Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი ინვესტიცია საქართველოს ჰიდროენერგოსექტორში


რამდენიმე დღის წინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი ენერგოდეფიციტი აქვს და იგი თანდათან უფრო და უფრო იზრდება.

კახა კალაძის განმარტებით, სწორედ დეფიციტის აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულად მეზობელ ქვეყნებზე აღარ იყოს დამოკიდებული, საჭიროა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება. ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე პოტენციური ინვესტორებისთვის მცირე მოცულობის ჰესების 70-ზე მეტი პროექტია წარმოდგენილი. მათი უმეტესობა დღეისთვის ინვესტორს ელის. როგორც ცნობილია, კვლავ დღის წესრიგში რჩება ჰუდონჰესის მშენებლობის საკითხიც.

მანამდე კი სვანეთში საკმაოდ სერიოზული ინვესტიციის ჩადება იგეგმება. საქართველოს საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან

ერთად სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. მათივე ინფორმაციით, წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაიცემა. სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში იმპორტს ჩაანაცვლებს და ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას განამტკიცებს. მთავრობა 1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებაში სხვა ფაქტორებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვნად იმ ფაქტს თვლის, რომ სადგური 35 წელიწადში უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე სახელმწიფოს გადაეცემა.

საქართველოს საპარტნიორო ფონდი, კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად, სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo განახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის "ექსიმ ბანკი". პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).

დღეისთვის საქართველოში, დაახლოებით, 47 მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგური და 6 მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია.
ჰიდროსადგურებზე ელექტროენერგიის გენერაციის მთლიანი დადგმული სიმძლავრე საქართველოში 3 500 მგვტ-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG