Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცვლილებები 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში


ხელისუფლება 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს გეგმავს. ცვლილებების თანახმად, კვლავ იზრდება სოციალური ხარჯები და მცირდება ინფრასტრუქტურული. ოფიციალური ინფორმაციით, ეს შემცირება განსახორციელებელი სამუშაოების მასშტაბზე არ აისახება, თუმცა ასეთი შეპირება ნაკლებად რეალისტურად გამოიყურება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება. შესაბამისი წინადადებით ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მინისტრთა კაბინეტსგუშინდელ სხდომაზე მიმართა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიც წარადგინა. "100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ჯანდაცვის პროგრამას წინასწარ დაგეგმილი დაფინანსება არ ჰყოფნის და ეს მაშინ, როცა ჯერჯერობით ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას წამლების კომპონენტი არ დამატებია.

საინტერესოა, რომ მინისტრი ჯანდაცვის დამატებით დაფინანსებას საგარეო კრედიტების მომსახურების თანხების შემცირებით აპირებს. მაგრამ აქვე ცნობილი ხდება, რომ ინფრაქტრუსტურისა და რეგიონალური განვითარების ხარჯები 77 მილიონი ლარით მცირდება და ასევე შემდეგ წელს გადადის (ანუ მცირდება) სოფლის მეურნეობის საირიგაციო ხარჯები.

უფრო დეტალურად: ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება და წლიური გეგმის 85 %-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა, ჯამში, შეადგინა 7 მილიარდ 962მილიონი ლარი. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან იმავე პერიოდში. გადასახდელების თვალსაზრისით, უკვე იანვარ-ოქტომბერში 7 მილიარდ 710 მილიონი ლარია. 10 თვეში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა მილიარდ 226 მილიონი ლარი შეადგინა.

როგორც მინისტრი ამბობს, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ამ ტენდენციების გათვალისწინებით არის წარმოდგენილი: 120 მილიონი ლარით იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა, ამავე დროს, 283 მილიონი ლარით მცირდება სესხება შიდა ბაზარზე - მთავრობა სახაზინო ვალდებულების გამოშვებას აღარ აპირებს, რადგან ქვეყანაში ამის საჭიროება არ არის. ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების გარდა, 4 მილიონი ლარით გაიზრდება თანხა სოფლის მეურნეობის სამინისტროში ლიზინგისათვის. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუმცირდება პროექტის თანხა და ირიგაციისა და დრენაჟის პროექტი გადავა მომავალ წელს. 77 მილიონი ლარით კი, როგორც აღვნიშნეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება.

თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღიარებს, რომ დაფინანსების შემცირება პირდაპირ აისახება კონკრეტულ პროექტზე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ „ყველა დაგეგმილი სამუშაო ბოლომდე იქნება მიყვანილი“. ეს შეპირება მოწმობს, რომ სამინისტროს ან 77 მილიონით ძვირად ჰქონდა შეფასებული სამუშაოები და ეს თანხა დაზოგა, ან, უბრალოდ, ნაკლები სამუშაოები დაგეგმა იმთავითვე და დანაზოგიც ასე წარმოიშვა.

ყველა შემთხვევაში, ბიუჯეტის სოციალური დატვირთვა ძლიერდება და, პარალელურად, ფაქტია, რომ ეკონომიკის მასტიმულირებელი ხარჯები მცირდება. ეს კი, ტრადიცულად, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება ხოლმე.

XS
SM
MD
LG