Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ურჩევს ახალ ანგარიშში ევროკავშირი საქართველოს?


შტეფან ფიულე საქართველოში ვიზიტის დროს, 2013 წლის 12 თებერვალი
შტეფან ფიულე საქართველოში ვიზიტის დროს, 2013 წლის 12 თებერვალი
20 მარტს, დღის მეორე ნახევარში, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში პროგრესის შესახებ ევროკავშირსა და მის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებს შორის. მათ შორის არის საქართველოც, რომლის მიერ 2012 წელს გადადგმული ნაბიჯებიც დიდწილად დადებითად არის შეფასებული. თუმცა იმისათვის, რომ ევროკავშირისკენ მიმავალმა ქვეყანამ მეტი სარგებელი მიიღოს, ევროკომისია მას არაერთ რეკომენდაციას აძლევს.

ახალი ანგარიში გვამცნობს, რომ 2012 წელს: საქართველომ ჩაატარა, ძირითადი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, განაგრძო ურთიერთობის მცდელობა თავის სეპარატისტულ რეგიონებთან, აქტიურად მონაწილეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და მიიღო ზომები დევნილთა საყოფაცხორებო პირობების გასაუმჯობესებლად. 2012 წელს მიღწეულ წარმატებებს შორის არის ასევე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაძლიერება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და სექტორული რეფორმების წინ წაწევა. თუკი მოკლედ ვიტყვით, ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველომ შეასრულა წინა ანგარიშში ასახული ძირითადი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი. თუმცა რჩება გამოწვევები და, ვიდრე უშუალოდ მათ აღმოსაფხვრელად შემოთავაზებულ რეკომენდაციებზე გადავიდოდეთ, ვთქვათ, რომ ქვეყნის წინსვლის პარალელურად, კოჰაბიტაციის პროცესში გამოვლენილ პრობლემებზე ილაპარაკა 20 მარტს ბრიუსელში ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ:

„რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მდგომარეობა ახლა უფრო კონსტრუქციული მიმართულებით ვითარდება. აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ეს კოჰაბიტაცია, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის სპეციფიკის გათვალისწინებით, უზარმაზარ სირთულეებს უკავშირდება. ასეთი კოჰაბიტაცია ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიასაც დიდ პრობლემებს გაუჩენდა და ეს პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულია გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის“.

შტეფან ფიულეს იმედი აქვს ”კონსტრუქციული დიალოგისა”, რომელიც მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ შედეგი გამოიღო მიღებულმა ზომებმა არჩევნების შემდეგ გამოვლენილი დაძაბულობის განსამუხტად, რაც სამართლებრივ სისტემას უკავშირდებოდა.

სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლოს აქცენტებს 20 მარტს ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებულ რეკომენდაციებშიც ვხვდებით. მაგალითად, ვკითხულობთ:

”რეფორმირებულ იქნეს სასამართლო სისტემა, რათა გარანტირებული იყოს სასამართლო ხელისუფლების სრული დამოუკიდებლობა, მოყვანილ იქნეს სისხლის სამართლის პოლიტიკა და პრაქტიკა ევროსაბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში; შეიცვალოს ადმინისტრაციული დაკავების წესები სამართლიანი სასამართლო პროცესის ნორმების შესაბამისად; გათვალისწინებულ იქნეს სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციები პოლიტიკის შემუშავების პროცესში”.
წარმოებულ იქნეს სრულყოფილი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სასჯელაღსრულების სისტემაში; გატარდეს სტრუქტურული რეფორმები სასტიკად მოპყრობის პრევენციის მიზნით; უზრუნველყოფილ იქნეს შიდა და გარე მონიტორინგი სასტიკი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და თავიდან აშორების მიზნით...
ევროკომისიის ანგარიში


ამავე ჭრილში ვხვდებით კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სადავო თემას უკავშირდება:

”გარანტირებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად, პოლიტიკური განზრახვების გარეშე, რათა თავიდან იქნეს აშორებული ყველანაირი აღქმა, რომ ეს შერჩევითი სამართალია”.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს შორის არის ასევე მოწოდება, რომ ”საქართველომ გააძლიეროს ჩართულობის პოლიტიკა სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით და გაუმჯობესდეს შერიგების/კონფლიქტის მოგვარების პროცესი დე ფაქტო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის გზების მოძიებით და ჩართულობის პოლიტიკის დაფინანსებით.” აქვეა რჩევა, რომ ”გადაიდგას პრაგმატული და კონსტრუქციული ნაბიჯები (ფორმაზე მეტად შინაარსზე ფოკუსირებით) ვაჭრობის, მგზავრობისა და ინვესტიციების წასახალისებლად ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ; გადაიხედოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”.

ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის ვხვდებით ასევე შრომის კოდექსის დახვეწისა და დასაქმებულთა მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობასთან დაკავშირებულ აქცენტსაც:

”გაგრძელდეს და უფრო ინტენსიური გახდეს დიალოგი და პარტნიორობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO), ბიზნესთანამეგობრობასთან და სავაჭრო კავშირებთან შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესში, რაც მიზნად ისახავს დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებას და სოციალური დიალოგის გაძლიერებას”.

გარდა ამისა, ევროკომისია საქართველოს ურჩევს, რომ, მაგალითად, ქვეყანაში ”გამოსწორდეს ნაკლოვანებები საარჩევნო კანონმდებლობაში ეუთოს (OSCE) ოდირის (ODIHR) მითითებების შესაბამისად 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ” და ”გარანტირებულ იქნეს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებათა დაცვა კონსტიტუციის შესაბამისად; უზრუნველყოფილ იქნეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყოვლისმომცველი კონსულტაციების საგანი გახდეს როგორც ადგილობრივ, ასევე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დონეზე, რათა გარანტირებულ იქნეს მათი გამძლეობა დროში.” სასჯელაღსრულების სისტემის მდგომარეობას შეეხება - როგორც წარსულში, ასევე სამომავლოდ - ანგარიშის შემდეგი პასაჟი:

”წარმოებულ იქნეს სრულყოფილი, გამჭვირვალე, დამოუკიდებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სასჯელაღსრულების სისტემაში; გატარდეს სტრუქტურული რეფორმები სასტიკად მოპყრობის პრევენციის მიზნით; უზრუნველყოფილ იქნეს შიდა და გარე მონიტორინგი სასტიკი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და თავიდან აშორების მიზნით”.
იმედი მაქვს, ვილნიუსში მოვახერხებთ აღვნიშნოთ დასრულება ასოციაციის შესახებ შეთანხმებებზე მუშაობისა (აქ ვგულისხმობ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის დოკუმენტსაც), სულ ცოტა, სამი პარტნიორისთვის: მოლდავეთისთვის, სომხეთისა და საქართველოსთვის...
შტეფან ფიულე


ამ და სხვა არაერთი რეკომენდაციის შესრულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის გვიანი შემოდგომისთვის მოსალოდნელი სიახლეების ფონზე, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმატებით დაგვირგვინებას უკავშირდება. საუბარია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელსაც 2013 წლის მარტში ვილნიუსი მასპინძლობს. ”პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შედის”, - უთხრა ჟურნალისტებს მოლაპარაკებების მე-14 რაუნდისთვის ბრიუსელში გამგზავრების წინ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

ასოცირების შესახებ შეთანხმებამ უნდა ჩაანაცვლოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 1996 წელს გაფორმებული შეთანხმება ”პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”, რაც, ანალიტიკოსების აზრით, შექმნის ევროკავშირთან უფრო ძლიერი და მტკიცე თანამშრომლობის საფუძველს. ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ მოსალოდნელობას ოპტიმისტურ ჭრილში განიხილავს ევროკომისარი შტეფან ფიულე და ეს მან 20 მარტს ბრიუსელშიც გაიმეორა:

„იმედი მაქვს, ვილნიუსში მოვახერხებთ აღვნიშნოთ დასრულება ასოციაციის შესახებ შეთანხმებებზე მუშაობისა (აქ ვგულისხმობ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის დოკუმენტსაც), სულ ცოტა, სამი პარტნიორისთვის: მოლდავეთისთვის, სომხეთისა და საქართველოსთვის“.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG