Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და მისი მომავალი ევროპაში


”საქართველო და მისი მომავალი ევროპაში” - ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც ამ დღეებში გაიმართა თბილისში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდში.

მარტის დასაწყისში თბილისში იმყოფებოდნენ რობერტ ბოშის ფონდის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს ტრენინგი 7 ქვეყნის ახალგაზრდა საჯარო მოხელეებისთვის და მოაწყვეს პრეზენტაცია კარლ ფრიდრიჰ გიორდელერის სახელობის ეფექტური მმართველობის კოლეჯისა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დროს დელეგაციის წევრმა, ამ კოლეჯის დირექტორმა, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გიუნტერ ფერჰოიგენმა განაცხადა:

”თვალყურს ვადევნებ საქართველოს განვითარებას, ვარ მის მიმართ სიმპათიით განწყობილი. რაც მეტ პროგრესს მიაღწევს ქვეყანა დამოუკიდებლად, მით მეტად ადვილი იქნება მისთვის გახდეს თანასწორი და პერსპექტიული ნაწილი ევროპული სტრუქტურებისა."

ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ევროპაში საქართველოს მომავალზე ისაუბრა დებატებზეც, რომელიც ჰჰაინრიხ ბიოლის ფონდში გაიმართა და რომელზეც, ფერჰოიგენის გარდა, მოხსენება წაიკითხეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ქეთევან ციხელაშვილმა. დებატების დროს იგრძნობოდა გარკვეული მოლოდინი იმისა, რომ მომხსენებლები ისაუბრებდნენ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე, საარჩევნო სისტემის სრულყოფაზე, გამჭვირვალობაზე, როგორც ევროკავშირთან ინტეგრაციის აუცილებელ პირობაზე... მაგრამ აქცენტი უფრო ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკის კრიტიკაზე გაკეთდა, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო. თუმცა ვისაც ბატონ ფერჰოიგენის მოღვაწეობა ახსოვს, ვისაც წაკითხული აქვს, მაგალითად, შარშან გერმანულ გამოცემა „ველტში” გამოქვეყნებული მისი წერილი, სადაც პირდაპირ წერს: ”მოსკოვს კავკასიის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარება სურს და ამიტომაც ცდილობს, რომ საქართველოს ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანუ ნატოსა და ევროკავშირში, ინტეგრაცია შეაფერხოს. ამ პოლიტიკას მოსკოვი წარმატებით ახორციელებს, რადგანაც ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ", არ უნდა გაჰკვირვებოდა ფერჰოიგენის მოხსენების პათოსი - ის, რომ რუსეთს იგი პირდაპირ უწოდებს ”ოკუპანტს”, საუბრობს რეფორმებზე საქართველოში და აკრიტიკებს ევროკავშირის იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც განუწყვეტლივ რაღაცას უთმობენ რუსეთს. ფერჰოიგენმა ბიოლის ფონდში მათი პოზიცია გაგვახსენა:
საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა უკვე მაშინ, როცა ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, იქ მოსახლე ტომები ხეებს ეთაყვანებოდნენ ...
გიუნტერ ფერჰოიგენი

„რუსები გვჭირდებიან, როგორც სტრატეგიული პარტნიორები; გვჭირდებიან, როგორც გასაღების ბაზარი; გვჭირდებიან, როგორც ნავთობისა და გაზის მომწოდებლები და ამიტომ რუსებს და მათ ინტერესებს ანგარიში უნდა გაეწიოს.“

გიუნტერ ფერჰოიგენის თქმით, ”დაუშვებელია ძლიერ სახელმწიფოსთან ოპორტუნისტული ქმედებები” და საკითხი, რა არის კავკასია - ევროპა თუ აზია, ეს კულტურის გადასაწყვეტია და არა ევროკავშირის ჩინოვნიკების....ეს აღნიშნა ევროკომისიის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და აქვე საკმაოდ რადიკალური განცხადება გააკეთა:

„ვისაც სურს საქართველოს მისი გეოგრაფიული დაშორების ან კულტურული დისტანციის გამო უარი უთხრას ევროპული ინტეგრაციის პროცესში თანაბარუფლებიანი მონაწილეობის მიღებაზე, მას სიამოვნებით შევახსენებ, რომ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ჰქონდა უკვე მაშინ, როცა ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში, იქ მოსახლე ტომები ხეებს ეთაყვანებოდნენ. ასე რომ, საქართველოს ისტორია არავითარ საბაბს არ იძლევა იმის სათქმელად, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ევროპას არ ეკუთვნიან.“

ცხადია, ბიოლის ფონდში შეკრებილ საზოაგადოებას ესიამოვნა ევროკავშირის ყოფილი მაღალჩონოსნის ასეთი განცხადება. ფერჰოიგენმა ჩვენს თვალწინ დაანგრია მითი, რომელიც საკმაოდაა დამკვიდრებული საქართველოში - თითქოს ევროპა მუდმივად ქედმაღლური პოზიციიდან უქნევს თითს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს. თუმცა ფერჰოიგენმა ზოგიერთი ამერიკული გაზეთიც გაიხსენა, რომელმაც ბოლო დროს ევროკავშირის წინააღმდეგ კამპანია გააჩაღა იმის მტკიცებით, რომ ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს. მისი გამოსვლა გარკვეული თვალსაზრისით ფილოსოფიური იყო - გაფართოება კრიზისს არ განაპირობებს, საზღვრების გაშლას არ შეუძლია დესტრუქციული ქმედებები გააძლიეროს. სწორედაც რომ პირიქით, გაფართოება ხელს შეუწყობს მრავალფეროვნებას და სიძლიერეს - იმას, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი იდეა იყო.

ვიცით, რომ სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია ევროკავშირში. დღევანდელი მიდგომა ზოგიერთ ქვეყანაში არ უწყობს ხელს გაფართოების საკითხის პოზიტიურ გადაჭრას ...
თორნიკე გორდაძე
ბუნებრივია, ფერჰოიგენის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემაც გაიზიარა: ევროკავშირი არაა კლუბი კარგად აღზრდილი, მდიდარი ქვეყნებისთვისო, გაახსენა მან საზოგადოებას, ისაუბრა იმაზე, რომ ევროპასთან ინტეგრაციას, ცხადია, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რა ხდება ევროკავშირში ამჟამად.

”ძალიან მნიშვნელოვანია თავად ევროპის კავშირის შიგნით მიმდინარე პროცესები და ის დებატები, - იდეოლოგიური, პოლიტიკური, - რომელიც ევროკავშირის შიგნით მიმდინარეობს დღეს ევროკავშირის მომავალზე, მის გაფართოებაზე... საქართველოში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, გარკვეული ეგოცენტრიზმია - ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ რას ვაკეთებთ, რაც ნორმალურია, რადგან მთავრობას უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ... ამავე დროს, კარგი იქნება საერთო სურათის შესაქმნელად, დავინახოთ მთლიანი სურათი, თუ რას ფიქრობენ დღეს ევროკავშირში.”

ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე ითქვა, რომ საზღვარი ურალზე, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დააწესა, მაგალითად, პეტრემ, ანდა საზღვარი ბოსფორის სრუტეზე, ესაა გამოგონილი საზღვარი, რომელსაც რეალობასთან კავშირი არა აქვს. ევროპამ არ უნდა იხელმძღვანელოს ამ ისტორიული კლიშეებით და ისევ ისეთი ღია უნდა იყოს მსოფლიოსთვის, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში... ამ თვალსაზრისით საინტერესო იყო ბიოლის ფონდში გამართულ დებატებში მონაწილეთა დამოკიდებულება ევროკავშირის ძველი და ახალი წევრების მიმართ.

” ვიცით, რომ სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია ევროკავშირში. დღევანდელი მიდგომა ზოგიერთ ქვეყანაში არ უწყობს ხელს გაფართოების საკითხის პოზიტიურ გადაჭრას... გაფართოების ბოლო ტალღა, სამწუხაროდ, წარმოჩენილი იქნა როგორც პრობლემური. არადა, სინამდვილეში გაფართოება მართლაც წარმატებული იყო. შეეკითხეთ იმ ხალხს, რომელიც მოგვიანებით გაერთიანდა ევროკავშირში, თუ რამდენად უკეთესად ცხოვრობენ, როგორ აღიქვამენ სიტუაციას... აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია. თანაც, უსამართლოა აზრი, რომ კრიზისის მიზეზი გაფართოებაა. ევროკავშირში მოგვიანებით შესული არც ერთი ქვეყანა არაა პასუხისმგებელი ამ პროცესებზე - ეს პროცესები დაიწყო 80-იან წლებში, როცა ეს ქვეყნები საერთოდ არ მოიაზრებოდნენ ევროკავშირის წევრებად”, თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG