Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამშვები პუნქტი“ ეთნიკური ნიშნით


ზარდიანთკარი
ზარდიანთკარი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა ოკუპირებულ ხელჩუასა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარს შორის ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის ამოქმედების შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციაში, რომელიც ოსური მედიით გავრცელდა, უშიშროების კომიტეტი აკონკრეტებს, რომ გამშვები პუნქტით მხოლოდ ოსი ეროვნების მოქალაქეები ისარგებლებენ, რომლებსაც სამხრეთოსური პასპორტები აქვთ.

დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება პუნქტის ამოქმედების თაობაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო. მაშინდელ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ ინიციატივა ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ეკუთვნის და წმინდად ადამიანური მიზნებით არის ნაკარნახევი: გაადვილდეს ნათესავებს შორის მიმოსვლა სოფელ ხელჩუასა და სოფელ ზარდიაანთკარს შორის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავები ზარდიაანთკარში მცხოვრებ ქართველებსაც ჰყავთ, ამიტომ დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობას ისინი სიხარულით შეხვდნენ.

განსხვავებულად მიიღეს ეს ცნობა ცხინვალში. საზოგადოების ნაწილმა დე ფაქტო ხელისუფლებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან, მათი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკაში შეიძლებოდა კონტრაბანდის შეტანის საფრთხე შექმნილიყო, ნაწილი კი, პირიქით, ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ ცხინვალის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაიაფდებოდა და ქართველ და ოს ნათესავებს ერთმანეთის მონახულების საშუალება მიეცემოდათ. სოციალური ქსელებით ოსურ ფორუმებზე დისკუსია გაჩაღდა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა ცხინვალის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ახალი გამშვები პუნქტის გახსნას დადებითად შეხვდა.

ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსს ალან პლიევს კი განმარტებების გაკეთება მოუხდა: „ეხო კავკაზასთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ გამშვები პუნქტით მხოლოდ სამხრეთ ოსეთის რამდენიმე მოქალაქე ისარგებლებს, რომლებიც საზღვრის გავლების შემდეგ ზარდიაანთკარის ტერიტორიაზე დარჩნენ.

ზარდიაანთკარში გამგებლის წარმომადგენელი შამილ თუხარელი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ოსები, რომლებსაც, ერთდროულად, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ისედაც სარგებლობდნენ ამ გასასვლელით - მავთულხლართებთან არის პატარა კარი, საიდანაც ისინი სოფელ ხელჩუაში გადადიოდნენ, ახლა კი დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ კარს ლეგალური სახე მისცა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად სამი გამშვები პუნქტი მოქმედებს. ახალგორთან და საჩხერის რაიონში მოსახლეობა ეგრეთ წოდებული საშვებით სარგებლობს, საშვების შემოღებას ზარდიაანთკარის გამშვებ პუნქტზეც აპირებენ, თუმცა ამ გასასვლელით ქართველები ვერ ისარგებლებენ და მათ ისევ არ ექნებათ ნათესავების მონახულების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG