Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი ოპტიმიზაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კითხვებს უჩენს


მთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია

საქართველოს ხელისუფლებამ 1 იავნრიდან საჯარო სექტორში ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია დააანონსა, თუმცა ჯერჯერობით, ახალი წლის დადგომამდე სულ ორიოდე კვირით ადრე, გარკვეული არ არის, რა ფორმით განხორციელდება ოპტიმიზაცია. არც ის არის ცნობილი, ვის შეეხება იგი. კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით არა მხოლოდ მოქალაქეებსა და ოპოზიციას, არამედ აუდიტის სამსახურსაც გაუჩინა. გუშინ აუდიტის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამ კითხვებზე აკეთებს მინიშნებას.

აუდიტის სამსახურის განცხადების თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლზე გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ოდენობამ 1,393.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 49.8 მლნ ლარით (3.5 %-ით) ნაკლებია, 2016 წელთან შედარებით. წარმოდგენილი პროექტით, 54 საბიუჯეტო ორგანიზაციაში (მთლიანი ოდენობის 23.6 %) 2017 წელს იგეგმება „შრომის ანაზღაურების“ მუხლის შემცირება 10 %-ითა და მეტი ოდენობით, 105 საბიუჯეტო ორგანიზაციში (45.9 %) შემცირება განხორციელდება 0 %-დან 10 %-მდე ოდენობით, 70 უწყებაში კი (30.6 %) იგეგმება შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა ან იმავე მოცულობით შენარჩუნება.

აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში „შრომის ანაზღაურების“ ხარჯების შემცირების მიუხედავად, უმეტეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა გეგმური რიცხოვნება უცვლელი რჩება. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე გეგმავს მთავრობა შრომის ანაზღაურების ხარჯების შემცირებას.

უწყება აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები შრომის ანაზღაურების შემცირების თაობაზე არ გულისხმობს საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის სახელფასო განაკვეთის შემცირებას, ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა განხორციელდეს იმ სისტემური ხასიათის ნაკლოვანებათა აღმოფხვრის გზით, რომლებზე არაერთხელ იყო მითითებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში, კერძოდ:

რამდენადაც მომავალი წლის ბიუჯეტის კანონი ამჟამად განხილვის პროცესშია, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ გარკვეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრული საშტატო რიცხოვნება მნიშვნელოვნად აღემატება წლის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა საშტატო რიცხოვნებას. აღნიშნულის შედეგად, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები ან აუთვისებელი რჩება, ან ნაწილდება თანამშრომლებზე პრემიებისა და დანამატების სახით. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია „შრომის ანაზღაურების“ მუხლის დაგეგმვის პროცესში მოხდეს საშტატო რიცხოვნების რეალური მაჩვენებლების განსაზღვრა და მიმდინარე წლის განმავლობაში შტატით დასაქმებულ მომუშავეთა ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინება, რათა თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში დიდი რაოდენობით თავისუფალი საშტატო ერთეულის არსებობა და უზრუნველყოფილ იქნეს საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენება.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის დადგენილებისა, რაც მიზნად ისახავდა შეეზღუდა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში გასაცემი პრემიის მოცულობა და პერიოდულობა, 2016 წელს როგორც პრემიების, ასევე დანამატების გაცემა, გასულ წელთან შედარებით, ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა. რადგან ზემოაღნიშნულმა დადგენილებამ ვერ უზრუნველყო საკითხის სათანადოდ დარეგულირება, მიზანშეწონილია მთავრობამ შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმი საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის დასარეგულირებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიტის ანგარიშები ცხადყოფს, რომ გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციები პრემიებს გასცემენ სათანადო დასაბუთების გარეშე, ხოლო დანამატების გაცემისას უწყებები ვერ წარმოადგენენ დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. არის, ასევე, როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით გაცემის ფაქტები; ასევე, უმეტეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, კონკრეტულ თანამშრომლებს წინასწარ მთელი წლის განმავლობაში ენიშნებათ დანამატი, რაც, თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის, ეს კი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვალება.

აღნიშნულის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი იყოს რაციონალური, სისტემური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრასა და საჯარო სექტორში ჯანსაღი სახელფასო სისტემის დანერგვაზე ორიენტირებული.

XS
SM
MD
LG