Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძმები ჯონსები. ნაწილი I - ელვინი


ელვინ ჯონსი
ელვინ ჯონსი

უეს, ბადი და მონკ მონტგომერი, რენდი და მაიკლ ბრეკერი, ჯიმი და ტომ დორსი, უეინ და ალან შორტერი, უინტონი, ბრენფორდი, დელფიო და ჯეისონ მარსალისები ჯაზურ მუსიკოსთა ოჯახების ცნობილი წარმომადგენლები ბრძანდებიან. ამგვარი ძმური სინდიკატები მრავლად ახსოვს ამერიკულ სცენას. ერთ გვარსაც გავიხსენებ. ელვინ, ტედ და ჰენკ ჯონსებს ვგულისხმობ, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჯაზის განვითარების საქმეში.

უმცროსი ძმით, ელვინით, დავიწყებ. 1927 წლის 9 სექტემბერს მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკში დაიბადა. დასარტყამი ინსტრუმენტებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკშივე გამოიჩინა. როგორც თავად იხსენებდა, 3 წლის გახლდათ, როცა მათ სახლთან მოხეტიალე ცირკის ბრას-ბენდმა აღლუმით ჩაიარა და ამ პერკუსიული ხმაურით იმდენად მოიხიბლა, რომ მისი მომავალიც იქვე გადაწყდა. თავისი პატარა ხელისგულებით ყველაფერს უპარტყუნებდა, რასაც ხმა გაუდიოდა და რიტმის საოცარი გრძნობაც გამოავლინა. თუმცა საკუთარი ინსტრუმენტის შეძენა მხოლოდ 22 წლის ასაკში მოახერხა. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებულმა, დისგან 35 დოლარი ისესხა და ბავშვობის ნატვრაც აისრულა. რაც შეეხება პროფესიულ სცენას, პირველი ნაბიჯები დეტროიტის ერთ-ერთ ჯაზკლუბში გადადგა. თავი ისე გამოიჩინა, რომ სულ მალე ჯერ მაილს დევისთან, ხოლო მოგვიანებით ბენი გუდმენთან და კონტრაბასისტ ჩარლი მინგუსთან ითანამშრომლა.

50-იანი წლების ბოლოს ელვინ ჯონსმა ინსტრუმენტი მანამდე გაუგონარი ხელწერით აამეტყველა - რთული, რამდენიმემახვილიანი ტაქტებით, სპონტანური რიტმული აქცენტებითა და ტემბრალური მრავალფეროვნებით. ჰოდა, მუსიკოსის ინტელექტუალური და ენერგეტიკული რესურსებით „ჯაზის მესიად“ წოდებული ტენორ-საქსოფონისტი ჯონ კოლტრეინი დაინტერესდა. ეს უკანასკნელი იმხანად ავანგარდულ ჯაზს შერკინებოდა და ამ რთული სტრუქტურის მუსიკის დასაკრავად შესაბამისი გაქანების არტისტებს ეძებდა. ასე მოხვდა ელვინ ჯონსი, პიანისტ მაკოი ტაინერსა და კონტრაბასისტ ჯიმი გარისონთან ერთად, საქსოფონისტის კვარტეტში, სადაც, საერთო ჯამში, 5 წელი გაატარა. ამ ხნის მანძილზე კი დრამერმა ისეთი ეპოქალური მნიშვნელობის ალბომების შექმნაში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა, მაგალითად: „Impressions“, “A Love Supreme”, “Kulu Se Mama”, “Ascension” და „Meditations“. ბუნებრივია, ამ თავყრილობაში წამყვანი ფიგურა კოლტრეინი გახლდათ, თუმცა მას არც დანარჩენები ჩამორჩებოდნენ. ელვინ ჯონსი საქსოფონისტის ატონალურ, მოდალურ ფრაზებს სინკოპირებული მეტყველებით პასუხობდა, ზოგჯერ კი ისეთ სოლო პარტიებს ასრულებდა, სრულფასოვან, დამოუკიდებელ მუსიკალურ თხზულებებად აღიქმებოდა.

1966 წელს ელვინ ჯონსი ჯონ კოლტრეინის კვარტეტიდან წამოვიდა. დიუკ ელინგტონის ორკესტრთან ერთად ევროპულ ტურნეში გაემგზავრა. თუმცა ერთმანეთს ვერ გაუგეს და რამდენიმე დღეში კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. რაღაც ხანს კლარნეტის ტონი სკოტთან ერთად მართავდა კონცერტებს, ბოლოს კი საკუთარი ბენდიც ჩამოაყალიბა -The Elvin Jones Jazz Machine.

ელვინ ჯონსი 2004 წლის 18 მაისს გარდაიცვალა. ნახევარსაუკოვანი მოღვაწეობის მანძილზე, როგორც ლიდერმა, 40-ზე მეტი, ხოლო როგორც საიდმენმა, 100-მდე საკონცერტო თუ სტუდიურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. საკუთარი ხელწერის გამო, ჯაზურ წრეებში მას „იმპერატორი“ შეარქვეს და დღემდე პოსტბოპის ეპოქის საუკეთესო დრამერად ითვლება.

XS
SM
MD
LG