Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუაღამის პროცესი და ტრადიციული მუშტი-კრივი შიდა ქართლში


ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მერეთში
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მერეთში
წუხელ ღამის 3 საათზე დასრულდა მერეთის ინციდენტში მონაწილე პირების სასამართლო პროცესი. სასამართლომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დავით ბზიშვილს, ალექსანდრე კიკოლაშვილს და ხელისუფლების მხარდამჭერებს ლაშა ჭიღლაძეს და ალექსანდრე ოდიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსამართლე დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რადგან, მათი აზრით, წარმოდგენილი ვიდეომასლა არ ადასტურებს მათი მომხრეების ჩხუბში მონაწილეობას. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ პროვოკაციისა და ჩხუბის მომწყობი პირები დაუსჯელები არიან. მისი აზრით, შედარებით მსუბუქი სასჯელი მოსამართლემ იმის გამო გამოიტანა, რომ საქმეში ნაციონალებიც ფიგურირებდნენ.

„ეს ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ კოალიციიდან არიან დაპატიმრებულები, ნამდვილად არ იღებდნენ მონაწილეობას ხელჩართულ შეხლა–შემოხლაში. განაჩენი, რომელიც იქნა სასამართლოს მიერ გამოტანილი, ჩემდა გასაოცრად, არ იყო ძალიან მკაცრი, მე უფრო მეტს ველოდი, მაგრამ ალბათ ის ფაქტორიც მუშაობს აქ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებიც იყვნენ და იმათაც 10 დღე შეუფარდეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ადამიანი უსამართლოდ ერთი დღე იჯდება, 10 დღე თუ 10 წელი, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ადამიანები, რომლებმაც ჩხუბი წამოიწყეს, რომლებმაც პირდაპირი პროვოკაცია დაგეგმეს და შეასრულეს, არ არიან დაკავებულები და პირველი მათ შორის, ვინც ჩხუბის წამომწყები იყო, ეს არის სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე, რომელიც ყველა კადრში ფიქსირდება, რომ რამდენიმე ადამიანს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის ლიზი შავლოხაშვილს, რომელსაც ტვინის შერყევა აქვს“, – ამბობს ვახტანგაშვილი.

მერეთის ინციდენტში ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მონაწილეობა გუშინ საღამოს საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9-თვის“ მიცემულ კომენტარში შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმაც აღიარა:

„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, არ შეიძლება ასეთი რამ. ცუდი ფაქტი ჩვენი მხრიდან იყო, რომ არ შეიძლება დაპირისპირება.“

გუშინ სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს. სოფელ დოესში სარწყავი წყლის მოთხოვნით გამოსულ მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების მხარდამჭერებთან შელაპარაკება მოუვიდათ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კასპის რაიონულმა სასამართლომ ტარიელ და გიორგი ოხანაშვილებს 45 და 35-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დოესის და მერეთის ინციდენტის მონაწილე პირებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით ორივე საქმეზე მოსამართლეებმა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც აუცილებლად გაასაჩივრებენ:

„სამართლებრივი შეფასება მოცემულ შემთხვევებთან დაკავშირებით ცალსახაა. ორივე შემთხვევაში კანონდარღვევით მიღებულია გადაწყვეტილებები, ანუ დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. დოესის შემთხვევაში ტრისტან და გიორგი ოხანაშვილებს არ მიეცათ დაცვის შესაძლებლობა, არც მოწმეები იყო დაკითხული და, შესაბამისად, გასაკვირია რას დაეყრდნო მოსამართლე. მერეთის შემთხვევაშიც მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ გამოიყენა 10 დღიანი პატიმრობა. გასათვალისწინებელია, რომ დავით ბზიშვილი აქეთ არის დაზარალებული, იმიტომ რომ მასზე სამჯერ განახორციელეს ცემა.“

გუშინ მერეთიდან წასულ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ალასანიას ქარელის რაიონის სოფელ დირბში ელოდებოდნენ, მაგრამ დილიდანვე ამ სოფელში ქარელიდან და სხვადასხვა სოფლებიდან ჩაყვანილი ხელისუფლების მომხრეები გამოჩნდნენ და ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერებთან ჩხუბი დაიწყეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ სააგენტო „ინფო 9-ის“ გადამღებ ჯგუფსაც. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ჩხუბი სოფელში ჩასულმა გაურკვეველმა პირებმა დაიწყეს.

დირბის ინციდენტში ადგილობრივი ტაძრის მოძღვარი იოანეც ჩაერთო, რომელიც ჩასულებს სოფლის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

დირბში დაწყებული დაპირისპირების გამო კოალიციის ლიდერები სოფელში აღარ ჩასულან. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში შიდა ქართლში ჟურნალისტების შეურაცხყოფის და საქმიანობაში ხელის შეშლის 7-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. ეს ყველაფერი ვიდეომასალაზეა დაფიქსირებული, მაგრამ სამართალდამცავები ამ საქმეების გამოძიებას არ ჩქარობენ.

ამ დაპირისპირების ფონზე გორში დღეს 9 წლის წინანდელ დაპირისპირებას იხსენებენ, როცა გორის თეატრის წინ მაშინ ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მათ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს „მოქალაქეთა კავშირის“ აქტივისტები და მოკრივეები დაახვედრეს. მაშინ გამართული მუშტი-კრივის დროსაც ყველაზე მეტად ჟურნალისტები დაზარალდნენ.
XS
SM
MD
LG