არჩევნების მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალური გახდა ანაკლიის პორტის თემა და ის პერსპექტივა, რომელიც მას აქვს. საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ანუ მომავალ ოთხ წელიწადში, ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება.
მედია დაინტერესდა პორტის მშენებლობის მდგომარეობითაც. პორტის მშენებელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფსკერის შემსწავლელი, გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. კვლევები, დაახლოებით, 6-8 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც უშუალოდ პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პორტი, რომლის სიღრმეც 16 მეტრი იქნება, ანუ იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღრმა პორტი შავი ზღვის აკვატორიუმში, ყველაზე დიდ, სიგრძით 300-მეტრიან, საკონტეინერო გემებს მიიღებს. ნავსადგურში შესვლა და გაჩერება 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდებს შეეძლება, მაშინ როცა დღევანდელ ქართულ პორტებს მხოლოდ 1 400-1 500-კონტეინერიანი გემის მიღების შესაძლებლობა აქვთ. პორტი მხოლოდ სატვირთო გემებს მიიღებს და თავდაპირველად, 2020 წლიდან, მხოლოდ საკონტეინერო ტერმინალი ექნება. ანაკლიის პორტის პროექტი 9-ეტაპიანია. აქედან პირველი ფაზა 3 წელიწადში დასრულდება, რის შედეგადაც 2020 წელს უკვე პირველი გემის მიღებას შეძლებს. იმ დროისათვის პორტის გამტარუნარიანობა წლიურად 7 მილიონი ტონა უნდა იყოს. კონტრაქტის მიხედვით, დაახლოებით, 30 წელიწადში ნავსადგურის ტვირთბრუნვამ წელიწადში 40 მილიონი ტონა უნდა შეადგინოს, რის შემდეგაც პორტის გამტარუნარიანობა ბაზრის მოთხოვნის მიხედვით გაფართოვდება. ჯამში, პროექტის 9-ვე ეტაპის განხორციელება, დაახლოებით, 2.5 მილიარდი დოლარი, მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების ღირებულება კი 590 მილიონია.
აღსანიშნავია, რომ პორტის მართვის უფლება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 49 წლით აქვს, რის შემდეგაც ის სახელმწიფოს გადაეცემა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ „TBC ჰოლდინგისა“ და „კონტი ინტერნეშენალის“ მიერ ერთობლივად დაარსებული კომპანიაა. ამჟამად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებს სამი პორტი - ბათუმის, ფოთის და ყულევისა. ამ პორტების მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობამ 2015 წელს 20 მლნ ტონა შეადგინა. საზღვაო ხაზები აკავშირებს ჩვენს პორტებს თურქეთის – სამსუნის და სტამბოლის, ბულგარეთის – ვარნის და კონსტანცას, და უკრაინის – ოდესის და ქერჩის პორტებთან. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირთბრუნვის სურათი.
ცნობისთვის: 2015 წლის მონაცემებით, გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, ფოთის პორტში 8,6 მილიონი ტონიდან 6,8 მილიონ ტონამდე, ბათუმში კი 6,3 მილიონი ტონიდან 5,7 მილიონ ტონამდე შემცირდა.