Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ცქიტიშვილი - უფლებადამცველი


ალეკო ცქიტიშვილი
ალეკო ცქიტიშვილი

16 დეკემბერი, კვირა
ვატყობ, „თავისუფლების დღიურები“ რთული დასაწერი იქნება. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მინდა, გულწრფელი ვიყო, რაკი საქმე დღიურთან მაქვს, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ბოლომდე თავისუფალი ვერ ვიქნები. საჯარო დღიური ვერ იქნება ისეთი გულწრფელი, როგორც საკუთარ თავთან დარჩენილი კაცის ფიქრები - მხოლოდ დღიურს რომ უზიარებს და მერე სასთუმალქვეშ მალავს, არავინ ნახოსო.

დღეს თევდორეს დაბადების დღეა - 8 წლის გახდა. მართალია, კვირას მეტი თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ პომპეზურად მაინც ვერ აღვნიშნეთ. დიდებმა პატარა სუფრა გავშალეთ და აუცილებელი სადღეგრძელოები ვთქვით. სამაგიეროდ, ხვალ მისი კლასელები „ხურავენ“ პირველ სემესტრს ერთ-ერთ საბავშვო ცენტრში და დაბადების დღის ტორტის გაჭრაც იქ დაიგეგმა. ცოტნე და თეკლაც ემზადებიან ამ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად. ნინოც - სამი შვილის დედა.

შაბათ-კვირის დიდ ნაწილს ღვინის კლუბს ვუთმობ - სტატიებს ვწერ გაზეთისთვის „მარანი“. შემდეგ ეს სტატიები ქვეყნდება მალხაზ ხარბედიას ბლოგზე „ღვინისა და გემოვნების შესახებ“ - www.vinoge.com, რომელიც ახლა ღვინის კლუბის განკარგულებაშია. ბევრს უკვირს და მეკითხებიან - ღვინო ასე როდიდან შეგიყვარდაო. სამი წლის წინ მეც ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ამ თემაზე მომიწევდა სისტემატიურად წერა. ღვინის კლუბი 2009 წელს დავაფუძნეთ, პრეზიდენტად მალხაზ ხარბედია ავირჩიეთ და დავიწყეთ!.. დღესღეობით, სამი წლის თავზე, ამ დარგში ყველაზე ანგარიშგასაწევი არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს. ვამაყობთ ახალი ღვინის ფესტივალით, რომელსაც ყოველი წლის მაისის მეორე შაბათს ვმართავთ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. სადაცაა „ქართული ღვინის გზამკვლევი 2013“ გამოვა - ღვინის კლუბისა და „ცხელი შოკოლადის“ ერთობლივი გამოცემა. ასეთი ლიტერატურა ახალია საქართველოსთვის და დამწყები ჟურნალისტივით მიხარია წიგნის ანოტაციაში რომ ვარ ნახსენები - „წიგნზე მუშაობდა ჟურნალისტი ალეკო ცქიტიშვილი“.

- თევდორ, ისევ მეღვინე გინდა, გამოხვიდე? - ვეკითხები იუბილარს.
- კი!.. მეღვინე ბაბუასთან როდის წამიყვან?! - მიბრუნებს კითხვას.

„მეღვინე ბაბუა“ სოლომონ ცაიშვილია - ქართული ნატურალური მეღვინეობის მხედართმთავარი, დიდი მეცნიერის, სარგის ცაიშვილის მემკვიდრე, ვაკიდან ბაკურციხეში გადასახლებული წარაფისტ-ენთუზიასტი, რომელმაც ქვევრის კახურ ღვინოს ახალი სიცოცხლე შესძინა. ასეთი აღმატებული ეპითეტები არ უყვარს. დამცინებს, როცა წაიკითხავს. თევდორემ გადმოცემით იცის მისი ამბები და რა ხანია, ვპირდები, რომ ერთხელაც წავიყვან ბაკურციხეში, „მეღვინე ბაბუასთან“.
თავისუფლების დღიურები - ალეკო ცქიტიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:10 0:00
გადმოწერა


17 დეკემბერი, ორშაბათი
რეზო გეთიაშვილს თუ დავუჯერებთ, ორშაბათი ფანჯრების დღეა.

კი ბატონო, იყოს ფანჯრების დღე!

რეზო ჩემზე ადრე გაენჯეოშნიკდა. რამდენიმე წელია, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების კოორდინატორია. ხუმრობა საქმე როდია - გარემოს დამცველი და პოეტი ერთად!.. მაგრამ პროექტების, ანგარიშების, პეტიციების, განცხადებებისა და მიმართვების წერის პირდაპირპროპორციულად ლექსების წერას უკლო. მეც ასე დამემართა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა შთანთქა ჩემი ძვირფასი მუზები - „რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი!“ აი, სწორედ დღეს გავუგზავნე შოთა იათაშვილს ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ გამოსაქვეყნებლად ჩემი უკანასკნელი ლექსი - 2010 წლის იანვრით დათარიღებული.

15 წლის წინ მე და რეზო ერთად ვპოეტობდით. თსუ-ში „ბებერი პოეტების ორდენი“ დავაარსეთ, ნიღბებად აგატა კრისტის დეტექტივების პერსონაჟების სახელები ავიფარეთ და სტუდენტობის დასრულებამდე ვიექსპერიმენტეთ ნანა აკობიძესთან და კახა ჭაბაშვილთან ერთად. კახამ, გინდათ თუ არა, მე ადოლფ ეიხმანი უნდა ვიყოო.

და ჰრქუა მაშინ ჩარლზ ჩენდლერმა (ანუ რეზომ):

„ადოლფ ეიხმან, ყველაფერი იოლია!
ადოლფ, ხანდახან სინდისია... არც არი.
ჩვენი ცხოვრება მოწამლული იორია,
ივრის ზემოდან ვაჭრობაა საცალო“.

საცალო და საბითუმო ვაჭრობა მაშინ ის-ის იყო ფეხს იდგამდა.

ჰოდა, პარასკევს დამირეკა ბატონმა ადოლფ ეიხმანმა და თავისი წიგნის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. მოვალ-მეთქი, დავპირდი, მაგრამ...

ჩვენი სტუდენტობის საერთო მეგობრის, ნინო დაუთაშვილის ძმა არის დაჭერილი. ამ საქმეზე თითქმის ყოველდღე ვფიქრობ. არასწორად ჩამოყალიბებულმა საზოგადოებრივმა აზრმა შეიძლება ადამიანი დაღუპოს. რამდენიმე თვის წინ ლილოში ავზიდან ქლორმა გაჟონა. ლევანი დააკავეს, როგორც იმ შპს-ს ხელმძღვანელი, რომლის ეზოშიც ეს ავზი იდგა. ბრალად ედება საშიში ტვირთის შენახვა-ტრანსპორტირების წესების დარღვევა. რეალურად კი სრულიად უდანაშაულოა, რადგან შენახვის წესები არ დაურღვევია, ხოლო ქლორმა იმ დროს გაჟონა, როცა ავზის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი იყო სრულიად სხვა ადამიანი, რომელიც ბრალს აღიარებს. ლევანი დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰაერში ქლორის გაფრქვევის გამო ათობით ადამიანი დაზარალდა და ხელისუფლებას სჭირდებოდა, არჩევნების წინ მათთვის დაემტკიცებინა, როგორ ეფექტურად რეაგირებს. ლევანი PR-ის მსხვერპლია.

პარასკევს, როცა „დიოგენეს“ წიგნის მაღაზიაში ზეპური ლიტერატურის ფანები შეიკრიბნენ, მე და ნინო ერთი კარგი ადვოკატის ოფისში ვისხედით. მან გვითხრა, რომ თუ მართლმსაჯულებაში რაღაც შეიცვალა და პროცესებზე მოსამართლე პროკურორს ბრმად თავს აღარ დაუკანტურებს, ლევანი უნდა გამართლდეს.

ფანჯრების დღემ ისე ჩაიარა, როგორც ორშაბათს შეეფერება.

18 დეკემბერი, სამშაბათი
მესამე წელია, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთს - humanrights.ge-ს ვრედაქტორობ. ასევე ვარ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მედიაცენტრის კოორდინატორი და ამ სახლის წევრი ორგანიზაციის - მედიის ინსტიტუტის დამფუძნებელი. დეტალურად აღარ ჩამოვთვლი იმ პროექტებს, რომლებშიც მონაწილეობა მიმიღია.

უფლებადაცვით ორგანიზაციას თავისი რუტინული სამუშაო რეჟიმი აქვს, მაგრამ თუკი საქმეს შემოქმედებითად მიუდგები, ეს რუტინაც საინტერესო ხდება. ცენტრში სამუშაო დრო მკაცრად არის დაცული - 10:00-დან 18:00 საათამდე. დროს თუ გადასცდები, ადმინისტრატორი მოვა და კომპიუტერს გამოგირთავს. შრომითი კანონმდებლობის დაცვით შედგენილმა ასეთმა გრაფიკმა ჩემი წინა წლების ქაოტური ჟურნალისტური შრომადღეები დამავიწყა. საღამოს 19:00 საათზე მაინც სახლში ვარ და ბავშვებთან ურთიერთობის დრო მრჩება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ საზოგადოება ელოდება, რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი ორგანიზაცია, როგორ გააგრძელებს მუშაობას და ვინ უხელმძღვანელებს მას, ხომ არ ეწევა ისეთივე ბედი, როგორც „თავისუფლების ინსტიტუტს“, რომელიც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ფაქტობრივად, ხელისუფლებას შეერწყა.

დღეს უჩამ შემოიარა. ერთი საათი ვითათბირეთ სამომავლო გეგმებზე. სახალხო დამცველი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში დატოვოს ყველა სხვა თანამდებობა და საქმიანობა სხვას გადააბაროს. უჩამაც და გამგეობის სხვა წევრებმაც დამარწმუნეს, რომ კარგი იქნება, თუკი ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მე ვიქნები. გაკვრით ამაზე წინა კვირაშიც ვისაუბრეთ და ფიქრის დრო მქონდა. ამჯერად, შემოთავაზებას დავთანმხდი. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის დიდი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ მთავარია ურთიერთნდობა და იმ პრინციპების, გნებავთ - სტანდარტების ერთგულება, რასაც ეს უფლებადამცველი ორგანიზაცია აქამდე ამკვიდრებდა. თანაც, ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ გუნდური პრინციპით იმუშავებს და შეიძლება ითქვას, ახლა, როცა ორგანიზაცია ავტორიტეტულმა ლიდერმა დატოვა, ასეთი მუშაობა ერთადერთი გამოსავალია.

დღეს თეკლა 3 წლის გახდა. მე და ნინომ თოჯინა ვაჩუქეთ. დიდთოვლობის გამო ქალაქის მეორე ბოლოდან დაპატიჟებული სტუმრები – თეკლას თანატოლი დედისძმისშვილები (როგორც თუშები ამბობენ) ვერ მოვიდნენ და დაბადების დღის ტორტი ოჯახურ და მეზობლურ გარემოცვაში გავჭერით.

19 დეკემბერი, ოთხშაბათი
დილით მედიისთვის კიდევ ერთხელ გავავრცელე ანონსი, რომ 12:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრში ჩატარდებოდა პრესკონფერენცია შპს „საქართველოს ფოსტიდან“ შრომითი კანონმდებლობის დარღვევით გათავისუფლებული თანამშრომლების თაობაზე. პრესკონფერენციაზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტები მოვიდნენ. „მე-9 არხი“, „მაესტრო“ და „კავკასია“ ამ თემით არ დაინტერესდნენ. საპარლამენტო არჩევნების წინ ამ სამი ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სტუმარი, „ამომრჩეველთა ლიგის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე არჩევნებიდან ორ თვეში შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორად მოგვევლინა, ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი კოკა გუნცაძე კი - საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. დამაფიქრებელი გადაადგილებაა. მე პირადად წინა არჩევნების შემდეგ გია ნოდიას და თემურ იაკობაშვილის მინისტრებად დანიშვნის ისტორია გამახსენდა.

ლევან ჩიკვაიძემ „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობა საკადრო წმენდით დაიწყო - თავდაპირველად თანამშრომლებს გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულებები გაუწყვიტა და ერთთვიანი კონტრაქტები გაუფორმა. ერთი თვის შემდეგ დაიწყო მათი დათხოვნა სამსახურიდან კონტრაქტის ვადის ამოწურვის მოტივით. გამოთავისუფლებული ადგილები „ამომრჩეველთა ლიგის“ თანამშრომლებმა შეავსეს. შრომითი უფლებების დარღვევის გარდა, ამ გადაწყვეტილებაში ნეპოტიზმისა და კლანური მმართველობის ნიშნები ჩანს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენციაზე მოსულ ორ ჟურნალისტს სთხოვა, შეეხსენებინა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მან სახელმწიფო სტრუქტურების ქვედა რგოლებში დასაქმებულ მოქალაქეებს სამსახურის შენარჩუნების გარანტია მისცა.

ზუსტად ერთი თვის წინ ამავე თემაზე გვქონდა პრესკონფერენცია, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების უკანონო გათავისუფლების ფაქტები გავახმაურეთ და შედეგსაც მივაღწიეთ - პატრულები მეორე დღესვე დააბრუნეს სამსახურში. ეს „საქართველოს ფოსტა“ ანუ იგივე „ამომრჩეველთა ლიგა“ კი კერკეტი კაკალი გამოდგა. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ცვლილება სრულიად აპოლიტიკური ადამიანების ცხოვრებაში უსიამოვნო ცვლილებებს იწვევს.

20 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღეს დილითაც მედიას ვუკავშირდები და ისევ 12:00 საათზე, ოღონდ ამჯერად ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში დაგეგმილ პრეზენტაციაზე ვიწვევ. სოროსის ფონდის დაფინანსებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოსცა - „გზამკვლევი პოლიტიკური პატიმრების შესახებ საქართველოში“. სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ეს კვლევა მოამზადა, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს აერთიანებდა. კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო პოლიტპატიმრის სტატუსის განსაზღვრისათვის კრიტერიუმების შემუშავება, რაც საქართველოსთვის კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად. ყველა დაკავებული, ვისაც პოლიტიკასთან რაღაც შეხება ჰქონია, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

პრეზენტაციას ხმაურიანი დაკავებები დაემთხვა - წინა საღამოს ფინანსურმა პოლიციამ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ყოფილი მინისტრი და პროკურორი, ნიკა გვარამია დააკავა.

წინა დღის პრესკონფერენციისგან განსხვავებით, გზამკვლევის პრეზენტაციაზე ჟურნალისტები მრავლად მოვიდნენ. როგორც იციან ხოლმე, საჭირო რესპონდენტები წინასწარ ჩაწერეს, პრეზენტაციიდან რამდენიმე კადრი აიღეს და გაუჩინარდნენ.

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას დაკავების შეფასება მთხოვა. ვუთხარი, რომ კითხვებს, რაც გამოძიებას აქვს, პასუხები სჭირდება, მაგრამ მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ აუცილებელი არ იყო მისი დაკავება.

გზამკვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პატიმრების ოჯახების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ასევე - ცოტა ხნის წინ პატიმრობიდან გათავისუფლებული ცოტნე გამსახურდია.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ცოტნე გამსახურდიამ მითხრა, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელობა უფრო მეტად ტვირთია, ვიდრე ჯილდო. რა თქმა უნდა, ასეა და ეს კარგად მესმის, მით უფრო - ასეთ არეულ დროში, როცა ადამიანის უფლებების დარღვევებზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო.

21 დეკემბერი, პარასკევი
11:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ქორთიარდ მერიოტში“ ახალ სახალხო დამცველს ვხდებით. ჟურნალისტები ისევ წინასწარ იწერენ ზოგად კომენტარებს და სხვა ამბების გასაშუქებლად გარბიან. მეჩვენება ან მართლა ასეა, რომ ბოლო წლებში ქართული ტელეჟურნალისტიკა ზედაპირული გახდა. 10-15 წლის წინ ასე არ იყო. მახსოვს, 90-იანი წლების მიწურულს გაზეთ „რეზონანსიდან“ ჯაბა იოსელიანისა და სხვათა ე. წ. საუკუნის პროცესს ვაშუქებდი. ჩემს გვერდით სასამართლო დარბაზში საათობით იჯდა „რუსთავის 2“-ის ჟურნალისტი თიკო ფეიქრიშვილი. მისი ოპერატორი ყველა სხდომას თავიდან ბოლომდე იღებდა. ახლა ასეთ სიღრმისეულ მუშაობას ტელეჟურნალისტებს არავინ ავალებს. დრო აჩქარდა და კონკურენტი ტელევიზიები ერთმანეთს მხოლოდ ოპერატიულობაში ეჯიბრებიან.

სახალხო დამცველთან შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა. 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა უჩა ნანუაშვილს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე თავიანთი ხედვები გაუზიარა. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა პირობა დადო, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს არასამთავრობო სექტორთან და ზოგადი ყოველწლიური ანგარიშის გარდა, სხვადასხვა მტკივნეულ პრობლემებზე თემატურ ანგარიშებსაც მოამზადებს. კარგი იდეაა სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების გახსნა, ასევე - ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს როცა კონკრეტული მოქმედებები დაუპირისპირდება, ალბათ სამი წლის შემდეგ რაღაც შედეგს უნდა მივაღწიოთ.

22 დეკემბერი, შაბათი
საკმაოდ მძიმე და მღელვარე კვირა იყო - მაღალჩინოსანთა დაკითხვები და დაკავებები; ქუთაისში საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და პრეზიდენტის ესკორტზე ბრბოს თავდასხმა; 21 სექტემბერს დაანონსებული სამყაროს დასასრულის მოლოდინი და ცრურწმენებით დასტრესილი მოქალაქეები... ამ ყველაფრის გადამუშავება ტვინს და ნერვებს ალბათ საკმაოდ უჭირს.

შაბათს დიდი დიღმის მიმდებარე ტყეში ვაპირებდი გასეირნებას ბავშვებთან ერთად და ფოტოაპარატით ზამთრის პეიზაჟების გადაღებას, მაგრამ 12:00 საათზე ისევ „ქორთიარდ მერიოტში“ მიწევს მისვლა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე, სადაც 2012 წლის საქმიანობის ანგარიში იქნება წარმოდგენილი. ქარტიის საქმიანობაში მონაწილეობას სერიოზულად ვეკიდები და გადავწყვიტე, დასვენების დღის გეგმა შევცვალო. იმედი მაქვს, საღამოს კინოთეატრში მაინც მოვახერხებ ცოტნეს და თევდორეს წაყვანას „ჰობიტის“ პრემიერაზე. ამით მინდა, კიდევ უფრო წავახალისო ბიჭების დაინტერესება ტოლკინის შემოქმედებით. მართალია, ამას მშვილდ-ისრებითა და ხის ხმლებით ეზოში რამდენიმეთვიანი სირბილი მოჰყვება, მაგრამ წიგნებით თუ ფილმებით შთაგონებას და გავლენას არავინ მოუკლავს!

ახალ წლამდე ერთი კვირა დარჩა… ახლა სურვილების დროა. მინდა, დალაგებულ, ბედნიერ საქართველოში ცხოვრება, სადაც შეიძლება თხა და მგელი ერთად არ ძოვდეს, მაგრამ არც ორფეხა მგლების თარეში შეგვაწუხებს.
XS
SM
MD
LG