Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა დღე და პრობლემები


14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით - პირველად საქართველოში - საკალათბურთო მატჩი გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის. არასამთავრობო ორგანიზაციამ ”ვიმეგობროთ” კი უსინათლო და მცირედ მხედველ ადამიანებს იმ წიგნის შესახებ უამბო, რომელიც მათთვის შეიქმნა და რომლის გაცნობის შემდეგაც მათ გადაადგილება უნდა გაუადვილდეთ. სპეციალურ მიღებას უმასპინძლა იუსტიციის სამინისტრომაც. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ჯერ კიდევ მოუწყობელ გარემოსა და დაუხვეწავ საკანონმდებლო ბაზაზე საუბრობენ.

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ სახლებიდან გარეთ გამოვდივართ და ვიწყებთ აქტიურობას - აი, დაახლოებით რის თქმა სურდათ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა დღეს, 14 ივნისს, სპორტის სასახლეში ჩატარებული პარაკალათბურთის მატჩის მოთამაშეებს. როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა სპორტის ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი გიორგი ალავიძე ამბობს, სპორტი ეტლით მოსარგებლეებს, ერთი მხრივ,საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპების რღვევაში ეხმარება, მეორე მხრივ კი, იმაში, რომ თავადაც დაიწყონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად თავის აღქმა.

ადაპტირებული არც გზაა, არც შენობა, სადაც ვცხოვრობ, არც ის შენობებია, სადაც შემიძლია მივიდე და რამე ვისწავლო, არაფერი არ არის ჩვენთვის ...
მერაბ დუკაშვილი

”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრირება, სტერეოტიპების რღვევა, პადუსებზე, მათ დასაქმებაზე, სხვა რამეებზე ფიქრი - ამით დავიწყეთ და მივხვდით, რომ ამ ყველაფერს აკეთებს სპორტი, სპორტს შეუძლია ეს ადამიანები სახლიდან გამოიყვანოს.”

მერაბ დუკაშვილი 30 წლისაა. უკანასკნელი 15 წელი ეტლში ზის. მისი სიტყვებით, ქვეყანაში არც სწავლის საშუალება აქვს და არც მუშაობის. მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამის გამო მთელი წლები სახლში იყო ჩაკეტილი. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სპორტულ დარბაზამდე მისვლა მაინც პრობლემაა, ამბობს, რომ საკუთარი თავი აიძულა ცვლილებებზე ეფიქრა:

”ადაპტირებული არც გზაა, არც შენობა, სადაც ვცხოვრობ, არც ის შენობებია, სადაც შემიძლია მივიდე და რამე ვისწავლო, არაფერი არ არის ჩვენთვის და თუ რამე კეთდება ჩვენთვის, ბორდიური იქნება თუ სადმე ასასვლელი, არ არის იმ დონეზე გაკეთებული, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ავიდეთ. ჩვენ თუ ისევ ვინმეს დახმარება დაგვჭირდა, მაშინ ეს რაღა გაკეთებულია?”

ქართველი პარაკალათბურთელები სულ 2 კვირაა ვარჯიშობენ. სპეციალური ეტლების შეძენა და ლონდონიდან ჩამოტანა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დახმარებით შეძლეს. ქართველ პარაკალათბურთელებს იმედი აქვთ, რომ 2016 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, თუმცა ერთ-ერთ და მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად არაადაპტირებულ ქუჩებს და ტრანსპორტს ასახელებენ. მათთვის გადაადგილების საშუალება მხოლოდ პირადი ავტომობილი ან ტაქსია.

სწორედ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, იმისათვის, რომ მათი უფლებები არ ირღვეოდეს, არის გაეროს 2006 წლის სპეციალური კონვენციის რატიფიცირება, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაციის - სახელად ”ვიმეგობროთ” - ხელმძღვანელს გია ჯვარშეიშვილს. მისი სიტყვებით, საქართველომ 2009 წელს კონვენციას ხელი კი მოაწერა, მაგრამ შემდეგ მისი რატიფიცირება პარლამენტის მიერ არ მომხდარა. არადა, კონვენციაზე ხელმოწერიდან თითქმის სამი წელი გავიდა. გია ჯვარშეიშვილის სიტყვებით, კონვენცია შეზუღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვას კანონით უზრუნველყოფდა:

შეიქმნა 2010-2013 წლების პერიოდის სამოქმედო გეგმა, რომელმა სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს. თუ ამ გეგმას გადახედავთ, ნახავთ, რომ ის, რაც კონვენციაში წერია, ბევრი მუხლი უკვე ამ სამთავრობო გეგმაშია შესული ...
ოთარ თოიძე

”კანონით, ვიტყვით, რომ პირველადი დანიშნულების ორგანიზაციას, ობიექტს - მაგალითად, აფთიაქს - უნდა ჰქონდეს პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანისთვის, ყველა წამალს უნდა ეწეროს ბრაილის შრიფტით. დღეს ამას კანონი არ არეგულირებს და ეს არის დარჩენილი კეთილ ნებაზე და ეს კეთილი ნებაც გადაქცეულია იმად, რომ, მაგალითად, პანდუსი კეთდება და კეთდება ყოველგვარი ნორმის დაცვის გარეშე და რაღაც სამთამსვლელო ვარჯიშს ემსგავსება მისი გადალახვა. ”

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გაეროს კონვენციის რატიფიცირება რთული საკითხია, რადგან კონვენციაში არსებობს მოთხოვნები, რომლის შესასრულებლადაც მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამედიცინო პრობლემების მოგვარებაა აუცილებელი. თუმცა მუშაობა ამ მხრივ მიმდინარეობს:

”შეიქმნა 2010-2013 წლების პერიოდის სამოქმედო გეგმა, რომელმა სამინისტრომ რა უნდა გააკეთოს. თუ ამ გეგმას გადახედავთ, ნახავთ, რომ ის, რაც კონვენციაში წერია, ბევრი მუხლი უკვე ამ სამთავრობო გეგმაშია შესული. მართალია, კონვენციის რატიფიცირება არ მოგვიხდენია, მაგრამ კონვენციის ბევრი მუხლი, მიმართულება უკვე ჩადებულია სამთავრობო სამოქმედო გეგმაში.“

უსინათლოთა და ხედვადაქვეითებულთა საპილოტე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
უსინათლოთა და ხედვადაქვეითებულთა საპილოტე სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
ოთარ თოიძე ასევე პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კიდევ ერთ მოუგვარებელ პრობლემას. ეს არის სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც საქართველოში არ არსებობს. გიორგი ჯვარშეიშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ვიმეგობროთ”, ამბობს, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის აუცილებელი, ვისაც უნარებთან დაკავშირებული შეზღუდვა გარკვეულ ასაკში გამოუვლინდა. ოთარ თოიძის სიტყვებით, ქვეყანას, რომელსაც ცოტა ხნის წინ საავადმყოფოც კი არ ჰქონდა, ძნელია სარეაბილიტაციო ცენტრები ჰქონდეს, თუმცა ეს უკვე დღევანდელი დღის ამოცანაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს, თოიძის სიტყვებით, დიდ მატერიალურ დანახარჯებს მოითხოვს და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალიც სჭირდება, ქვეყანას ამის პოტენციალი აქვს.

აქვე ვთქვათ, რომ 14 ივნისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე, საქართველოში 2000 წლიდან აღნიშნება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ დღეს საგანგებო ღონისძიებაც გამართა, სადაც ითქვა, რომ სამინისტროს შენობები სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებთან და მათ იქ დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ.

სახალხო დამცველის განცხადებით კი, "მიუხედავად ქვეყანაში განხორციელებული გარკვეული ცვლილებებისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა ჯერ კიდევ დისკრიმინაციულია”.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG