Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გალელი ახალგაზრდების შეზღუდული უფლებები მიგრაციის მთავარი მიზეზია


გალი
გალი

გალელები რეგიონიდან ახალგაზრდების მიგრაციაზე ჩივიან. მათი ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი უფროსი თაობაა, ახალგაზრდები კი თანდათანობით ტოვებენ რაიონს. მიგრაციის მთავარ მიზეზად უმუშევრობა, ქართულ ენაზე განათლების მიღებისა და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა სახელდება.

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები ნანა კვარაცხელია ამბობს, რომ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც ახალგაზრდები რაიონში აწყდებიან. ნანა კვარაცხელიას უფროსი ქალიშვილი რამდენიმე წელია შვეიცარიაში იმყოფება და არც იცის, როდის მოახერხებს დაბრუნებას:

„რვა წელი სწავლობდა, სამსახური ვერ იშოვა. აქ ყველაფერს ფული უნდა, კაცი უნდა. ამიტომაც წავიდა. ვისაც შეუძლია, მიდის ყველა“, - განმარტავს ის.

გალის რაიონის სოფელ ბარღებში მცხოვრები ვალიკო არონია ამბობს, რომ ახალგაზრდებს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის გადაადგილების შეზღუდვა, რადგან მათ დიდ ნაწილს აფხაზური და რუსული პასპორტები არ გააჩნია:

„როცა პასპორტებს არიგებდნენ, ზოგიერთებს, რად გვინდაო, და არ აუღია. ახალგაზრდებს კი არა, სხვებსაც არ აუღიათ, ვითომ სხვანაირად მოვახერხებთო. ვინც აიღო, იმას ახლაც აქვს და დადის. ვისაც არ აქვს, ვერ დადის. ზოგიერთი მიდი-მოდის უსაბუთოდ და ზოგიერთს იჭერენ, ახდევინებენ ფულს და ასე...“

გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რაიონში ახალგაზრდების მთავარ პრობლემას წარმოადგენს ხარისხიანი განათლების მიღება, რაც დაკავშირებულია სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასთან. რესურცენტრის უფროსმა ნონა შონიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მოსწავლეებისთვის უცხო ენაა რუსული და ვერ იღებენ საფუძვლიან განათლებას. ამასთან, გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აბიტურიენტებს აქვთ ძალიან დიდი სურვილი კარგი განათლების მიღების, რისთვისაც დანარჩენ საქართველოში გადმოდიან, წარმატებით აბარებენ უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებს. მისივე ინფორმაციით, კარგი განათლება ხშირად არ არის კარგად დასაქმების გარანტია:

„როდესაც ქართული განათლების მქონე ახალგაზრდის დიპლომს არ ცნობენ, როდესაც ქართველ ახალგაზრდას დაბრუნების შემთხვევაში ეშინია არ გამოაჩინოს ამა თუ იმ უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, იმ მიზეზით, რომ მას არ მიიღებენ ან ბრალს დასდებენ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში თუ აფხაზეთისადმი გამოჩენილ ღალატში, ბუნებრივია, შეუძლებელია ის დასაქმდეს ამა თუ იმ სამსახურში და გააგრძელოს ცხოვრება“.

ნონა შონიას თქმით, ჩამოთვლილი პრობლემები აისახება გალის რაიონის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე და, დღეის მონაცემებით, გალში მცხოვრებთა დიდი ნაწილი უფროსი თაობის წარმომადგენელია. მიუხედავად ამისა, გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს:

„იმედი გვაქვს, რომ ეს ახალგაზრდები ხარისხიანი განათლების მიღების შემდეგ დაბრუნდებიან და აფხაზეთში გააგრძელებენ საქმიანობას, შეინარჩუნებენ ქართველობას და აღადგენენ მშობლიური ქართული ენის შელახულ უფლებებს“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, გალის რაიონში 31 სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 4 428 მოსწავლე სწავლობს, 918 მასწავლებელი და ტექნიკური პერსონალი მუშაობს.

XS
SM
MD
LG