Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოპარკირების გადაუწყვეტელი პრობლემა თბილისში


თბილისის მერიის ინფორმაციით, 2016 წლისთვის თბილისში 400 000-მდე მანქანაა რეგისტრირებული. ბოლო 6 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა გაორმაგებულია - 2010 წელს თბილისში რეგისტრირებულ მანქანათა რივხვი 200 000 იყო. ასეთი სწრაფი ზრდა ქალაქს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აყენებს - იქნება ეს საცობები გზაზე, არასაკმარისი პარკინგი, ფეხით მოსიარულეთათვის სივრცის შეზღუდვა, ჰაერის დაბინძურება და ა.შ. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თბილისში პარკინგის პრობლემა, რომელიც სულ უფრო და უფრო მწვავდება.

გადმოწერა

თბილისის მერიამ ამჯერად ამ გამოწვევის პასუხად ახალი მრავალდონიანი ავტოსადგომების შექმნა გადაწყვიტა. მრავალსართულიანი ავტოსადგომების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად 10 ადგილი შეირჩა, სადაც მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება: თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ, პუშკინის მოედნის მიმდებარედ, ისნის მეტროს მიმდებარედ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ (იგი ახლოსაა #1 ადგილთან. ეს ადგილი შეირჩა იმ მიზნით, რომ განტვირთოს მოძრაობა ბაზართან, დავით აღმაშენებლის გამზირსა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე), ქალაქ თბილისის მერიის მიმდებარედ, გულუას მოედნის მიმდებარედ (ორთაჭალაში), ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ, გეგეშიძის პარკის მიმდებარედ. - ეს იქნება რეალურად პირველი შემთხვევა, როცა მერია დამატებითი ავტოსადგომების შექმნას უწყობს ხელს, თუმცა, სამწუხარდ, კონკრეტული ვადები და პროექტები საზოგადოებისთვის ჯერჯერობით წარდგენილი არ არის.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ავტოსადგომების მშენებლობამდე მერია პარკირების გადასახადის გაზრდას აპირებს. თუკი აქამდე წლიური გადასახადი იყო 50 ლარი, ადგილისა და დროის მიუხედავად, ახლა ეს სისტემა შეიცვლება. მერიის განცხადებით, ქალაქი დაიყოფა გეოგრაფიულ ზონებად და ცენტრსა და პერიფერიებში დაწესდება დიფერენცირებული სატარიფო სქემა საათების მიხედვით. ამ საკითხზე მერიასა და საკრებულოს თანხმობა უკვე ჰქონდათ, თუმცა სტრატეგიის პირველად დოკუმენტს საკრებულოში განსახილველად ჯერ კიდევ ელიან.

ამ გადაწყვეტილების აღსრულება, ისევე როგორც დღეისთვის არსებული მოსაკრებლისა (50 ლარი) და ჯარიმების თანხების ამოღება და პარკინგის დარეგულირება ქალაქში ამ ეტაპისთვსი კერძო კომპანია „სითი პარკს“ ევალება, რომელსაც ეს ვალდებულება თბილისის მერიამ 8 წლის წინ დააკისრა. საინტერესოა, რომ „სითი პარკის“ მომსახურების ხარისხით უკმაყოფილებას მისი საქმიანობის დაწყებიდანვე გამოხატავენ როგორც ავტომანქანების მფლობელები და ფეხით მოსიარულეები, ასევე თბილისის მერია. უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ, პარკირების საფასურის შემოღების მიუხედავად, კომპანიის შემოსავალს თბილისში პარკირების დამატებითი ადგილების შექმნა არ მოჰყოლია.

სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტში შემოსული თანხა, რომელიც, ისევე როგორც კერძო კომპანიის შემოსავლები, ამ პრობლემის მოგვარებას არ მოხმარებია:

მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ადგილობრივ ბიუჯეტში „სითი პარკისგან“ 18 მილიონ 245 997 ლარია (შემოსავალი სანქციებიდან – ჯარიმები, საურავები) ჩარიცხული. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, „სითი პარკს“ ყოველწლიურად პარკირების გადასახადებისა და ჯარიმების შემოსავლებიდან ერიცხება თანხა, რომელიც 2.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დარჩენილი თანხიდან თბილისის მერიას 60 %, კომპანიას კი 40 % ერგება. „სითი პარკს“ ერიცხება ასევე 3 ლარი ყოველი ჯარიმიდან, სადაც მინიმალური გადასახადია 10 ლარი. არ არის ცნობილი, კომპანიამ ამ წლებში ინფრასტრუქტურაში რა თანხის ინვესტიცია გააკეთა. შესაბამისად, გაურკვეველია „სითი პარკის“ მოგებაც.

ამასობაში კი ქუჩაში ისევ რჩებიან ე.წ. „სტაიანშჩიკები“, რომელთაც ოფიციალური პარკირების ადგილები არაოფიციალურად აქვთ ხოლმე დაკავებული და მის გათავისუფლებაში მნიშვნელოვან ანაზღაურებას ითხოვენ, რაც ასევე ავტომფლობელთა გადასახდელია. ამის პარალელურად ავტომფლობელებს უკვე დაეკისრათ მანქანის ფლობაზე გადასახადი, რაც ასევე მათი დამატებითი ხარჯია.

თუ მანქანების რაოდენობის ზრდის ტემპს გავითვალისწინებთ, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილების გარეშე თბილისის პარკინგის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია, გადასახადების ზრდა კი, მისი მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფის გარეშე, საბოლოო ჯამში, ავტომოფლობელთა და თბილისის მოსახლეობის უკმაყოფილებას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

XS
SM
MD
LG