Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესნახტომი, ეჭვების თანხლებით


საქართველო მე-9 ადგილს იკავებს მსოფლიო ბანკის მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში - ”ბიზნესის წარმოება 2013” („Doing Business 2013“), რაც მსოფლიოს 185 ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის შეფასებას ისახავს მიზნად. რას მოასწავებს საქართველოს 7 ადგილით დაწინაურება და რამდენად ადეკვატურად ასახავს ეს ანგარიში ბიზნესის რეალურ მდგომარეობას საქართველოში?

სინგაპური, ჰონგკონგი, ახალი ზელანდია, შეერთებული შტატები, დანია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კორეის რესპუბლიკა და ავსტრალია - ეს ის ქვეყნებია, რომლებთან ერთადაც საქართველო მოწინავეთა ათეულში - მე-9 ადგილზე - მოხვდა.

საბოლოო ქულა გამოითვლება იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ესა თუ ის ქვეყანა ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებული 10 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით იმსახურებს. ეს კრიტერიუმებია: ბიზნესის დაწყება, ქონების რეგისტრაცია, გადასახადების გადახდა, მშენებლობის ნებართვის აღება, საგარეო ვაჭრობა, ხელშეკრულებების შესრულება, ელექტროენერგიის მიღება, ინვესტორების დაცვა, კრედიტის აღება და ბიზნესის დახურვა. ყველაზე კარგი მაჩვენებელი საქართველოს წელსაც ”ქონების რეგისტრაციის” კუთხით აქვს და, ამ თვალსაზრისით, პირველ ადგილს იკავებს, მაშინ როცა 81-ე ადგილზე გასვლით ყველაზე ცუდი მაჩვენებელი საქართველოს ”ბიზნესის დახურვის” კრიტერიუმთან მიმართებით აქვს. მეტიც, ამ უკანასკნელი მიმართულებით, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელ ანგარიშში მდგომარეობა 6 ადგილით გაუარესდა.
მთავრობა უნდა უყურებდეს ამ რეიტინგს - და შეიძლება არამხოლოდ ამ რეიტინგს - როგორც თერმომეტრს, რომელიც კარგად ასახავს ეკონომიკაში და მეწარმეობაში შექმნილ ვითარებას ...
ვახტანგ ლეჟავა

2 ადგილით არის გაუარესებული მდგომარეობა ”ინვესტორთა დაცვის” კუთხით. ყველაზე დიდი (38-ადგილიანი) წინსვლა, საქართველომ ”ელექტროენერგიის მიღების” კრიტერიუმთან მიმართებით განიცადა და წელს 50-ე ადგილს დასჯერდა. აქვე ვთქვათ, რომ ეს რეიტინგი არ ზომავს ბიზნესგარემოს ისეთ ასპექტებს, როგორიც არის, მაგალითად: უსაფრთხოება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, კორუფციასთან ბრძოლა, დასაქმების მაჩვენებლები თუ ინფრასტრუქტურის ხარისხი.

იმის გარდა, რომ, საერთო ჯამში, საქართველომ შარშანდელი მე-16 ადგილიდან საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთა და მე-9 ადგილი დაიკავა, განვითარებულ ქვეყნებში ერთი განვითარებადი ქვეყნის მოხვედრის უპრეცედენტო ფაქტს სახარბიელოდ მიიჩნევს ჯერ ისევ მოქმედი მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი ვახტანგ ლეჟავა. მართალია, ეს, ცხადია, მისთვის არ ნიშნავს, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარების დონე, მაგალითად, შეერთებული შტატებისას უტოლდება, მაგრამ ლეჟავა ფიქრობს, რომ საქართველოს ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე:

”მთავრობა უნდა უყურებდეს ამ რეიტინგს - და შეიძლება არამხოლოდ ამ რეიტინგს - როგორც თერმომეტრს, რომელიც კარგად ასახავს ეკონომიკაში და მეწარმეობაში შექმნილ ვითარებას, და შესაბამისი ქმედებები უნდა გაატაროს, იქნება ეს საკანონმდებლო თუ აღსრულების თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ახლა ძალიან კარგი მდგომარეობა - ეს ძალიან კარგი შეტყობინებაა ინვესტორებისთვის, ეს ძალიან კარგი შეტყობინებაა მეწარმეებისთვის.”
როგორც კი ინვესტორი დახარბდება იმას, რომ, ვთქვათ, რეგისტრაციაა სწრაფი, აღრიცხვიანობაა ელექტრონული, და შემოყოფს ამ სივრცეში თავს, სათაგური იხურება ...
გია ხუხაშვილი

მაშინ, როცა ბიზნესის კეთების რეიტინგს ვახტანგ ლეჟავა ”ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონედ” ახასიათებს, იმავე რეიტინგის სანდოობაში ეჭვი ეპარება საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე გია ხუხაშვილს. იმის გარდა, რომ ექსპერტი არასანდოდ მიიჩნევს ოფიციალურ მონაცემებზე დაფუძნებულ გამოკვლევებს, მსგავსი რეიტინგები მას სათაგურზე მიმაგრებულ ყველსაც აგონებს:

”როგორც კი ინვესტორი დახარბდება იმას, რომ, ვთქვათ, რეგისტრაციაა სწრაფი, აღრიცხვიანობაა ელექტრონული, და შემოყოფს ამ სივრცეში თავს, სათაგური იხურება და ის აღმოჩნდება მძევლად ძალიან არასახარბიელო სიტუაციაში. ჩვენთან არის ეგრეთ წოდებული ნომენკლატურული კაპიტალისტური სისტემა შექმნილი, როცა ხელისუფლება არის ეკონომიკური სივრცის დირექტორი. ეს არის ყოვლად უვარგისი სისტემა, რომ რეალურად განვითარდეს ეკონომიკა და ინვესტორისთვის მომგებიანი იყოს საქართველოში მოღვაწეობა.”

თუმცა გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ინვესტორები მაინც არ ტყუვდებიან და რეიტინგებს ისინი ”საკუთარი ყნოსვით” გადაამოწმებენ ხოლმე. სწორედ ამას მიაწერს ექსპერტი იმ გარემოებას, რომ საქართველოს საინვესტიციო რუკა დასავლური კაპიტალის სიმცირით გამოირჩევა.

თუკი კვლავ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ახალ ანგარიშს დავუბრუნდებით და ძირითად აქცენტებს გადავხედავთ, ისევე როგორც 2005 წელს საქართველო, წელს ყველაზე წარმატებულ რეფორმატორ ქვეყნად პოლონეთი დასახელდა. პოლონეთის კვალდაკვალ, ბიზნესის კეთების გამარტივების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი გაუმჯობესება აღინიშნება, მაგალითად: შრი ლანკაში, უკრაინაში, უზბეკეთში, კოსტა რიკაში, საბერძნეთსა თუ ყაზახეთში. რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, მაგალითად, რუსეთი 112-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 67-ეს, ხოლო სომხეთი 32-ეს.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის ერთ-ერთი თანაავტორი, აუგუსტო ლოპეს-კლაროსი აღნიშნავს, ბოლო 7 წლის განმავლობაში მსოფლიოში რეალური წინსვლა შეინიშნება და ეს ბიზნესის დაწყების სისწრაფის მაგალითზეც კარგად ჩანს:

”თუკი 2005 წელს გავიხსენებთ და ვიკითხავთ, რამდენ ქვეყანაში იყო საჭირო იმხანად 20 დღეზე ნაკლები ვადა ბიზნესის დასაწყებად, ამ შეკითხვის პასუხია: 40 ქვეყანა და ძირითადად იგულისხმებიან განვითარებული მრეწველობის მქონე ქვეყნები. ახლა კი, 7 წლის შემდეგ, ასეთი ქვეყნების რიცხვი 105-ს შეადგენს. გაფართოება მოხდა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის: სუბ-საჰარის აფრიკა, ლათინური ამერიკა და სამხრეთი აზია.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG