ლარის კურსის გაუფასურების პროცესი დღეს ერთ-ერთი მთავარი განსჯის საგანია. მართალია, ეს პროცესი არ ყოფილა მყისიერი და ვარდნაც არ არის ისეთი მტკივნეული, როგორც ეს გასულ წელს იყო, მაგრამ პროცესი შეუქცევად სახეს იძენს და, შესაბამისად, როგორც ექსპერტების, ისე პოლიტიკოსების კომენტარებს იმსახურებს.
8 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3060 ლარი იყო, 16 სექტემბერს - 2.3105 ლარი, ხოლო, დღეს მოქმედი კურსით, ლარის საშუალო შეწონილი კურსი 2.3525 გახდა.
პროცესი არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამას გარდა, ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილიზაციისთვის 3 კვირაში გაყიდა 140 მლნ დოლარი; ბოლო 3 კვირის განმავლობაში პირველი აუქციონი 22 სექტემბერს გაიმართა, მაშინ სებ-მა ბაზარს 20 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა; 27 სექტემბერს 40 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა; შემდგომი სავალუტო აუქციონი 3 ოქტომბერს გაიმართა, მაშინაც სებ–მა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.
საგულისხმოა, რომ ლარის კურსის შეცვლას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბოლო ხანებში განხორციელებული მსხვილი ტრანზაქციებით ხსნის: „ამჟამად არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც, შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ Forbes Banker-თან ინტერვიუში.
მსხვილი ტრანზაქციების გარდა, ცხადია, ტრადიციული არგუმენტია იმპორტის ზრდა და ექსპორტის საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელი. საინტერესოა, რომ შემცირების ტენდენციით ხასიათდება ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც, როცა გზავნილები მშპ-ს 6 პროცენტამდეა. შესაბამისად, ესეც თამაშობს გარკვეულ როლს ლარის კურსის ფორმირებაში.
ოპოზიციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ბიუჯეტის სეკვესტრირებას არ მოახდენს, ლარის შემდგომი გაუფასურება გარდაუვალი იქნება. მაგალითად, ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული სავალუტო ინტერვენციები პრობლემის მხოლოდ გადავადებას იწვევს, რეალური ცვლილებებისთვის კი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკაა შესაცვლელი.
თუმცა ხელისუფლება მაკროეკონომიკური ფაქტორების როლს გამორიცხავს და აქცენტებს სხვა მიზეზებზე აკეთებს.
მაგალითად, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს ლარის კურსზე არ ილაპარაკონ, რათა დაუსაბუთებელ პანიკას არ შეუწყონ ხელი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი აცხადებს, რომ „ორი ფაქტორია, რაც ლარის კურსის ცვლილებაზე ზემოქმედებს - ერთია არასწორი მოლოდინები, რაც გარკვეულმა ექსპერტებმა შექმნეს, რომ, თითქოს, არჩევნების შემდეგ ლარი კატასტროფულ ნიშნულამდე უნდა მისულიყო. რა თქმა უნდა, არასწორი მოლოდინების შექმნა ლარზე ზეწოლას იწვევს და ეს შემდეგ უფრო მაღალ კურსში აისახება. მეორეა ერთჯერადი ტრანზაქციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ახსენა. ეს გარკვეულ გავლენას იწვევს, თუმცა ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მაკროპარამეტრები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა, ქვეყანაში გადმორიცხვები, ტურიზმიდან შემოსავლები, გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია“.
ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ გუშინ პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს გააკეთა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 410 მილიონი ლარით იზრდება და 10.5 მილიარდ ლარს აღწევს. ქვეყანაში მოქმედი 19 სამინისტროდან მომავალ წელს ექვსში ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი.