9 მაისს საქართველოში 72-ედ აღინიშნა ფაშიზმზე გამარჯვების დღე. ომის ვეტერანები ამჯერადაც გამარჯვების პარკში შეიკრიბნენ. მოგვიანებით ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, სადაც პანაშვიდი გადაიხადა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 952 ვეტერანი ცხოვრობს.
9 მაისს, როგორც ყოველთვის, ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები წელსაც ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, შეიკრიბნენ. ნიაზ ზაქარაძე, ინტერნაციონალური საზოგადოების თავმჯდომარე, სპეციალურად ამ დღისთვის ბათუმიდან ჩამოვიდა:
„ცოტა დასანანია, რომ დიდ იოსებ სტალინს სათანადოდ არ ახსენებენ. ძალიან გული მტკივა ამის გამო. ის ხომ გენერალისიმუსი იყო და მსოფლიომ აღიარა. მისი დიდება მსოფლიომ აღიარა“.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ვეტერანების დიდი უმრავლესობა სწორედ სტალინის სახელს უკავშირებს ფაშიზმზე გამარჯვებას, რასაც ევროპაში 8 მაისს აღნიშნავენ, რადგანაც ფაშისტური გერმანიის კაპიტულაცია 1945 წლის 8 მაისს, 23 საათსა და ერთ წუთზე, გამოცხადდა, თუმცა საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ და სამხედრო მოსამსახურეებმა ამის შესახებ სტალინის ცნობილი რადიომიმართვიდან 9 მაისს შეიტყო. მსმენელთა შორის იყო რიგითი შოთა სომხიშვილი, 93 წლის ვეტერანი, რომელიც ამჟამად თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს:
„როგორც კი დასრულდა ომი და გამოცხადდა გამარჯვების დღე, მაშინვე სალუტი მივეცით იარაღით. მზვერავები ვიყავით და გვქონდა ავტომატები, შაშხანები“.
შოთა სომხიშვილი ფრონტზე 1942 წელს გაიწვიეს, შინ კი 1947 წელს დაბრუნდა დემობილიზაციით. როგორც თვითონ ამბობს, ამ დროიდან მოყოლებული ყოველი წლის 9 მაისს ვაკის, ანუ გამარჯვების, პარკში ხვდებოდა, თუმცა ეს ტრადიცია წელს დაარღვია.
„დღესაც ვაპირებდი, მაგრამ ვერა ვარ კარგად. შვილიშვილს უნდა წავეყვანე, მაგრამ ვერ მოახერხა. რესტორანშიც ვიყავით დაპატიჟებული. ვერც იქ წავედით. ცუდად ვარ, ფეხზე დგომა მიჭირს, ძალიან გამიჭირდა, ძალიან“, უთხრა რადიო თავისუფლებას შოთა სომხიშვილმა, რომლის მსგავსად, სხვა ბევრ ვეტერანსაც გაუჭირდა ვაკის პარკში მისვლა. როგორც თენგიზ შუბლაძე, საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარე, ამბობს, უმძიმესია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე სოციალური პირობები:
„საუბარია ადამიანებზე, რომელთა ასაკი 93-95 წელია. აქვთ პენსია 180 ლარი, როგორც ყველა სხვას ასაკის პრემია. არადა, წარმოგიდგენიათ, ოთხი წელი იყო ფრონტზე, ომში. ეს არა მარტო მორალური და ფისქოლოგიური, არამედ ფიზიკური ტრავმაც არის. ეს ადამიანები უჩივიან უყურადღებობას, ითხოვენ ელემენტარული საკითხების მოგვარებას. ყველა მათგანი ქრონიკულად დაავადებულია. ამ დროს ყველაფერი ფასიანია, მათ შორის - ექიმის გამოძახება... ეს განსაკუთრებით პრობლემაა მწოლიარეებისთვის. სმენის პრობლემა აქვს ბევრ მათგანს, გადაადგილების პრობლემა და ა.შ. ანუ ძალიან მძიმე პირობებში არიან. ზოგიერთ მათგანს, დაახლოებით, 60-მდე ვეტერანს მომვლელი კი არა, კარის შემღებიც კი არ ჰყავს“.
სულ საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 952 ვეტერანი ცხოვრობს, მათ შორის 276 - თბილისში. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ყურადღებას და გულისხმიერებას ძირითადად წელიწადში ერთხელ, 9 მაისს, იჩენენ, როცა ვეტერანებს ფულად დახმარებას გადასცემენ, გვირგვინით შეამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ხაზს გაუსვამენ ვეტერანთა დამსახურებას.
„დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ მეორე მსოფლიო ომში. საერთაშორისო კოალიციასთან ერთად მოხერხდა ძალიან დიდი სიბოროტისა და საფრთხის დამარცხება ფაშიზმის სახით. მსოფლიო ზეიმობს ამ დღეს. მივულოცავ ვეტერანებს და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი იმ გმირების წინაშე, ვინც სამამულო ომის ფრონტზე დაეცა“, განაცხადა გია ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
9 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში არ მისულა ხატია ოძელაშვილი, ერთ-ერთი კერძო კომპანიის დამფუძნებელი, თუმცა ის ამაყობს იმ წვლილით, რომელიც საქართველომ ფაშიზმის დამარცხებაში შეიტანა:
„ყველა ოჯახს შეეხო. ზოგიერთი ოჯახიდან რამდენიმე ადამიანი იყო წასული ომში და პროცენტულად ძალიან დიდი ადამიანური რესურსი გავიღეთ. ჩემი ბაბუაც იყო ომში, ალბათ, თქვენიც... და ვულოცავ ქართველ ერს ამ დღეს და იმას, რომ ყოველთვის შეგვწევს ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მცირერიცხოვანი ერი ვართ, შეგვწევს ძალა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ცივილიზებული მსოფლიოს ისტორიაში“.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში, დაახლოებით, 700 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 200 ათასი კი დაიღუპა.