Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აფინანსებს ხელისუფლება ოპოზიციის რეკლამირებას?


პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი
27 იანვარს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” გაახმაურა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, 12 პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტი დამატებით 2 229 291 ლარს გამოუყოფს. თანხა განაწილდება არათანაბრად, წინასწარ განსაზღვრული ფორმულის მიხედვით, და გამიზნული იქნება მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. რამ განაპირობა მმართველი პარტიის ამგვარი ინიციატივა?

ახალი ინიციატივის მიხედვით, დამატებით თანხას მიიღებენ მხოლოდ კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები, ანუ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც, კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნით. როგორც 27 იანვარს უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა, თანხების ოდენობა, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით გამოითვლება:

”დაფინანსების ოდენობა ტოლია მათ მიერ მიღებული ხმების სამმაგი ოდენობის. ამასთან, თითო სუბიექტისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 ათას ლარს.”

ამავე ფორმულის მიხედვით, საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში, ”მიღებული ხმების სამმაგი ოდენობა” გაიყოფა ამ ბლოკში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. შესაბამისად, წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, მმართველი პარტია 600 ათას ლარს მიიღებს, 200-200 ათასი ლარი ერგება წინა არჩევნების დროს ერთ ბლოკში გაერთიანებულ სამ პოლიტიკურ ძალას: ”ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”, ”ქრისტიან-დემოკრატიულ სახალხო პარტიას” და ”ევროპელ დემოკრატებს”; 117 405 ათასი ლარი მოუწევს კიდევ ერთი ყოფილი საარჩევნო ბლოკის თითოეულ წარმომადგენელს: ”თავისუფალ დემოკრატებს”, ”ახალ მემარჯვენეებს”, ”რესპუბლიკურ პარტიასა” და „საქართველოს გზას”; ”კონსერვატიული პარტია”, ”ხალხის პარტია” და ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”, როგორც ასევე ყოფილი თანაბლოკელები, თითოეული 115 253 ლარს მიიღებს; ხოლო ”მრეწველებს” 213 912 ლარი გამოეყოფათ.

მმართველი პარტიის ახალი ინიციატივა ზუსტად განსაზღვრავს, თუ რას უნდა მოხმარდეს პოლიტიკური პარტიებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დამატებითი თანხები. პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ეს არის ”სატელევიზიო რეკლამის დაფინანსება, სატელევიზიო ხარჯების დაფარვა საარჩევნო კამპანიის დროს”.

სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინიციატივას დადებითად აღიქვამენ ”ახალი მემარჯვენეები”. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აღნიშნავს, დამატებითი თანხის მიღების შესაძლებლობა გარკვეულწილად აამაღლებს პოლიტიკური პარტიების კონკურენტუნარიანობას.

იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საბიუჯეტო თანხები მიიღონ და სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამა დაიფინანსონ, ჯერ ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს ორგანულ კანონში ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”. ეს სწორედ ის კანონია, რომელში შეტანილმა მთელმა რიგმა ცვლილებებმაც გასული წლის დეკემბრის ბოლოს დიდი ხმაური გამოიწვია. აშკარაა, რომ ჯერ ისევ არ დამცხრალა ოპოზიციისა და მე-3 სექტორის მწვავე უკმაყოფილება და სწორედ ამ პროცესს უკავშირებს ხელისუფლების ახალ ინიციატივას ”კონსერვატიული პარტიის” ლიდერი ზვიად ძიძიგური:

”იმდენად დრაკონულია ცვლილებები, რომლებიც ხელისუფლებამ პარტიების დაფინანსების კანონთან დაკავშირებით მიიღო, რომ ახლა თითქოს ამის კომპენსირებას ცდილობს ის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მაგრამ ეს არის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა, რადგანაც იმდენად საშინელი აკრძალვებია შესული პარტიათა დაფინანსების კანონში, რომ ეს ინიციატივა ნამდვილად არ გამოდგება საპირწონედ.”

ზვიად ძიძიგურისთვის ღიმილისმომგვრელია, რომ ხელისუფლება ახლა რეკლამირების თანხას აძლევს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მან ”დრაკონული კანონმდებლობის შექმნით” პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაიმეტა. თუმცა, ამ სურათის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის საქმიანობაში პიროვნულად ჩართულ ზვიად ძიძიგურს ეჭვი მაინც არ ეპარება, რომ ეს კოალიცია აუცილებლად დაამარცხებს მმართველ პარტიას მომავალ არჩევნებში.

რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ დამატებითი სარეკლამო თანხები გამოუყოს პოლიტიკურ პარტიებს?

როგორც 27 იანვარს განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, ”ეს დაეხმარება პარტიებს რეკლამაში, დაეხმარება კონკურენციაში და, საბოლოო ჯამში, დაგვეხმარება ყველას, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ დემოკრატიულად.”

მმართველი პარტიის ინიციატივა არ გამხდარა საჯარო განხილვის საგანი და მისი დეტალები მხოლოდ პოსტფაქტუმ შეიტყო მე-3 სექტორმაც. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ვარაუდობს, რომ ინიციატივა შესაძლოა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნას უკავშირდებოდეს:

”ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ასეთ პირობებში, როდესაც პარტიებს ეკრძალებათ შემოწირულობების მიღება იურიდიული პირებისგან, ეზღუდებათ სხვადასხვა სახის დაფინანსება და მკაცრდება მათი კონტროლის მექანიზმები, საჭირო იყო უფრო მეტი სახელმწიფო ფინანსების გადაცემა პარტიებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენეციის კომისიის აზრით, პოლიტიკურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებოდათ საჭირო ფინანსების მოძიება.”

თავისთავად ის ფაქტი, რომ პარტიებს დამატებითი თანხები გადაეცემათ, სავსებით მისაღებია ნინო ლომჯარიასთვის. თუმცა მისთვის ამ ეტაპზე მაინც გაუგებარია, რატომ გაიმიზნა თანხები მაინცდამაინც სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამისთვის და არა სხვა სახის საჭიროებისთვის. ამასთან, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დაწესდა თითოეული პარტიისთვის განკუთვნილი თანხის ზედა ზღვრად მაინცდამაინც 600 ათასი ლარი.

რაც შეეხება მმართველი პარტიის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებულ პროცედურას, პავლე კუბლაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება პროექტის სახით პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს გახსნის და კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ ინიცირებული ცვლილებაც სწორედ თებერვალში დამტკიცდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG