მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14 % (55.7 მილიონი დოლარი) მშენებლობის სექტორში განხორციელდა. ინვესტიციების მოცულობით, სამშენებლო სექტორი სიდიდით მეოთხე ადგილზეა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (35 %, 141.1 მილიონი დოლარი), უძრავი ქონებით ოპერაციებისა (20 %, 80.3 მილიონი დოლარი) და საფინანსო სექტორის (20 %, 79.6 მილიონი დოლარი) შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ, 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში მნიშვნელოვნად, 188 %-ით (36.4 მილიონი დოლარი), არის გაზრდილი.
2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.6 %-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.8 პროცენტული ერთეულით არის გაზრდილი.
ინვესტიციების ზრდის პარალელურად, გაიზარდა სამშენებლო მიწებზე მოთხოვნაც. "ქოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიას" 2015/2016 წლის ფასების ანალიზის მიხედვით, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, სამშენებლო მიწებზე მოთხოვნა 39 %-ით არის გაზრდილი. ამასთან, გაზრდილია (2016 წელს - 191 დოლარიდან 201 დოლარამდე) 1კვ.მ მიწის საშუალო ფასიც. "ქოლიერს ინთერნეიშენალ ჯორჯიას" მონაცემებით, უბნების მიხედვით გასაყიდი მიწის ფასი ყველგან არ გაზრდილა და ტენდენცია ცვალებადია.
ცხადია, მშენებლობა ვერ განხორციელდება სესხების გარეშე. მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორზე, ჯამში, 199.7 მილიონი ლარის ოდენობის სესხი გაიცა.
საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ის ცნობით, ეროვნული ვალუტით მთლიანად გაცემული სესხების მხოლოდ 33 % (66.7 მილიონი ლარი) გაიცალ, ხოლო დანარჩენი 67 %, რამაც 133 მილიონი ლარი (კორექტირებული კურსით) შეადგინა, უცხოური ვალუტით არის გაცემული.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეროვნული ვალუტით მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 42 %-ით (19.7 მილიონი ლარი) არის გაზრდილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაშინ როცა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები გაზრდილია 24 %-ით (25.9 მილიონი ლარი).
წინამდებარე მონაცემები ცხადყოფს, რომ მშენებლობის სექტორი განვითარებადია და მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდება ყველა მიმართულებით, თუმცა, მეორე მხრივ, უკონტროლო მშენებლობები, განსაკუთრებით საქართველოში, სერიოზული პრობლემების საფუძველი გახდა. პრობლემაა სამშენებლო უსაფრთხოებაც. დღეისთვის სიტუაცია მომწიფებულია ამ მიმართულებით ცვლილებების განსახორციელებლად, რამაც მშენებლობის ტემპი შესაძლოა შეანელოს, თუმცა ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდის ხარჯზე.