მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიო 140 ქვეყანას შორის 69-ე ადგილიდან 66-ზე გადმოინაცვლა. ინდექსი ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯებესება ბაზრის ეფექტიანობის კომპონენტშია, სადაც ქვეყანამ 12 პოზიციით წაიწია წინ. ყველაზე უმნიშვნელო - 1 პოზიციით -გაუმჯობესება მოხდა ბიზნესის განვითარების კომპონენტში. საქართველოს რეიტინგი 9 პოზიციით გაუმჯობესდა შრომის ბაზრის ეფექტიანობის კომპონენტში, 8 პოზიციით - ფინანსური ბაზრის განვითარების მიმართულებით, ხოლო 5 პოზიციით - უმაღლესი განათლებისა და ტრენინგის კომპონენტში.
რაც შეეხება ცალკეული კომპონენტების ქვეკომპონენტებს, ინსტიტუციების კომპონენტში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საკუთრების უფლების მხრივ, სადაც ქვეყანა 27 პოზიციით დაწინაურდა და 58-ე ადგილზე გადმოინაცვლა. საგრძნობლად გაუმჯობესდა კანონმდებლობის ეფექტიანობა რეგულაციებში და დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობის მაჩვენებლები. ფაქტობრივად უცვლელია სახელმწიფო რეგულაციების ტვირთისა და პოლიტიკოსების მიმართ ნდობის განმსაზღვრელი ქვეკომპონენტები.
განათლების კომპონენტს რაც შეეხება, დაწყებითი განათლების ხარისხის მხრივ, ანგარიშში ნაჩვენებია 2-საფეხურიანი დაწინაურება, 8 საფეხურით გაუმჯობესდა მათემატიკური და სამეცნიერო განათლების ხარისხის ინდიკატორი. ერთი შეხედვით ამ დადებითი ცვლილების მიუხედავად, მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელოა. საქართველო დაწყებითი განათლების ხარისხის მხრივ 90-ე, ხოლო მათემატიკური და სამეცნიერო განათლების ხარისხის რეიტინგში 140 ქვეყანას შორის 97-ე ადგილს იკავებს. მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებაა პროფესიულ განათლებაში ჩართულთა პროცენტული ზრდა.
ყველაზე ნაკლები პროგრესი განიცადა ფინანსური ბაზრების განვითარების კომპონენტმა. კერძოდ, სესხებზე ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველო 140 ქვეყანას შორის 109-ე ადგილს იკავებს. ტრადიციულად, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების კომპონენტში საქართველოს პოზიციები ყველაზე სუსტია. ასე მაგალითად, მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობის მხრივ, ქვეყანა 113-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის კუთხით - 109-ე ადგილს.
დაბოლოს, სამი მიმართულებაა, რომელშიც საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია: ქვეყანა მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში სახელმწიფო რეგულაციების ტვირთის მხრივ, საგადასახადო განაკვეთების მხრივ - მეცხრე, ხოლო ხელფასის განსაზღვრის მოქნილობის მაჩვენებლით - მეათე ადგილზე.
სამი ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი კომპონენტები კი შემდეგია: ადგილობრივ მიმწოდებელთა რაოდენობა - 137-ე ადგილი, ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტი - 116-ე ადგილი, მომხმარებელთა მოთხოვნა - 114-ე ადგილი.
კონკურენტუნარიანობის ანგარიში ქვეყნის ძლიერ და სუსტ მხარეებს კარგად წარმოაჩენს და ეხმარება მთავრობებს მოახდინონ პრიორიტეტების სწორად იდენტიფიცირება და განახორციელონ შესაბამისი რეფორმები.