Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე იარაღისგან თავისუფალი ზონების შექმნას ითხოვს


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე 2008 წლის ოქტომბერში უგზო-უკვლოდ დაკარგულების - სოლთან პლიევის, ალან ხუგაევისა და ალან ხაჩიროვის - მშობლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრა მოითხოვეს. დაკარგულთა მშობლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მათი შვილების მოძებნას სთხოვენ. მიმართვის ტექსტს თან ახლავს ვიდეოფირი, სადაც აღბეჭდილია, როგორ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ხუგაევს, პლიევს და ხაჩიროვს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ამის შემდეგ კი მათი კვალი იკარგება. ალან ხაჩიროვის მამა, იური ხაჩიროვი, აცხადებს, რომ 4 წელზე მეტია შვილის კვალს უშედეგოდ ეძებს და საქართველოს ახალ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შვილი ცოცხალი ან მკვდარი დაუბრუნონ:

„მერეთში დაიჭირეს, მნახველებიც არიან. ვიცით, რომ აქეთ არიან ან ცოცხლები, ან მკვდრები. დაგვიბრუნონ შვილები. თუ ცოცხლები არ არიან, ცხედრები მაინც მოგვცენ“.

ქართული დელეგაციის წევრები დაკარგულთა მშობლებს შეჰპირდნენ, რომ ეს განცხადებები ადრესატებამდე მივა და ამ მიმართულებით გამოძიება გაგრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ საქართველოში დაწყებულ ამნისტიის პროცესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამნისტია ოსი ეროვნების მოქალაქეებს არ ეხებათ. დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ციხეებში მყოფი 11 ოსი ეროვნების მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს. ამ პრეტენზიაზე ქართული მხარის პასუხი ის იყო, რომ კანონი პატიმრებს ეთნიკურად არ ასხვავებს და ყველა გათავისუფლდება, ვისაც ამნისტია შეეხება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ ამნისტია დე ფაქტო რესპუბლიკის ერთ მოქალაქეს უკვე შეეხო. ქართული მხარე რუს მესაზღვრეებს ქარელის რაიონში, ეგრეთ წოდებულ მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მავთულხლართების გაბმის გამო უყენებს პრეტენზიებს.
საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტია ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით დასვეს ასეთი კითხვა, ეთნიკურ ოსებს თუ ეხებაო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია ...
დავით სუჯაშვილი

„საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტია ხორციელდება. ამასთან დაკავშირებით დასვეს ასეთი კითხვა, ეთნიკურ ოსებს თუ ეხებაო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია. საუბარი იყო მავთულხლართებზე, რომლებსაც აკეთებენ რუსი მესაზღვრეები. რუსულმა მხარემ ასე განაცხადა, რომ ჩვენ ვიცავთ ოსურ მიმართულებას, რომ მოსახლეობა არ გადავიდესო. უგზო-უკვლოდ დაკარგულების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და საქმის კურსში ვაყენებთ ჩვენს კოლეგებს“, – აცხადებს დავით სუჯაშვილი.

შეხვედრის დასასრულს ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გასული წლის 2 დეკემბერს სოფელ კოდაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. ამ სოფელში შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა. ინციდენტს ქართველ პოლიციელებსა და რუს მესაზღვრეებს შორის ორმხრივი სროლა მოჰყვა. გაგლოითის თქმით, მოპოვებული მასალების საფუძველზე არ დასტურდება, რომ თავდამსხმელები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიიმალნენ. ქართველი სამართალდამცავები კი სწორედ ოსურ შეიარაღებულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ პროვოკაციის მოწყობაში. გაგლოითის აზრით, მომავალში ასეთი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია შეიქმნას იარაღისგან თავისუფალი ზონები, სადაც მხოლოდ ევროპელი დამკვირვებლების პატრულირება იქნება შესაძლებელი. ოსური მხარე ამ საკითხის დაყენებას ჟენევის მომდევნო დისკუსიის რაუნდზე აპირებს.
ქართველი პოლიციელების და ნებისმიერი სხვა შეიარაღებული ფორმირებების ყოფნა სამხრეთ ოსეთის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებას ემუქრება და სტაბილურობას ხელს არ უწყობს ...
ხოხ გაგლოითი

„ქართველი პოლიციელების და ნებისმიერი სხვა შეიარაღებული ფორმირებების ყოფნა სამხრეთ ოსეთის საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებას ემუქრება და სტაბილურობას ხელს არ უწყობს. ამასთან, მათი ყოფნა ეწინააღმდეგება სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას, რომლითაც ეს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის პატრულირების ზონა უნდა იყოს. სწორედ ამისკენ მოვუწოდეთ დღევანდელ სხდომაზე და აღვნიშნეთ, რომ მომავალში ინციდენტების თავიდან ასაცილებლად სამხრეთ ოსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე უნდა შეიქმნას იარაღისგან რეალურად თავისუფალი ზონა“, ამბობს ხოხ გაგლოითი.

კონფლიქტის ზონაში ყველა პოლიციური საგუშაგო მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი და მათი განთავსება მხარეებთან არის შეთანხმებული. შესაბამისად, ნებისმიერი საგუშაგოს თუ შეიარაღებული პოლიციელების უკან გადაადგილების საკითხი დისკუსიისა და მხარეთა შეთანხმების თემაა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 22 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG