Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს!“


ფრედი მერკური, 1984 წელი
ფრედი მერკური, 1984 წელი
გვარ-სახელი: ფაროჰ ბულსარა; მეტსახელი: პლუტო; დაბადების ადგილი და თარიღი: ზანზიბარი, 1946 წლის 5 სექტემბერი; სიმაღლე: 176 სანტიმეტრი; სპეციალობა: დიზაინერი; საყვარელი სასმელი: ცივი შამპანური და არაყი; საყვარელი მსახიობები: ტიმოტი დალტონი, მერლინ მონრო და ლაიზა მინელი; საყვარელი კინოფილმი: „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“; საყვარელი მუსიკოსები: ჯონ ლენონი, ჯიმი ჰენდრიქსი და რობერტ პლანტი; საყვარელი ჯგუფი: „ბიტლზი“... ამგვარად იწყებოდა ერთი ვიდეოფილმი, ფრედი მერკურისა და ჯგუფ „ქუინის“ შესახებ, წლების წინ რომ გადაიღეს. როცა პირველად ვნახე, 12 წლის თუ ვიქნებოდი. თუმცა გუშინდელივით მახსოვს „პლუტოსთან“ შეხვედრა, რომელიც „მკვლელი დედოფლის“ წყალობით შედგა და, საბოლოო ჯამში, ახლო მეგობრობაში გადაიზარდა... მას მერე ორი ათწლეული გავიდა და, რაღა დავმალო, ბრიტანელების მუსიკა წლებია აღარ ჩამირთავს... ჯგუფის სიმღერები ჩემს მუსიკალურ ბაზაში თუ კიდევ არსებობდა, ამაშიც არ გახლდით დარწმუნებული. აღმოჩნდა, რომ წაშლას, გამორჩეული სიყვარულის გამო, რამდენიმე მათგანი გადარჩენოდა. ჰოდა, ვარჩიე, რომ მერკურის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სიუჟეტი კარგად მივიწყებული ამ რამდენიმე სიმღერის შექმნის ისტორიისთვის დამეთმო.

მოგეხსენებათ, აბაზანაში ღიღინს არაფერი სჯობს. განცხრომას მიცემულ ფრედისაც სწორედ ამ სანუკვარ ადგილას „შემოეღიღინა“ ერთი მუსიკალური მოტივი, რომელიც ნოტებად 10 წუთში აქცია და მეორე დღეს მეგობრებს გაუზიარა. იმხანად „ქუინები“ მიუნხენის ერთ-ერთ სტუდიაში ახალ ალბომზე მუშაობდნენ, ფრედის იდეა უმალვე აიტაცეს და სულ რაღაც ნახევარ საათში ჩაწერეს. სიმღერა პატარა და შეშლილ რამე-რუმეზე, ანუ სიყვარულზე, პირველად ბრიტანელებმა დააგემოვნეს. სხვათა შორის, 1979 წლის იმ ტურნესაც შეშლილი ეთქმოდა. მერკურიმ ტრადიცია დაარღვია და მიკროფონის დამჭერის, ე.წ. “ჟურავლიკის” ნაცვლად, აკუსტიკური გიტარით წარდგა მსმენელის წინაშე. მსგავსი საქციელი ბევრს გაუკვირდა, თვლიდნენ, რომ ვოკალისტმა ინსტრუმენტზე დაკვრა საერთოდ არ იცოდა. ამ სიმღერის შესრულების წინ თავადაც ხუმრობდა ხოლმე, უხეირო გიტარისტი ვარ, მხოლოდ სამი აკორდის დაკვრა შემიძლიაო. ასეა თუ ისე, Crazy Little Thing Called Love ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იქცა და თითქმის ყველა კონცერტზე სრულდებოდა. სინგლის სახით 1980 წელს გამოვიდა, ბრიტანეთში მეორე, ამერიკულ ჩარტში კი პირველი ადგილი დაიკავა.



აი, მეორე სიმღერის შემთხვევაში კი ლეგენდას უნდა დავესესხოთ. ამისათვის „ქუინის“ დრამერის ოჯახში, ტეილორებში უნდა ამოვყოთ თავი, სადაც როჯერის ვაჟი გვეგულება. პატარა ტეილორს ენა რომ ამოუდგამს, ჯერ „მომმი“ უთქვამს, შემდეგ „დედდი“, ბოლოს კი მეტად უცნაური ფრაზა დასჩემებია: „რადიო კაკა“. ბავშვთა საერთაშორისო ენაზე „კაკა“ რასაც ნიშნავს, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ჰოდა, დრამერმაც, მამა გენაცვალოსო და, გადაწყვიტა შეექმნა სიმღერა იმ უმსგავსო რადიოსადგურებზე, რომლებიც იაფფასიანი და დღენაკლული „კაკა“ ხარისხის მუსიკით წამლავდნენ მსმენელს. ტეილორი იმხანად ლოს-ანჯელესში სოლო ალბომზე მუშაობდა და სიმღერა „ქუინისთვის“ არ ემეტებოდა, მაგრამ ფრედიმ ივარგა და გადააფიქრებინა - ჯგუფის შესრულებით ჰიტად იქცევაო. ისე აგიხდათ ყველაფერი: სინგლად 1984 წელს გამოვიდა, ბრიტანულ ჩარტში მეორე, ხოლო მსოფლიოს 19 ქვეყანაში პირველი ადგილი მოიპოვა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებით: სიტყვა „კაკა“ „გაგამ“ ჩაანაცვლა - ისევ ფრედის მოთხოვნით, რომლის აზრითაც, „გაგა“ გაცილებით მარტივი გამოსათქმელი და ყურისთვის მეტად საამო სასმენი გახლდათ.



„ქუინის“ შიდა სამზარეულოს ერთი დაუწერელი წესი ჰქონდა: თუ რომელიმე მათგანი სიმღერას დაწერდა, დანარჩენები არასოდეს უკირკიტებდნენ და არ ცდილობდნენ გაერკვიათ, რა დატვირთვას ატარებდა ტექსტი. თვლიდნენ, რომ ლირიკა ავტორის პირადი განცდებისა თუ ემოციების არტიკულირებაა, სადაც ხელის ფათური უპატივცემულობა და ელემენტარული უკულტურობა იქნებოდა. The Show Must Go On ბრაიან მეის ერთადერთი სიმღერა იყო, რომელიც მიღებული წესის დარღვევით შეიქმნა. „წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს“ ავტორმა ფრედის მიუძღვნა, გვერდით მოისვა და ტექსტის თოთოეული სიტყვა ერთად აწონ-დაწონეს. მუშაობის პროცესი საინტერესო და, ამავე დროს, უზომოდ სევდიანი გახლდათ. ვოკალისტი უკურნებელი სენისგან გვარიანად დაძაბუნებულიყო, ამქვეყნად ბოლო დღეებს ითვლიდა და ზოგჯერ გადაადგილებაც კი უჭირდა. ვინაიდან ვოკალის პარტია მაღალ ტონალობაში უნდა შესრულებულიყო, ბრაიანმა მეგობარს ეჭვი შეჰბედა, არ ვიცი, რამდენად მოახერხებო. ფრედის გაეღიმა, როგორც სჩვეოდა ხოლმე, თვალი ჩაუკრა, არაყი გადაკრა და პირველივე ჯერზე შეასრულა. ასე შეიქმნა სიმღერა, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ზუსტად გადმოსცემს მერკურის მებრძოლ შინაგან სამყაროსა თუ სათქმელს, მიჩქმალული ნაღველი სააშკარაოზე გამოაქვს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმად და აღვირახსნილ მხიარულებად აქცევს. სიცოცხლის ბოლო დღეებში მეგობრებსაც იმასვე ეუბნებოდა, ბევრი სიმღერის დასრულება ვერ მოვასწარი, რაც გინდათ, ის მოუხერხეთ, ოღონდ მოსაწყენად ნუ მაქცევთო.

XS
SM
MD
LG