Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი - გათავისუფლებული, ერთი - დაკავებული


დვანი
დვანი

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს, ერთი კი, "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დააკავეს. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ სოფელ ახმაჯთან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ნოდარ გეთაშვილი დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, მასალები კი სასამართლოს გადასცეს.

სოფელ დვანის მცხოვრებლები დავით მინდიაშვილი და ვლადიმერ მახაჭაშვილი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. 31 ოქტომბერს მინდიაშვილი და მახაჭაშვილი სოფლის განაპირას მინდორში დააკავეს. ეს მინდორი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. მინდვრის ნაწილი მავთულხლართებით არის შემოღობილი, მეორე ნაწილში კი მხოლოდ "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები დგას. დვანელების დაკავება,"საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა. დავით მინდიაშვილი აცხადებს, რომ მას საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია და რუსეთის მესაზღვრეები თვითონ იყვნენ შემოსული სოფლის მინდვრებში.

ვლადიმერ მახაჭაშვილი ამბობს, რომ ცხინვალის იზოლატორიდან ზნაურში გადაიყვანეს, სადაც სასამართლო პროცესი გაიმართა, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი უკვე ერგნეთისკენ გამოემართნენ, სადაც ის ქართველ სამართალდამცავებს გადასცეს.

ბოლო დროს გახშირებული დაკავებების გამო დვანელები სოფელში სამართალდამცავების პატრულირებას და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვენ. მათი თქმით, მინდორში მუშაობა შიშით უწევთ და არც სოფლის ეკლესიასთან მისვლაა უსაფრთხო.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის ბრალდებით 16 ადამიანია დაკავებული. უმრავლესობამ ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

XS
SM
MD
LG