Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი ქართული სამკაულის გზა


გასული წლის მიწურულს კულტურის სამინისტროში გაიმართა ალბომის პრეზენტაცია, სახელწოდებით „ძველი ქართული სამკაული“. წიგნი-ალბომი „ქარჩხაძის გამომცემლობის“ მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. გამოცემაშ წარმოდგენილია საქართველოს საცავებში დაცული უძველესი სამკაულის ნიმუშები - პრეისტორიული ხანიდან ოქრომრავალ კოლხეთამდე. წიგნში სრულადაა განხილული ძველი ქართული სამკაულის განვითარების გზა.

რუსთაველის 3 ნომერში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, “არქეოლოგიური საგანძურის” განყოფილებაში ერთხელ თუ მაინც მოხვდები, არ არსებობს, იქ ნანახი სამკაული როდესმე დაგავიწყდეს. შუშის მიღმა თეთრ დაფებზე გამოფენილი სამკაული, ზოგი რომ ძველ ქვის ხანას ეკუთვნის, ზოგი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას და ზოგიც რომ “ოქრომრავალ კოლხეთად” წოდებულ კოლექციაში ერთიანდება, დამთვალიერებელს აიძულებს თითოეულ ექსპონატთან დიდხანს გაჩერდეს და არა მხოლოდ გაჩერდეს, არამედ დაფიქრდეს იმაზე, თუ ვინ ქმნიდა ამ სამკაულს და ვინ იყვნენ ისინი, ვინც ამ სამკაულს ატარებდა. თითოეული სამკაული თავის ამბავს ჰყვება. სწორედ ამ ამბებს, სწორედ ამ სამკაულს მოუყარა ერთ წიგნში, ერთ ალბომში თავი ნინო ლორთქიფანიძემ.

სქელტანიანი ალბომი, რომელიც გია ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა და რომელსაც “ძველი ქართული სამკაული” ჰქვია, აერთიანებს საქართველოში სხვადასხვა დროსგათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომელთა უმეტესობაც ადგილობრივი ნაწარმია და რომლებიც თარიღდება ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული, ვიდრე ახალი წელთ აღრიცხვით პირველი-მეოთხე საუკუნეებით.

თუკი სულ რამდენიმე სიტყვით შევჩერდებით, ზოგადად, სამკაულის ისტორიაზე, დღეს ჩვენამდე მოღწეულ უძველეს სამკაულად მიჩნეულია სამხრეთ აფრიკაში, ბლომბოსის გამოქვაბულში აღმოჩენილი ნიჟარის მძივები, რომლებიც, დაახლოებით, 100 000 წლით თარიღდება. რამ განაპირობა სამკაულის შექმნა, ამის დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. მეცნიერთა აზრით, სამკაულებს შესაძლოა ქმნიდნენ მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნებისთვის ან, მაგალითად, ბოროტი ძალების განსადევნად. ამ ისტორიის ნაწილია ის სამკაულიც, რომელიც საქართველოში გათხრების შედეგად აღმოჩნდა და რომელიც ალბომში მოექცა. ერთ-ერთი პირველი ექსპონატი კი, რომლის თაობაზეც ალბომის ავტორი, ანტიკური კულტურის მკვლევარი ნინო ლორთქიფანიძე ჰყვება, იმერეთში, ძუძუანას მღვიმეში, აღმოჩენილი, ძველი ქვის ხანით დათარიღებული ძვლის ფირფიტის საკიდია.

სამკაულის გარკვეული რაოდენობა იყო კარგად გაცვეთილი, მაგრამ, აი, ვანის გათხრებისას აღმოჩენილი ზოგიერთი ნივთი, მაგალითად, ბალთა ირემი, სასაფეთქლეები, ეს სამკაული არ არის ნატარები. რომ ჩახედავ სამკაულს სპეციალური ოპტიკის საშუალებით, ყველა დეტალი კარგად ჩანს...
ქუცნა ამირეჯიბი

ნინო ლორთქიფანიძე ოთხი წლის მანძილზე იკვლევდა ძველი ქართული სამკაულის საფუძვლებს, ტენდეციებსა და განვითარების ისტორიას.

სამკაულში ყველაზე ნათლად აისახება ერის თუ საზოგადოების კულტურა, მეუბნება ნინო ლორთქიფანიძე, რომლის თქმითაც, იშვიათად მოიძებნება მსოფლიო კულტურაში სამკაული, რომლის განვითარებაც ასეთ სისტემურ ხასიათს ატარებდეს: „ამ ყველაფერში ვგულისხმობ ქრონოლოგიურ უწყვეტობას - ძველი ქვის ხანიდან მოყოლებული, რომაულ ეპოქამდე, ახ.წ.აღ-ის მესამე-მეოთხე საუკუნემდე - და თვითმყოფადობას. ოღონდ, ეს არ ნიშნავს იზოლაციას გარესამყაროსგან. სწორედ ეს არის მთავარი საიდუმლო, მთავარი ხიბლი ქართული სამკაულის, რომ ის ყოველთვის იქმნებოდა გარესამყაროსთან თანხვედრით და თითოეული ეპოქის ფარგლებში წამყვანი ცენტრების გავლენით, მაგრამ, აი, ამ სიახლეების გადამუშავებით და საკუთარი ინტერპრეტაციით“.

სამკაულები, რომლებიც ნინო ლორთქიფანიძემ იკვლია, არ არის მხოლოდ სამშვენისები პირდაპირი გაგებით. მისი თქმით, ამ სამკაულებში ასახულია ის რელიგიური რწმენა-წარმოდგენები და ისტორია, რომელიც იმ ეპოქისა და კულტურისათვის იყო დამახასიათებელი: „სამკაულის უკან იკითხება ძალიან დიდი ისტორიული ინფორმაცია, ოღონდ, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს განხილული მისი აღმოჩენის კონტექსტის გათვალისწინებით. ამდენად, ეს არის არა დამოუკიდებლად როგორც ხელოვნების ნიმუში, არამედ ორგანული ნაწილი კულტურის. თითოეულ ეპოქაში ის გვაძლევს სრულ ინფორმაციას და ამიტომ არის ქართული სამკაულის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის იძლევა ფუფუნებას, რომ სამკაული საერთო სისტემაში იქნეს განხილული და მივიღოთ ინფორმაცია“.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყოს ნაზავი მეცნიერებისა და ესთეტიკის. ანუ ეს წიგნი ზოგი ადამიანისათვის არის ალბომი, რომელსაც ათვალიერებ, და ზოგისთვის არის მეცნიერულად ტევადი ტექსტი, რომელსაც შეიმეცნებს...
გია ქარჩხაძე

ვანსა და საირხეში წარჩინებულთა სამარხებში აღმოჩენილი ძვ. წ. V-IV საუკუნეების კოლხური სამკაული - დიადემები, სასაფეთქლეები, ყელსაბამები, სამაჯურები და სხვა, აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ. წ. IV-III საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომელთა შორის უნიკალურობით გამოირჩევა ახალგორის განძი, იმ არისტოკრატიის კუთვნილება, რომელიც აქ ქართლის სამეფოს, იბერიის, შექმნამდე ცხოვრობდა; ოქროს საკიდები, ბრინჯაოს დუგმები, ქსოვილზე დასაკიდებელი ოქროს ფირფიტები, თავსამკაულის დეტალები, სარტყლები, ყელსაბამები, ბეჭდები - ეს სამკაულები ალბომისთვის ფოტოზე ქუცნა ამირეჯიბმა აღბეჭდა. რთული იყო მისი მისია, გადმოეცა უძველესი სამკაულის თითოეული ნიუანსი თუ ის დეტალი, რომელზეც თავის დროზე მისმა შემქმნელმა იფიქრა. ქუცნას ჰქონდა შესაძლებლობა შუშის მიღმა ენახა ეს სამკაული, შეჰხებოდა და ბოლომდე შეეგრძნო მათი საიდუმლო. როდესაც სპეციალური აპარატურით მუშაობ, შენს თვალწინ ყველა დეტალი იშლება და ამ დეტალებთან ერთად შენზე გადმოდის ის აურა, რომელიც ამ ნივთებს გააჩნიაო, მიხსნის ქუცნა. მუშაობის პროცესში ქუცნამ აღმოაჩინა, რომ სამკაულის ნაწილი, რომელსაც ის იღებდა, არ იყო ნატარები. მისი თქმით, ზოგიერთი ოქროს სამკაული, საერთოდ არ იყო გაცვეთილი: „სამკაულის გარკვეული რაოდენობა იყო კარგად გაცვეთილი, მაგრამ, აი, ვანის გათხრებისას აღმოჩენილი ზოგიერთი ნივთი, მაგალითად, ბალთა ირემი, სასაფეთქლეები, ეს სამკაული არ არის ნატარები. რომ ჩახედავ სამკაულს სპეციალური ოპტიკის საშუალებით, ყველა დეტალი კარგად ჩანს. და ეს დეტალები იყო უცვეთი. როგორც ჩანს, ეს სამკაული სპეციალურად მზადდებოდა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გარდაიცვალნენ“.

სამკაულებს ქუცნა წელიწად-ნახევრის მანძილზე იღებდა. დროის ამ მონაკვეთში ის ერთ დასკვნამდე მივიდა: „მატერია და ენერგია - ეს არის ორი მხარე. აქაც ასეა. ნამდვილ ხელოვნებას, სულ ერთია, ეს ვიზუალია თუ სიტყვა, აქვს ასეთი თვისება: მატერიალურად არის პატარა და ენერგეტიკულად დიდი. ასეთი უცნაურობა ახასიათებს ყველა ხელოვნების ნიმუშს. მით უმეტე, ასეთ პატარა ნივთებს, რომელიც გაკეთებულია გადასარევად. სწორედ ესაა ნიჭი, რომ შეგეძლოს ადამიანს, პატარა რაღაცას რომ აკეთებ, ჩადო ძალიან დიდი ენერგია. ეს არის, რაც თვალში გხვდება, როდესაც ასეთ ნივთებზე მუშაობ“.

ალბომის შექმნის იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გია ქარჩხაძის გამომცემლობამ გადაწყვიტა ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის წიგნების სერია მიეძღვნა. გამომცემლობის ხელმძღვანელი გია ქარჩხაძე წიგნების კონცეფციაზე საუბრობს, სადაც წიგნი, ერთდროულად, იქნებოდა პოპულარული, მეცნიერულად მნიშვნელოვანი და ვიზუალურად საინტერესო. ამ მიზნით რამდენიმე წლის წინ გამოიცა ალბომი „ქართული ნაქარგობა“. ამის შემდეგ კი ჯერი უკვე სამკაულზე მიდგა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყოს ნაზავი მეცნიერებისა და ესთეტიკის. ანუ ეს წიგნი ზოგი ადამიანისათვის არის ალბომი, რომელსაც ათვალიერებ, და ზოგისთვის არის მეცნიერულად ტევადი ტექსტი, რომელსაც შეიმეცნებს. და ეს ძალიან დიდ წონას სძენს გამოცემას არა მხოლოდ იმით, რომ მას პუბლიკას უმრავლებს, არამედ თავისთავად გამოცემის მუხტი და მნიშვნელობა იზრდება“.

გია ქარჩხაძის თქმით, გამოსაცემად მზადდება შემდეგი ალბომი - „ქართული ხატები“. როგორც ის ამბობს, გამომცემლობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და წიგნების გზით ამ საგანძურის საზოგადოებამდე მიტანა.

XS
SM
MD
LG