Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება მუსლიმ ლიდერებს შორის


სოფელ მოხეში არსებული შენობა
სოფელ მოხეში არსებული შენობა

შეთანხმება, ბრალდებები თუ დაპირისპირება? – ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული შენობა კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ხელისუფლებამ მისი რეაბილიტაცია გადაწყვიტა. ადგილობრივმა მუსლიმმა მოსახლეობამ შენობისთვის კულტურის სახლის ნაცვლად მეჩეთის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ მუსლიმ სასულიერო პირებს შორის განხეთქილება გამოიწვია. დგას თუ არა ჭელის მეჩეთის წინამძღვრის ზურგს უკან ვინმე და რას უწოდებს „ხელისუფლებასთან კონსტრუქციულ დიალოგს“ საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთი?

შიდადაპირისპირება მუსლიმ საზოგადოებაში თუ გარიგება მთავრობასთან? – ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე სრულიად მუსლიმთა მუფთს, ჯემალ პაქსაძეს, ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს და მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. „წინამძღვარი სულიერ ლიდერს ბრალდებებს ვერ წაუყენებს. ეს არის, პირველ რიგში, რელიგიური შეცდომა და მისი დიდი დანაშაული“ – ასე უპასუხა საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჭელის მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის, ბრალდებებს. ამბობს, რომ სამუფთო სამმართველო პრობლემების მოგვარებას სახელმწიფოსთან კონსტრუქციული დიალოგით ცდილობს. ჯამბულ აბულაძის მიერ გავრცელებულ მიმართვას, სადაც ჭელის წინამძღვარი მუფთს სახელმწიფოსთან გარიგებაში ადანაშაულებს და მუსლიმ საზოგადოებას არსებულ პრობლემებს ხუთ პუნქტად უყალიბებს, ჯემალ პაქსაძე პოლიტიკურ განცხადებად აფასებს.

საქართველოს სრულიად მუსლიმთა მუფთი განმარტავს, რომ 255-დან ერთ-ერთი რიგითი იმამი რელიგიურ შეცდომას უშვებს. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი კი საპასუხოდ აცხადებს, „ისლამში ძალდატანება არ არსებობს, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები და რამის გასაკეთებლად თანხმობა არავისგან გვჭირდებაო“. ჯამბულ აბულაძის თქმით, სრულიად მუსლიმთა მუფთი დაბნეულია და ხელისუფლების პირველ პირებს წინააღმდეგობას ვერ უწევს. „თუ ჩემს სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ჯემალ პაქსაძე რატომ ნერვიულობს? დამშვიდდეს და წყნარად იჯდეს თავის თბილ სავარძელში“, – ამბობს მუსლიმთა იმამი.

სამცხე-ჯავახეთის მუფთი არ უარყოფს, რომ აბულაძესა და პაქსაძეს შორის გარკვეული დაპირისპირება რეალურად არსებობს, თუმცა, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, ჭელის მეჩეთის წინამძღვარი მასთან ამ საკითხზე არ ლაპარაკობს. იგი ფიქრობს, რომ თუკი ჯამბულ აბულაძე სრულიად მუსლიმთა მუფთის გადადგომას მოითხოვს, მას ამის მიზეზი აუცილებლად ექნება.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი არ აპირებს მუსლიმთა საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაში ჩაერიოს. აკაკი მაჭუტაძე ფიქრობს, რომ სასულიერო ლიდერებს შორის არსებული პრობლემები მუსლიმებმა თავად უნდა მოაგვარონ.

ჯამბულ აბულაძე სრულიად მუსლიმთა მუფთის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას უახლოეს დღეებში აპირებს. ჭელის მეჩეთის წინამძღვარი იმედოვნებს, რომ მის პოზიციას, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმი მრევლის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ისლამის მიმდევრებიც გაიზიარებენ.

XS
SM
MD
LG