Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროენერგიის ფასის ზრდა გრძელდება


დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კომპანია „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარი საჯარო განხილვა გაიმართება.

განხილვა საჯაროა და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია.

ეს განხილვა იმართება “თელასის” მიერ შეტანილი სატარიფო განაცხადის ფარგლებში - კომპანია მისი მომსახურების სფეროში არსებული მომხმარებლისთვის ტარიფის გაზრდას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი განხილვები უკვე გაიმართა საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის განაცხადის საფუძველზე და რეგიონებისთვის ახალი ტარიფებიც დადგინდა, კერძოდ:

საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, კახეთის გარდა, რომლებიც "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტები არიან, ელექტროენერგიის საფასური 2015 წლის 1 აგვისტოდან, ტარიფების მიხედვით, 22 %-დან 43 %-მდე გაუძვირდათ.

"ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. "ენერგო პრო ჯორჯია" ტარიფის გაზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, მაგრამ კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემგანაცხადა, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და რამდენიმე თვეში "ენერგო პრო ჯორჯია" იძულებული გახდება კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით.

სემეკის მიერ დადგენილი ტარიფი კი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

ამ ტარიფის შესაბამისად, მოსახლეობა გადაიხდის შემდეგი სქემის მიხედვით:

მარეგულირებელი კომისიის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, კომპანიის აბონენტებისთვის პირველი კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ ოჯახებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101 კვ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, არსებული 9 თეთრიდან 12.96 თეთრამდე გაიზრდება.

მეორე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101-დან 301 კვ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, არსებული 12.98 თეთრიდან 16.93 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ-ზე.

მესამე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებიც 301 კილოვატზე მეტს მოიხმარენ თვეში, არსებული 17.5 თეთრიდან 21.45 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ-ზე.

ამჯერად „თელასი“ ითხოვს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას, დაახლოებით, 4-5 თეთრით. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2016 წელს ელექტროენერგიის შესყიდვის საფასური, დაახლოებით, 70 მილიონი ლარით ეზრდებათ.

ეს ზრდა, თავის მხრივ, გამოიწვია თბოელექტროსადგურებზე წარმოებული ელექტროენერგიის გაძვირებამ, რაც ლარის კურსის, დაახლოებით, 35-პროცენტიანი დევალვაციისპირდაპირი შედეგია.

მთავრობა, ელექტროენერგიის გაძვირების სანაცვლოდ, 70 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე მოსახლეობისთვის სუბსიდირების სისტემის შემოღებაზე საუბრობს. „თელასის“ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსახლეობის პირდაპირი ტვირთის გაზრდის ნაცვლად, საბიუჯეტო დანახარჯები ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება.

XS
SM
MD
LG