საფინანსო კომპანია „საქართველო“ ორ თვეზე მეტია მეანაბრეებს კუთვნილ საპროცენტო სარგებელს არ უხდის და არც ანაბარზე განთავსებულ თანხებს უბრუნებს. მეანაბრეების ინფორმაციით, საფინანსო კომპანიას 30 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს მათგან მიღებული.
კომპანიის კლიენტების თქმით, მათ უმეტესობას ანაბრის სახით 5-დან 18 ათას დოლარამდე თანხა აქვს შეტანილი. კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ მეანაბრეებს, თუმცა კითხვას, როდის შეძლებს კომპანია მათი თანხების გასტუმრებას, პასუხი ვერ გასცეს.
მნიშვნელოვანია მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, თუ რა რისკებს უკავშირდება თანხების იმ საფინანსო კომპანიებში განთავსება, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ მოქმედი კანონმდებლობით არ კონტროლდება.
ეროვნული ბანკი 2009 წლის დეკემბრიდან პასუხისმგებელია საფინანსო ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა - კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და, ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობასა და რეგულირებაზე.
საკრედიტო კავშირების შემთხვევაში, ზედამხედველობის მიზანია კავშირების სტაბილური ფუნქციონირება, დეპოზიტების მფლობელთა და სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების დაცვა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში - ამ ორგანიზაციების სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ არსებული რეგისტრირებული საკრედიტო კავშირებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. მოცემული ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში სულ 14 საკრედიტო კავშირია, სადაც განთავსებული დეპოზიტების ოდენობა, ბოლო მონაცემებით, 5.4 მლნ ლარია. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სულ 72 რეგისტრირებული ორგანიზაციაა და მათ მიერ ფიზიკური პირებისგან მოზიდული სესხები 204 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან რეზიდენტი ფიზიკური პირებისგან მოზიდული თანხები 144 მლნ ლარამდეა.
საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკის მიერ, მთავრობასთან ერთობლივი მუშობის შედეგად, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სხვა პრობლემატურ საკითხთან ერთად აღნიშნული საკითხის შესაბამის ჩარჩოში მოქცევასაც ითვალისწინებს და რომლის განხილვას ახალი მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, შეკრებისთანავე დაიწყებს.