Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას გორის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე გამოაქვს


მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

ქარის ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით განხორციელდა, 2016 წელს დასრულდა.

კომპანიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, სადგური 2016 წლის დეკემბრიდან შეუფერხებლად მუშაობს და მისი ეფექტიანობა 54 %-ია, რაც ასეთი ტიპის სადგურისთვის მაღალი მაჩვენებელია.

ელექტოსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია 2016 წლის დეკემბრის პირველი რიცხვიდან მიეწოდებოდა საქართველოს ელექტროსისტემას (5,5 მილიონი კილოვატ საათი). ამასთან, 21 დეკემბერს ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ 10 572 კილოვატ საათი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ქარის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა ქარის არსებობა. ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავების დასაწყებად ესაჭიროება მინიმუმ 3 მ/წ სიჩქარის ქარი, ხოლო მისი შემდგომი გამომუშავების ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქარის სიჩქარის მატებასთან. მიმდინარე წლის დეკემბრის მონაცემებით, „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ ეფექტურობამ, ოფიციალური ინფორმაციით, 54 % შეადგინა.

ქართლის ელექტროსადგურის ჯამური სიმძლავრე 20.7 მეგავატია, ის 6 ერთეული 3.45-მეგავატიანი ტურბინისგან შედგება (ტურბინის მოდელი: V117-91.5HH).

პროექტს $24-მილიონის შეღავათიანი კრედიტით EBRD აფინანსებს. ქარის ელექტროსადგური შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურს" ეკუთვნის, კომპანიის დამფუძნებელი სახელმწიფოა.

გუშინ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს პრემიერმა განცხადება გააკეთა ელექტროსადგურის აქციების გაყიდვის განზრახვის შესახებ.

„გადავწყვიტეთ, რომ საჯარო შეთავაზება გავაკეთოთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე და შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ შეიძინონ წილი ამ პროექტში. ეს არის პრივატიზაციის ფორმა, რომელიც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და მიეცეთ შანსი ადგილობრივ ინვესტორებს, რომ ასევე შეიძინონ ამ პროექტის აქციები. მომზადდება პროექტი საჯარო შეთავაზებისთვის ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე, რაც არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ეს არ იქნება ერთადერთი პრეცედენტი. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ გადავდგამთ არაერთ ნაბიჯს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მწვანე ენერგიის ათვისება უნდა გახდეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე ყაზარაშვილი აცხადებს, რომ ქარის ელექტროსადგურის აქციების ფასები, ალბათ, რამდენიმე თვის შემდეგ გვეცოდინება.

მისი თქმით, მთავრობის განკარგულების შესახებ თავადაც ახლა შეიტყო, შესაბამისად, აქციების ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.

„ქართლის ქარის ელექტროსადგურს“, სახელმწიფო ელექტროსისტემას, საქართველოს მთავრობასა და ელექტროენერგიის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) შორის გაფორმებული მემორანდუმით ესკო იღებს ვალდებულებას, 10 წლის განმავლობაში შეისყიდოს სადგურის მიერ გამომუშავებული 100 % ელექტროენერგია $6,89 ცენტად, რაც, დაახლოებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულების ტოლფასია.

XS
SM
MD
LG