Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში ქართულმა მხარემ 19 წლის დავით ბაშარულის ცხედრის გადმოცემა მოითხოვა


შეხვედრა ერგნეთში
შეხვედრა ერგნეთში

2-თვიანი შესვენების შემდეგ ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები განახლდა. დღევანდელი შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 2015 წლის პირველ შეხვედრას პირველად დაესწრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი. მან ამ პოსტზე ცოტა ხნის წინ ტოივო კლაარი შეცვალა. დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მთავარ საკითხად დავით ბაშარულის ცხედრის გადმოცემა დააყენა.

ოკუპირებული ახალგორიდან 6 თვის წინ გაუჩინარებული19 წლის დავით ბაშარული გარდაცვლილი იპოვეს. ბაშარულის ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ დოლიანთან, მწყემსმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილობრივმა მილიციელებმა ის ცხინვალის პროზექტურაში გადაასვენეს. ბოლო თვეების განმავლობაში ქართული მხარის წარმომადგენლები ოსურ მხარეს ბაშარულის ადგილსამყოფლის დადგენას სთხოვდნენ, ცხინვალში კი მისი დაკავების ფაქტს უარყოფდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დავით ბაშარული 2014 წლის ივნისში ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა. მას შემდეგ ბაშარულს ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ. ამ დრომდე ოსურ მხარეს ცხედარი ოჯახისთვის არ გადაუცია და ამის მიზეზად ვლადიკავკაზიდან ცხინვალში სამედიცინო ექსპერტის ჩაუსვლელობა სახელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ განაცხადა, რომ ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე მუშაობს გვამის იდენტიფიკაციაზე, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ხოხ გაგლოითიმ ქართულ მხარეს პრეტენზიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი მოქალქეების საქმეებზე გამოძიების გაჭიანურების გამო წაუყენა. გარდა ამისა, ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა პროვოკაციების შესაძლო მცდელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ხდება მავთულხლართების, ღობეებისა და სასაზღვრო ბანერების დაზიანება, რასაც შესაძლოა პროვოკაცია მოჰყვეს.

ერგნეთის 51-ე შეხვედრა
please wait

No media source currently available

0:00 0:03:02 0:00

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ. მისი ვარაუდით, ცხინვალში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების გამო ბაშარულის ცხედრის გადმოსვენება კიდევ ორ-სამ კვირას გაჭიანურდება. დღესვე ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს უპილოტო საფრენი აპარატების მიერ ბოლო 2 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის 5-ჯერ დარღვევის გამო პროტესტით მიმართა, თუმცა, ქემოკლიძის განცხადებით, დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტების მიუხედავად, რუსული მხარე მაინც არ ეთანხმება ამ ბრალდებებს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კიასტუტის იანკაუსკასმა დღევანდელი შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა. იგი ჯერჯერობით არსებულ ვითარებას ეცნობა. მისი აზრით, მისია, რომელსაც მანდატის ვადა ცოტა ხნის წინ გაუგრძელდა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება შენარჩუნდეს.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში 27 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG