჟურნალისტს ქალაქის ცენტრიდან იტაცებენ.

„თუ ეს ხდება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ინფორმირებულობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა - ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაცული არავინ არის და მსგავსი ფაქტი, შესაძლოა, კვლავ განმეორდეს... და თუკი ეს ყველაფერი არის ხელისუფლების გარკვეული ორგანოების ინფორმირებით ან მათი თანხმობით, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, რომლის აზრითაც, ძალოვანმა სტრუქტურებმა საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

აფგან მუხთარლის მოტაცების ფაქტს გამოეხმაურნენ ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის ვხვდებით „ამნესტი ინტერნეშნლსა“ და „ჰიუმან რაიტს უოჩს“. ისინი საქართველოს ხელისუფლებას ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკავებულის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG