Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ფოლკნერის „დროშები მტვერში“


გამომცემლობა „დიოგენემ“ ადრეული ფოლკნერის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი, „დროშები მტვერში“ გამოსცა, ზაზა ჭილაძის მიერ თარგმნილი. ესაა წიგნი, რომლის შემოკლებულ, საგამომცემლო ვერსიას „სარტორისის“ სახელით იცნობდა მკითხველი. ასე იყო მანამ, სანამ 1973 წელს თავად ავტორისეული ვერსია არ გამოვიდა და მთლიანად არ ჩაანაცვლა ის ძველი გამოცემა.

ქართველმა გამომცემელმა თამარ ლებანიძემ და მთარგმნელმა ზაზა ჭილაძემ, რა თქმა უნდა, სრული ავტორისეული ვერსიის გამოცემა ამჯობინეს, სადაც უფრო მეტად ჩანს ამ პერიოდის ფოლკნერის წერის განსაკუთრებული მანერა. თხრობა აქაც მდორეა, მაგრამ, გვიანდელ - მაგალითად, 40–50–იან წლებში დაწერილ - რომანებთან შედარებით, აქ მეტია ხატოვანება, მწერლური ეფექტები, მოულოდნელი შედარებები. ამ თემას კიდევ შევეხები. მანამდე კი,
ყველაფერი არის ნაწინასწარმეტყველები, ეს მუდმივი განწირულება, მაგრამ ეს გმირები მაინც იბრძვიან, მაინც გაუტეხელები არიან და მაინც ცდილობენ, რომ შეცვალონ, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, აქ არაფერი შეიცვლება...
ვახუშტი მენაბდე
მოდით, იურისტ ვახუშტი მენაბდეს მოვუსმინოთ - იგი ერთ-ერთია, ვინც ეს ახალი გამოცემა წაიკითხა და ვისაც, ვფიქრობ, საინტერესო სათქმელი დაუგროვდა მის შესახებ. მანაც საუბარი სიმდოვრეზე დაიწყო:

„პრინციპში, ეს ხომ ცნობილი ამბავია, რომ ეს არის გაწელილი, მდორე, ჩახლართული... აქაა ამბიდან ამბავში გადასვლა. და ეს მოყირჭება, რაღაცნაირი, რომელიც, ერთი მხრივ, მკითხველს გათქმევინებს, ნეტა როდის გავალ ფონს, მაგრამ, მეორე მხრივ, გრთავს ამ ამბავში და თანამონაწილედ გაქცევს. და ფოლკნერის იდეაც ეს იყო და ძალიან ბევრჯერ უთქვამს თავის ინტერვიუებში ამ განწირულების შესახებ, ადამიანის ბედის შესახებ, რომელიც იმთავითვე არ არის თავად ადამიანზე დამოკიდებული“.

მართალია, ფოლკნერს გაბმით უყვარს თხრობა, იგი გრძლად ჰყვება ამბავს, მაგრამ შუალედებში ხშირად ისვენებს რაღაცა სხვა ამბების ჩართვით. დასვენება პირობითადაა ნათქვამი, ის ჩანართები კიდევ უფრო აფართოებენ ამ სიმდოვრის გაგებას. ბევრი მისი გმირიც ასე ზანტად ცხოვრობს, ახალგაზრდა ბაიარდზე ამას ნამდვილად ვერ იტყვი. სამაგიეროდ, ფოლკნერის მოხუცი გმირები ყოველთვის ასე არიან. მაგალითად, გადაფურცლეთ წიგნის 313-ე გვერდი და დააკვირდით რამდენ ხანს ხსნის თავის ფუთას მოხუცი ფილზი - იგი იმდენად მოთმინებით ხსნის ფუთას, რომ ვინმე ახალგაზრდა კაცი, ალბათ, მოუთმენლობისგან აყვირდებოდა. დიახ, ეს სიზანტე, გნებავთ, აუჩქარებლობა, მოქმედებების ნელი მდინარება ამ რომანში მთავარი რამეა. ამ აუჩქარებლობას ახალგაზრდა ბაიარდი უპირისპირდება თავისი სიცხარით და სიჩქარით. მისი ავტომობილი ამის მთავარი იარაღია, რომელიც, თავის მხრივ, ეტლებს უპირისპირდება, ამ რომანში გაბნეულ ეტლებს.

ვახუშტი მენაბდე კვლავ განწირულებაზე საუბარს განაგრძობს:

„ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელიც ჩართულია ამ ბედისწერის ჩარხში, რომლის შეცვლაც არის შეუძლებელი და პირველ თავს როდესაც წაიკითხავ, უკვე დაახლოებით ხვდები, როგორ დასრულდება. ყველაფერი არის ნაწინასწარმეტყველები, ეს მუდმივი განწირულება, მაგრამ ეს გმირები მაინც იბრძვიან, მაინც გაუტეხელები არიან და მაინც ცდილობენ, რომ შეცვალონ, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, აქ არაფერი შეიცვლება. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სტილი, საბოლოო ჯამში, ძალიან ებმის შინაარსს“.
საცოდავი, – ჩაილაპარაკა ჩუმად. მერე უფრო მშვიდად დაამატა: – 58 წელს ბალტიმორში ვალსი ვიცეკვე, – და მისი ხმა ისეთი ამაყი და მშვიდი იყო, როგორც დროშები მტვერში...
"დროშები მტვერში“

ამ რომანის, ისევე როგორც, ზოგადად, ფოლკნერის რომანების კითხვისას ძალიან მნიშვნელოვანია ამბავში გარკვევაც, თხრობის თანმიმდევრობაში და დროსა თუ პერსონაჟებთან თამაშიც გასათვალისწინებელია. როგორც ყოველთვის, ფოლკნერთან ყურადღებით უნდა იყო, რომ არ აიბნე ბაიარდების და ჯონების ქაოსში, უნდა თვალი ადევნო, სად ეტლი გაივლის და სად მანქანა... ვისაც გინდათ იცხოვროთ ფოლკნერის რომანებში, ნელა უნდა იკითხოთ და დაკვირვებით, ასეთ შემთხვევაში მართლა შეიძლება დასახლდეთ ამ სამყაროში, გაშინაურდეთ.

როგორც ზემოთაც ვთქვი, ალბათ, ამ რომანის მთავარი ღირსება ისაა, რომ აქ საუკეთესოდ ჩანს ადრეული ფოლკნერის ხატოვანება, სირთულე და, როგორც ერთი ჭკვიანი ლიტერატურათმცოდნე იტყოდა, ერთგვარი კიბორჩხალის სვლასთან მიმსგავსებული სტილი თხრობისა. ეს სტილი ზაზა ჭილაძის შესანიშნავ თარგმანში საკმაოდ ზუსტად ჩანს:

„ბებერმა ფილზმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თან მოიყოლა ჯონ სარტორისი. თუმცა მისი - უკვე დროისგან გათავისუფლებული - აჩრდილის ყოფნა ოთახში მაინც გაცილებით მძაფრად შეიგრძნობოდა, ვიდრე დიდი ხნის წინათ, გარდასულ ხანაში საერთო სიყრუით ჩაკირული, დარჩენილი დღეების მდორე კვდომით გაცვეთილი და გამოფიტული ამ ორი ბერიკაცისა. თითქოს ზემოდან დასცქეროდა ორივეს, თავს დასტრიალებდა, წვეროსანი, ქორისპროფილიანი, საკუთარი ოცნების გამონაშუქში გახვეული...“ ან ეს შედარება ნახეთ: „მისი შიშველი ტერფები თითქოს რძიანი ყავის შხეფებად იღვრებოდნენ მუქ, გაპრიალებულ იატაკზე“, კიდევ ერთი – „დამბაჩების ზანტი ყეფა...“ და მრავალი სხვა. კიდევ არაერთი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი შედარებიდან მოდის წიგნის სათაურიც. მამიდა ჯენი ამბობს: „საცოდავი, – ჩაილაპარაკა ჩუმად. მერე უფრო მშვიდად დაამატა: – 58 წელს ბალტიმორში ვალსი ვიცეკვე, – და მისი ხმა ისეთი ამაყი და მშვიდი იყო, როგორც დროშები მტვერში“.

ზემოთ სიზანტე და აუჩქარებლობა ვახსენეთ მეც და ჩემმა სტუმარმაც და არ შეიძლება ბლუზზეც არ ვთქვათ ორი სიტყვა, მით უმეტეს, როცა სამხრეთელ ფოლკნერზე ვლაპარაკობთ:
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„ბლუზი და ფოლკნერი რაღაც ძალიან ორგანულია. ჩემთვის ძალიან ახლოს დგას ეს ორი რამ. მაგრამ პირდაპირ, მე რაც წამიკითხავს ფოლკნერის აუარება რომანების ნაწილი, იქ ასე პირდაპირ მუსიკაზე არაა ლაპარაკი, მაგრამ ამ ტექსტში პირდაპირ შემოდის რიტმულობა, ამბებია სიმღერაზე, ამბებია ბლუზზე და სიმღერაც აღქმულია, როგორც მუდმივი სევდა, სტატიკური სევდა, რომელიც თითქოს არასდროს არ სრულდება“.

ეს დაუსრულებლობა, როგორც ვთქვით, თხრობაშიც კარგად ჩანს. ვახუშტი იხსენებს ერთ ეპიზოდს, როდესაც ახალგაზრდა ბაიარდი თავის ცხოვრებაზე ჩაფიქრდება:

„მისი ფიქრებით სრულდება ეს თავი, როდესაც ის უყურებს საკუთარ თავს, როგორც სხვა ბაიარდს, რომანის მთავარი გმირი, და ამბობს, რომ 70 წელია ჩვენი ცხოვრება, როგორც ბიბლიაში წერიაო. ჯერ მხოლოდ 26-ის ვარ და მესამედზე ოდნავ მეტი მაქვს გავლილიო. ანუ ეს მობეზრება ჩანს წიგნშიც, სიცოცხლის მობეზრება, რომელიც თხრობის მობეზრების ნაწილია“.

ასე რომ, ჩაუღრმავდით ყოფიერების ამ მონოტონურობას, უფრო ახლოს გაეცანით XX საუკუნის უდიდესი პროზაიკოსის, უილიამ ფოლკნერის თვალით დანახულ ამ ტრაგიკულ სამყაროს და აღმოაჩინეთ ის უმთავრესი, რასაც ფოლკნერი საკმაზივით ურევს ხოლმე თავის გრძელ-გრძელ თავებსა და აბზაცებში.
XS
SM
MD
LG