Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ხელმოწერილია


ჩინეთში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს ჩინეთის ბაზარი, რომელიც აერთიანებს, დაახლოებით, 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის, დაახლოებით, 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის, ბრუნვის მიხედვით, მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით, მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა. ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის.

საექსპორტო პროდუქციას შორისაა: ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შესათანხმებლად მოლაპარაკებები 7 თვეში დასრულდა.

პარალელურად ცნობილი გახდა, რომ პეკინში საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიაც გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.

ხელმოწერილი დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან.

XS
SM
MD
LG