სამშაბათს, 10 ნოემბერს, საქართველოში შეხვედრებს გამართავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელიც 9 ნოემბერს თბილისში კიევიდან ღამით ჩამოვიდა. მოელიან, რომ განსახილველ საკითხთა ნუსხაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს „რუსთავი 2“–ის საქმე, რომელთან დაკავშირებული ეჭვების გამოც უკვე გამოხატა შეშფოთება საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ტელეკომპანიის დროებითი მმართველების დანიშვნის კვალდაკვალ შეშფოთება ევროკავშირის ელჩებმაც გამოხატეს. რას აპირებს ხელისუფლება და შესაძლებელია თუ არა, რომ „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებულმა მოვლენებმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის ჭრილში?
თუკი ევროკავშირის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით ვიმსჯელებთ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი უკრაინასა და საქართველოს სტუმრობს, როგორცაღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. განცხადებაში, რომელიც კიევსა და თბილისში საგარეო პოლიტიკური ლიდერის მიერ დაგეგმილი შეხვედრების განრიგს გვაცნობს, არაფერია ნათქვამი საკმაოდ მძიმე ფონზე, რომელიც ბოლო დღეებში „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებულმა მოვლენებმა წარმოშვა. გავიხსენოთ, რომ გასული კვირის მიწურულს მკვეთრად უარყოფითი საერთაშორისო შეფასებები მოჰყვა სასამართლოს მიერ ბევრისთვის მოულოდნელად მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მმართველების შეცვლასა და დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით.
მაგალითად, როგორც ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა აღნიშნა 6 ნოემბერს, პროცესების თანმიმდევრულად განვითარებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ნაცვლად, მიღებულ იქნა ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლის გადაწყვეტილება და ამას შესაძლოა „პოლიტიკური შედეგები“ მოჰყვეს. ასევე 6 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელთა ერთობლივი განცხადება. სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება აჩენს „სერიოზულ შეკითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ელჩები და შეახსენებენ მთავრობასა და მართლმსაჯულების ინსტიტუტებს, რომ დაცული უნდა იქნეს „მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომლებიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია“.
პროცესებს მშვიდად უყურებს საქართველოს ხელისუფლება. საერთაშორისოდ აღიარებულია საქართველოს მიერ გადადგმული „დიდი ნაბიჯები“ მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულმა საქმემ ჩრდილი არ მიაყენოს ამ პროცესს, – განაცხადა 9 ნოემბერს დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ის ფიქრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ეჭვებს გამჭვირვალობა გაანეიტრალებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველვყოთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ არ გაჩნდეს იმის ეჭვიც კი, რომ რამენაირად ამ პროცესში სახელმწიფო მონაწილეობს... ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური გამჭვირვალობა, რომ ეჭვები გაქარწყლდეს“.
საერთაშორისო თანამეგობრობისა და, მათ შორის, ევროკავშირის ელჩების მიერ გახმაურებულ მწვავე კრიტიკას გამჭვირვალე გარემო ვეღარ გაანეიტრალებს, – ამბობს ჩვენთან საუბრისას დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი რუხაძე.ის ფიქრობს, რომ ხელისუფლებას გამჭვირვალობაზე მანამდე უნდა ეზრუნა და არა პოსტფაქტუმ, ანუ ეჭვების წარმოქმნის შემდეგ. გიორგი რუხაძის აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობის ეჭვების გასაფანტად ამ ეტაპზე ხელისუფლებას მხოლოდ უკან დახევაღა დარჩენია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდ შედეგებს მოუტანს საქართველოს:
„თუ ხელისუფლება მოახერხებს „რუსთავი 2“–ის მოთვინიერებას, ასე ვთქვათ, ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლებასა და კრიტიკულ აზრს ზღუდავს რაღაც ფორმით, არამედ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი და, ზოგადად, ქვეყანა ინსტიტუციურად არ არის მზად იმისათვის, რომ დაიცვას მთავარი ფუნდამენტი დემოკრატიის განვითარებისთვის. ეს იქნება სიგნალი ყველასათვის, რომ საქართველო ინსტიტუციურად კვლავაც არ არის მომზადებული იმისათვის, რომ მსგავსი დარტყმები აიტანოს“.
საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციას მეტად მწვავეს უწოდებს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და ის ვერ იხსენებს სხვა მსგავს შემთხვევას, როცა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებს ასე ერთხმად გამოეხატათ შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ვანო ჩხიკვაძის აზრით, ასეთი მწვავე რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობამ, გარკვეულწილად, 2007 წლის 7 ნოემბრის მწარე გამოცდილების გათვალისწინებითა და სავალალო შედეგების თავიდან აშორების მიზნით გამოავლინა. ექსპერტი ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს იმასაც, რომ შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ნებართვის მოპოვებაზე, რასთან დაკავშირებულ დადებით გადაწყვეტილებასაც საქართველოს მოქალაქეები წლის ბოლოსთვის ელოდებიან:
„იმ სიგნალების მიხედვით, რაც მოდის ბრიუსელიდან ამ დრომდე, საქართველომ თითქმის სრულყოფილად შეასრულა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მაგრამ აქ არის ასევე მეორე საკითხი – პოლიტიკური ნაწილი, რომელიც, მართალია, არ არის ჩადებული სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში, მაგრამ გადაწყვეტილებას უნდა ეყაროს კენჭი უშუალოდ წევრი ქვეყნების მხრიდან და სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება მოახდინოს გავლენა მიმდინარე პროცესმა. ანუ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გავლენას მოახდენს ტექნიკური ნაწილის შესრულებაზე, მაგრამ პოლიტიკური ნაწილის შემთხვევაში, ანუ მხარდაჭერის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს“.
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე და მძიმე ფონის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში აუცილებლად განიხილება „რუსთავი 2“–თან დაკავშირებული მოვლენები. წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლების უმაღლესი პირების გარდა, ფედერიკა მოგერინი 10 ნოემბერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება. ამასთან, სტუმარი სამშაბათს სიტყვით გამოვა საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, რომელსაც თბილისი 9–10 ნოემბერს უმასპინძლებს. ევროკავშირის ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიასთან ერთად, ფედერიკა მოგერინი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს.