Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკომიგრანტთა ყოფა


25 თებერვალს გაიმართა პრეზენტაცია გამოკვლევისა „ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტები საქართველოში: გამოცდილება და თვითშეფასება“. როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, კვლევისას გამოიკვეთა არაერთი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს იმისათვის, რომ ეკომიგრანტთა საცხოვრებელი პირობები მინიმალურად მაინც გაუმჯობესდეს. ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა კი, მათი თქმით, კანონმდებლობის არარსებობა და ეკომიგრანტების შესახებ სანდო სტატისტიკის უქონლობაა. ლაპარაკია ასევე ეკომიგრანტთა არაინფორმირებულობაზე.

ეკომიგრანტი ვლადიმერ მამულაძე ხონში მას შემდეგ ცხოვრობს, რაც 1989 წელს ზემო აჭარას სტიქიური უბედურება დაატყდა თავს. მასთან ერთად დასახლდა ხონში 300-მდე ოჯახი. ის რადიო თავისუფლებას ეკომიგრანტთა გასაჭირზე ესაუბრება:

„ძროხას მოწველი, შეჭამ, მერე ისევ ძროხას გამოკვებავ და ესაა. ისეთი გაჭირვებულები არიან ეკომიგრანტები, რომ დღემდე იმ ბარაკებში ცხოვრობენ, რომლებიც 1989 წელს ააშენეს. კატასტროფული მდგომარეობაა“.

ჩამოგვასახლეს და მას შემდეგ მოვდივართ ჩვენი დინებით მე და ჩემი ოჯახი

„ჩამოგვასახლეს და მას შემდეგ მოვდივართ ჩვენი დინებით მე და ჩემი ოჯახი. არც შეგვკითხებიან ჩვენი პრობლემების შესახებ. ერთი ნაბიჯის გადადგმით ხომ ცხოვრებას ვერ ააწყობ ადამიანი. თუ რაღაც ძალა არა გაქვს, ვერაფერს ვერ მიაღწევ ვერასდროს, ეს ხომ ასე არის“... - ამბობს იმ ეკომიგრანტთაგან ერთ-ერთი, რომელთა საცხოვრებელი პირობები და პრობლემები გამოიკვლია დემოკრატიის ინსტიტუტმა და საზოგადოებას გააცნო ანგარიში, სახელწოდებით „ეკომიგრანტები და პოტენციური ეკომიგრანტები საქართველოში: გამოცდილება და თვითშეფასება“. გამოკვლევა სამ მუნიციპალიტეტში - ხულოში, კახეთსა და ქვემო ქართლში - ჩატარდა. როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, კვლევისას გამოიკვეთა არაერთი საკითხი, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს ეკომიგრანტთა საცხოვრებელი პირობების მინიმალურად მაინც გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი უპირველესი პრობლემა, რომელიც, ავტორთა თქმით, ეკომიგრანტთა წინაშე დგას, კანონმდებლობის არარსებობა და ეკომიგრანტების შესახებ სანდო სტატისტიკის უქონლობაა. სწორედ ამიტომ, მათი უპირველესი რეკომენდაცია ხელისუფლების მიმართ არასრულყოფილი სამართლებრივი ჩარჩოს პრობლემის მოგვარებაა.

აღსანიშნავია, რომ ეკომიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კომპეტენციაში შედის. 2013 წლის 13 ნოემბრის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა ტერმინ „ეკომიგრანტის“ შინაარსიც. რაც შეეხება მცირე სტატისტიკურ მონაცემებს, 2010-14 წლებში ეკომიგრანტების განსახლებისათვის ერთი მილიონ 600 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და შეძენილ იქნა 86 საცხოვრისი.

თინათინ ზურაბიშვილი, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს თავიანთი გამოკვლევის უმთავრეს მიზანზე: როგორც ის ამბობს, ეკომიგრანტების თვალით წარმოჩენილი პრობლემები გაცილებით უკეთ ასახავს მათ დღევანდელ მძიმე ყოფას. თინათინ ზურაბიშვილი ლაპარაკობს ეკომიგრანტების განსხვავებულ მდგომარეობაზე სხვადასხვა დასახლების ადგილას და ხაზს უსვამს პრობლემას, რომელიც ეკომიგრანტთათვის საცხოვრისების დაკანონებას ეხება:

„წალკაში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ ვითომ შეუძინა სახლი, მაგრამ მათ ისევ მოუწიათ თანხის დამატება. ყველა ის ადამიანი, ვისაც წალკაში ვესაუბრეთ, ერთი წლის მანძილზე მაინც ცხოვრობდნენ ქირით და ამ ქირას არავინ უნაზღაურებდა, სანამ სახლებში შეძლებდნენ შესვლას, თუმცა ეს სახლებიც დღემდე არ არის მათ საკუთრებაში“.

შეთანხმებულია დაზარალებულთა ორი კატეგორია, რომელიც განსაზღვრავს ეკომიგრანტთა საცხოვრისებით უზრუნველყოფის რიგითობას

თინათინ ზურაბიშვილის მიერ ნახსენებ საცხოვრებელი სახლების დაკანონების პრობლემას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეხმაურება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, კონსტანტინე რაზმაძე. ის ამბობს, რომ, მთავრობის განკარგულების თანახმად, უკვე ჩატარდა საცხოვრებლების აზომვითი სამუშაოები, აღიწერა ოჯახები და მარტის ბოლოდან პირველ 200 ოჯახს გადაეცემა სახლები საკუთრებაში. ის ვარაუდობს, რომ პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით სტიქიით დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების რიცხვი 9 000-ს შეადგენს. კონსტანტინე რაზმაძე ლაპარაკობს ბიუჯეტის სიმცირეზეც, რაც, მისი თქმით, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს ყველა ეკომიგრანტი. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, შეთანხმებულია დაზარალებულთა ორი კატეგორია, რომელიც განსაზღვრავს ეკომიგრანტთა საცხოვრისებით უზრუნველყოფის რიგითობას:

„პირველი კატეგორია ფასდება ათი ქულით, მეორე - შვიდი ქულით. შემდეგ უკვე მოდის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება. ოჯახის წევრებში მცხოვრები მცირეწლოვანები, მარტოხელა პენსიონერები, შშმ პირები, სოციალურ ბაზაში მყოფნი და სხვა. და თითოეულ ამ კრიტერიუმს აქვს ქულა. შესაბამისი მაღალი ქულის მქონე ოჯახები კმაყოფილდებიან პირველ რიგში და დანარჩენები არიან მოლოდინის რეჟიმში“.

რაც შეეხება საცხოვრებლით დაკმაყოფილების პირობებს, კონსტანტინე რაზმაძის თქმით, თუკი 2009 წლამდე სახელმწიფო თავად განსაზღვრავდა, თუ სად უნდა ჩაესახლებინა ეკომიგრანტები, 2009 წლის შემდეგ სტიქიით დაზარალებულ ადამიანს თავად შეუძლია აირჩიოს საცხოვრებელი, რომლის ადგილმდებარეობასაც ის წარადგენს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, რის შემდეგაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს საცხოვრებლის ვარგისიანობას, დგინდება მისი საბაზრო ღირებულება და მხოლოდ ამის შემდეგ აფინანსებს სახელმწიფო სახლის შესყიდვას. დაფინანსების ოდენობა კი მაქსიმუმ 25 000 ლარს შეადგენს.

ეკომიგრანტთა უფლებაზე თავად აირჩიონ საცხოვრებელი სახლები, გამოკვლევის ავტორი თინათინ ზურაბიშვილი ამბობს, რომ მათ არ აქვთ ამ უფლების სრულყოფილად გამოყენების საშუალება. ის ისევ და ისევ გამოკითხვის შედეგებს იშველიებს:

„შენივე არჩეულ რეგიონში ვერ გადასახლდები ასე ადვილად. რეალურად, მაგალითად, აჭარელ ეკომიგრანტებს ურჩევნიათ აჭარაში დარჩენა, მაგრამ სახელმწიფო ხშირად ამბობს, რომ აჭარაში არ არის ამდენი ადგილი, რომ ეკომიგრანტების ის რაოდენობა განსახლდეს, რაც რეალურად გვყავს“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი გამოკვლევაში ეძღვნება პოტენციურ ეკომიგრანტთა პრობლემას, ხულოს მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად კი ვაშლოვანსა და დეკანაშვილებში მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც მეწყერსაშიშ და ზვავსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. როგორც გამოკვლევის ავტორები წერენ, გასულ წლებში განსახლებული ეკომიგრანტების გამოცდილების გათვალისწინებით, დღევანდელი პოტენციური ეკომიგრანტები მოითხოვენ გარანტიებს, რომ ახალი საცხოვრისი სადავო არ გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საცხოვრისი და მიწა მათ საკუთრებაში უნდა გადაეცეთ.

XS
SM
MD
LG