გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში გაიხსნა წიგნის 67-ე საერთაშორისო ბაზრობა, რომელშიც, ტრადიციულად, საქართველოც მონაწილეობს. წელს საქართველო წიგნის ბაზრობაზე განახლებული ეროვნული სტენდით წარდგა, რომლის კონცეფციაზეც ქართველმა გამომცემლებმა და წიგნის ეროვნულმა ცენტრმა იმუშავეს. 14-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით წიგნის ბაზრობაზე ქართველი ავტორები წაიკითხავენ საკუთარ ნაწარმოებებს, გაიმართება დისკუსია, მოეწყობა უცხო ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების წიგნებისა და სპეციალურად წიგნის ბაზრობისათვის მომზადებული კატალოგების პრეზენტაციაც.
2015 წლის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარია ქვეყანა ინდონეზია, საქართველო კი ამ სტატუსით ფრანკფურტში 2018 წელს წარდგება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იმყოფება წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა და წიგნის ბაზრობის ამბები გამოჰკითხა - ის მოგითხრობთ ნობელის პრემიის წლევანდელ ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩთან შეხვედრის, ასევე სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობისა და ახალი წიგნების თარგმნის ამბებს და რამდენიმე წუთით შეგახედებთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პავილიონში.