გალში გამართულ “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” დღევანდელ შეხვედრაზე მთავარ საკითხად კვლავ 2016 წელს ზუგდიდის სოფელ ხურჩაში დაღუპული გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემა იყო დაყენებული. სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის, თქმით, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საუბარი წარიმართა ცხინვალში დაღუპული ახალგაზრდების, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის, საქმეების ჭრილში.
„მაშინ როდესაც ოთხოზორიას მკვლელი არის დაუსჯელი და საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, აუცილებელია ამ ადამიანის დაკავება და საქმის კვლავ ლოგიკურ კალაპოტში დაბრუნება, იმისათვის რომ არ მივიღოთ დაახლოებით ის სცენარი, რაც უკვე მივიღეთ ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მთლიანად ცენტრალური მთავრობის ძალიან პრინციპული მოთხოვნა და ეს მკაფიოდ იქნა დაფიქსირებული შეხვედრის მონაწილეებთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ენგურის ხიდთან კახაბერ ქემოკლიძემ.
მისი ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა იყო ასევე ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა და ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მგზავრთა დაკავების შემთხვევები. საუბარი იყო კონკრეტულ მაგალითზე, 22 თებერვალს ენგურის ხიდზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქე მალხაზ წურწუმიაზე, რომელიც, სუსის ინფორმაციით, დაკავებისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ეს მაშინ როცა, ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ციფრი შეადგენდა 3000-ს. ეს, ჩვენი აზრით, ძალიან შემაშფოთებელი ციფრებია. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ხდება ადამიანების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა...კახაბერ ქემოკლიძე
„ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ უფრო ჰუმანიტარულ ჭრილში იქნეს განხილული მისი დაკავების ფაქტი და მოხდეს მისი მყისიერი გათავისუფლება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს ადამიანი უახლოეს პერიოდში დატოვებს გალის იზოლატორს“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
დღესვე თბილისის დელეგაციამ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს წარუდგინა მათ ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემები ადამიანთა დაკავების შესახებ.
კახაბერ ქემოკლიძის სიტყვებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2017 წელს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე 1000 ადამიანი დააკავეს ამ ბრალდებით. საუბარია როგორც აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში, ასევე, პირიქით, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით მოძრავ მგზავრებზე.
„ეს მაშინ როცა, ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ციფრი შეადგენდა 3000-ს. ეს, ჩვენი აზრით, ძალიან შემაშფოთებელი ციფრებია. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ხდება ადამიანების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და, დროის გარემოების გათვალისწინებით, როგორ იკლებს ადამიანების გადაადგილების მცდელობები, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე, რაც, ცხადია, გამოწვეულია იმ უკანონო გადაწყვეტილებებით, რაც მიღებულ იქნა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ე.წ. გადასასვლელების დახურვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაა, რომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას აქვს საზღვარი საქართველოსთან და რომ ეს არის ინციდენტების პრევენცია. სუსის შეფასებით კი, პირიქით, ეს არის ინციდენტების წახალისება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის კლასიკური მაგალითი.