Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ანტიდემპინგური კანონპროექტზე უარს არ ამბობს


ხელისუფლება ანტიდემპინგური კანონპროექტის დამტკიცების მცდელობაზე უარს არ ამბობს. ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადეს, რომ ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია, უახლოეს პერიოდში კანონი პარლამენტში შევა, დამტკიცებით კი, სავარაუდოდ 2015 წლის ბოლომდე დამტკიცდება.

თუმცა აქვე ითქვა, რომ ამჟამად ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს გაითვალოს რა გავლენა შეიძლება იქონიოს კანონის ამოქმედებამ ბიზნესზე.

ანტიდემპინგური კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა.კვირიკაშვილის თქმით, კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვაა. ვიცე-პრემიერმა განაცხადა, კანონმდებლობა ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება და შეიძლება იმპორტიორისთვის მიუღებელი, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლისთვის მოსაწონი იყოსო. მიმდინარე წლის ნოემბერში კანონის შესახებ კომენტარი ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება უდიდესი სიკეთე იქნება. ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ.

დემპინგური ფასების წინააღმდეგ ბრძოლის არგუმენტად შემდეგი ტიპის მოსაზრებები სახელდება: ანტიდემპინგური კანონმდებლობის მომხრეები აცხადებენ, რომ სწორედ დემპინგურმა ფასებმა შეაჩერა ბოლო პერიოდში საქართველოში 6 წისქვილკომბინატის მუშაობა. გაცილებით ადრე პრობლემა შაქრის ადგილობრივ წარმოებას შეექმნა და ეს საკითხი ჯერ ვერ მოგვარდა. საქართველოში შაქრის ძირითად მწარმოებელ კომპანია „აგარის" ქარხანას უკრაინულ შაქართან კონკურენციის გაწევა დღემდე უჭირს. ბოლო თვებია ქართული ბაზარი უკრაინულმა შაქარმა ლამის წალეკოს. სულ ცოტა ხნის წინ სავაჭრო ქსელებში 1 კგ იმპორტირებული შაქარი 1,09-1,15 ლარად იყიდებოდა, მაშინ როცა ქართული პროდუქტის ფასი 1,5-1,6 ლარია.

შესაბამისად, ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიზნად ადგილობივი წარმოების ხელშეწყობა სახელდება.

თუმცა ასეთ ინიციატივებს ყოველთვის აქვს მეორე მხარე, მომხმარებლისთვის საზიანო: როცა იმპორტიორს არ ეძლევა საშუალება პროდუქტს თავისთვის მომგებიანი, მაგრამ ბაზარზე ნაკლები ფასი დაადოს, ეს მომხმარებელს პროდუქციას უძვირებს და არჩევანის თავისუფლებას ართმევს. მით უფრო საინტერესოა ეს ინიციატივა დღეს, როცა ლარის კურსი ერთი წლის მანძილზე ისედაც მნიშვნელოვნად შეირყა, რამაც იმპორტირებული პროდუქციათავისთავად გააძვირა, ადგილობრივ მწარმოებლებს კი „ფორა“ მისცა, რადგან ქართულ ბიზნესს მუშახელი არ გასძვირებია, ისევე როგორც, ხშირ შემთხვევაში, არ გაუძვირდა ადგილობრივი ნედლეული.

შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი შიშობს, რომ მსგავსი კანონმდებლობა ადგილობრივ ბიზნესს დაუსაბუთებელ პრივილეგიებს მიანიჭებს და მას, პირველ რიგში, მომხმარებლის ხარჯზე დაიცავს.

XS
SM
MD
LG