Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების მართვის ეფექტიანობა


ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო

ავტორი: ირინა გურული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეფექტიანობის აუდიტის მომდევნო ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები: საგარეო საკრედიტო რესურსის საბოლოო ბენეფიციარის შერჩევის პროცესი, მსესხებელთა გადახდისუნარიანობა და საკრედიტო რისკების შეფასება, გაცემული სესხების მონიტორინგი და სხვა საკითხები.

საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს. მათი მოცულობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა და, ბოლო მონაცემებით, 1,2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ თანხებით ფინანსდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, ეს თანხები უზრუნველყოფს სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს შეღავათიანი ფინანსური რესურსით.

საგარეო წყაროდან მოზიდული შეღავათიანი სესხები ექვემდებარება გადასესხებას უშუალოდ მიმღებ ობიექტებზე, რაც ამცირებს საგარეო ვალის მომსახურების წნეხს სახელმწიფო ბიუჯეტზე. 2014 წლის მონაცემებით, საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მოცულობამ 1,210.91 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ვალის 15.5 %-ია. 2014 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების ნაშთი მთლიანი პორტფელის 65 %-ს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი წილი უჭირავს წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს (33 %). ამასთანავე, გადასესხებული სესხების პორტფელში 9 სესხია „რესტრუქტურირებული“, ხოლო 7 სესხი, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება დაკლასიფიცირდეს როგორც „უიმედო“ სესხი. ამასთან, მსოფლიო ბანკის მისიის მიერ, საქართველოს სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტიანობის შეფასების ფარგლებში, საგარეო საკრედიტო რესურსებიდან სესხების გაცემასა და მართვასთან დაკავშირებულ აქტივობებში საქართველო ყველაზე დაბალი D ქულით შეფასდა.

სწორედ ამ მოცემულობამ განაპირობა აუდიტის სამსახურის დაინტერესება აღნიშნული თემით. აუდიტის შედეგად კი, შემდეგი ნაკლოვანებები გამოვლინდა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არა აქვს შემუშავებული გადასესხების პოლიტიკა, სადაც, მსესხებელთა შერჩევის კრიტერიუმების გარდა, მოცემული იქნებოდა პროცესში ჩართული უწყებების ფუნქცია-მოვალეობები. ამასთან, სამინისტროს არა აქვს შემუშავებული რისკების შეფასების მეთოდოლოგია და არ ხდება საკრედიტო რისკების ჯეროვნად შეფასება. ამასთანავე, ფინანსური სირთულეების მქონე მსესხებელთათვის მიმდინარე გადასახდელის გადავადებისა თუ ახალი ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ ხორციელდება შესაბამისი, დადოკუმენტირებული, ფინანსური ანალიზის შედეგად. მნიშვნელოვანია, რომ იმ მსესხებელთა შემთხვევაში, რომლებსაც საკმაოდ დიდი ფინანსური პრობლემები აქვთ და, იმავდროულად, პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტის უალტერნატივო განმახორციელებლები არიან, განხილულ იქნეს საგარეო წყაროებიდან მოზიდული სახსრების გრანტის ან სხვა შესაბამისი ფორმით გადაცემის შესაძლებლობები. ეს ხელს შეუწყობს გადასესხებული სესხებიდან მისაღები სახსრების ბიუჯეტში გეგმის მიხედვით მობილიზებას. ფინანსთა სამინისტროს არ მოეპოვება ინფორმაცია მსესხებელთა ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რაც ზრდის იმის რისკს, რომ ფინანსთა სამინისტრომ დროულად ვერ აღმოაჩინოს სიძნელეები მსესხებელთა გადახდისუნარიანობის კუთხით და ვერ მიიღოს მათ დასაძლევად შესაბამისი ეფექტური ზომები. ფინანსთა სამინისტროში არ არის ჩამოყალიბებული საგარეო საკრედიტო რესურსიდან გაცემული სესხების აღრიცხვის ერთიანი, უნიფიცირებული მიდგომა.

საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვაში არსებული ნაკლოვანებების გათვალისწინებით და მოცემული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით შემუშავებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG