Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თიბილოვის პრეტენზიები


რამდენიმე დღის წინ ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ და შეხვედრები თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან და პრეზიდენტთან გამართეს. ლეონიდ თიბილოვმა ევროპელ სტუმრებთან საუბარი პრეტენზიებით დაიწყო. მისი თქმით, საქართველოში გამოცხადებული ამნისტია, რომლის მიხედვითაც ათასობით ადამიანი გათავისუფლდა, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს არ შეხებია. თიბილოვის აზრით, საქართველოს ახალი ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ სამხრეთ ოსეთთან სამეგობროდ არის განწყობილი, მაგრამ ცხინვალში ამას ვერ გრძნობენ.

თიბილოვმა უკმაყოფილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის გამოც გამოთქვა და შვედი დეპუტატის თინა აკეტოფტის ანგარიში გააკრიტიკა. როგორც ცნობილია, ამ ანგარიშის მოსამზადებლად აკეტოფტს ცხინვალში ჩასვლის შესაძლებლობა არ მიეცა. თიბილოვი აცხადებს, რომ დეპუტატს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციიდან შესვლა შესთავაზეს, მაგრამ მან ამ მარშრუტით არ ისარგებლა. გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტმა ერგნეთის ბაზრობის საკითხზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ეს საქართველოს შიდა პრობლემაა და საკუთარ ტერიტორიაზე შეუძლიათ ბაზრობა გახსნან იქ, სადაც მოესურვებათ, ისე კი, რომ სამხრეთ ოსეთის ინტერესები არ დააზარალონ.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ევროკავშირის მხრიდან ფილიპ ლეფორი ჟენევის დისკუსიის ფორმატის საკითხს შეეხო. როგორც ცნობილია, რუსული, აფხაზური და ოსური მხარეები ამ ფორმატის შეცვლას ითხოვენ. მათი აზრით, უნდა გაერთიანდეს ორი სამუშაო ჯგუფი - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული და მოლაპარაკებები ექსპერტული დონიდან დელეგაციების დონეზე გადავიდეს. ლეფორის აზრით, აუცილებელია მხარეებს შორის კონსენსუსი მოიძებნოს.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში დაბრუნებას და მომავალი დისკუსიის დღის წესრიგის შეთანხმებას აპირებენ. ხვალ კი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
XS
SM
MD
LG