Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვას მთავრობის წევრები დაესწრნენ


ბორჯომში დაჭრილი პოლიციელის დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაესწრნენ. გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ თითოეული პოლიციელის სიცოცხლე მათთვის ძვირფასია.

გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად გაიღო. კანონის შესაბამისად, გარდაცვლილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის ოჯახი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს, მისი ოჯახის წევრებზე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო იზრუნებს. პოლიციელთა უსაფრთხოებასა და სიმშვიდეზე აქცენტი საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა ძალოვანებს მადლობა გადაუხადა.

გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. იგი 6 თებერვალს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა. მდგომარეობის სიმძიმის გამო საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა. ყოფილი ძალოვანის მეგობრები და ნათესავები ირწმუნებიან, რომ გიორგი ბერუაშვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.

გიორგი ბერუაშვილი 2014 წლის 10 თებერვალს საპატიო ყარაულით დაკრძალეს. ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად.

XS
SM
MD
LG