დასავლურ მედიაში არ წყდება კამათი პარიზში განხორციელებულ ტერაქტებსა და მის გავლენაზე როგორც დასავლეთის ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ისე დასავლეთის დემოკრატიაზე, რომელიც, პირველ ყოვლისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემყარება. მთელი კვირის განმავლობაში რადიო თავისუფლების ახალი ამბების ცენტრალური სამსახური და, კერძოდ, ჩვენი კოლეგა, საფრანგეთის მოქალაქე კლერ ბიგი, ფართოდ აშუქებდა პარიზში მომხდარ ტერაქტსა და ამ ტრაგედიის შემდგომ მიმდინარე დებატებს დასავლურ მედიაში.
კობა ლიკლიკაძე: კლერ, „შარლი ებდოზე“ განხორციელებული ტერაქტის შემდეგ საფრანგეთში უსაფრთხოების საგანგებო ზომებს მიმართავენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებს გარკვეული ობიექტების დასაცავად საფრანგეთის არმიაც ეხმარება. ასეთი სიფრთხილე, მართლაც, უპრეცედენტოა. რით არის იგი გამოწვეული? კვლავ არსებობს ტერორისტული იერიშის განმეორების საფრთხე?
კლერ ბიგი: კი, ეს სიმართლეა. ეს ყველაფერი სამხედრო ოპერაციას ჰგავს. ათასობით სამართალდამცველი იმყოფება ახლა პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში - როგორც პოლიციელები, ისე სამხედროები. ტერაქტების განმეორების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს. შესაძლოა, უცხოეთიდან ეს ასე საგანგაშოდ არ ჩანდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც თავს დაესხნენ „შარლი ებდოს“ და მას შემდეგ, რაც ეს საშინელება მოხდა, საფრანგეთის ბევრ ქალაქში ადგილი ჰქონდა ძალიან ბევრ თავდასხმას მეჩეთებზე, მუსლიმებზე, გრაფიტის სახით კედლებზე აკეთებდნენ ანტირასისტულ, ანტიმუსლიმანურ წარწერებს. ასე რომ, ცხადია, საფრანგეთში ბევრი შიშობს, ტერაქტების პასუხად ამ ტენდენციამ საშიში სახე არ მიიღოს და ძალადობაში არ გადაიზარდოს. უნდა გავიხსენოთ, რომ საფრანგეთმა ერთხელ, 2012 წელს, უკვე გადაიტანა ასეთივე თავდასხმა ებრაულ სკოლაზე, ხოლო სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ მოწყობილ ტერაქტს მოჰყვა თავდასხმა ებრაელთა მაღაზიაზე პარიზში. ანუ ეს არ არის პირველი თავდასხმა ებრაელებზე საფრანგეთში. მოკლედ, ახლა საფრანგეთში ისეთი ვითარებაა, რომ ყველას ეშინია. ეშინიათ მუსლიმანებს და ეშინიათ ებრაელებს. ძალიან დაძაბული ვითარებაა..
რაც შეეხება ისლამოფობიას და ქსენოფობიას, ის არსებობს საფრანგეთში. შენ მიერ ხსენებული „სახალხო ფრონტის“ მიერ ნაჩვენები კარგი შედეგები, რაც საფრანგეთის ამ ულტრანაციონალურ პარტიას ჰქონდა არჩევნებში, ადასტურებს ასეთი განწყობების არსებობას. თანაც, საემიგრაციო პოლიტიკა, ეს არის სადავო საკითხი საფრანგეთში...კლერ ბიგი
კობა ლიკლიკაძე: იმ თავდამსხმელებს შორის, როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა ქალმა, სავარაუდოდ, მოახერხა გაქცეოდა სამართალდამცველებს და დაეტოვებინა საფრანგეთის ტერიტორია. სამი ტერორისტი განადგურდა სპეცოპერაციის შედეგად, ერთი კი ჩაბარდა სამართალდამცველებს. უსაფრთხოების საგანგებო ზომები იმითაც ხომ არ არის გამოწვეული, რომ, შესაძლოა, არსებობდნენ სხვა თანამზრახველები და ეჭვმიტანილებიც, რომლებსაც ეძებს პოლიცია?
კლერ ბიგი: კი, რა თქმა უნდა, ახლა ეძებენ თანამზრახველებს, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს საკმაოდ კარგად ორგანიზებული ოპერაცია იყო. თავიდან ყველას ეგონა, რომ მხოლოდ სამი ტერორისტი მონაწილეობდა „შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ კიდევ ერთმა ჯგუფმა მძევლები აიყვანა კოშერულ მაღაზიაში. იქ იყო ორი პირი - ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოკლეს, და მისი საყვარელი თუ ცოლი, რომელმაც შეძლო მიმალვა. გაუგებარია, ისიც ღებულობდა თავდასხმაში მონაწილეობას თუ მხოლოდ უბრალო მოწმე იყო, რადგან სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება. მაგრამ თურქეთმა („ჰაიათ ბოუმედინი“ - რედაქცია) უკვე დაადასტურა ინფორმაცია, რომ იგი ესპანეთის - მადრიდის - გავლით ჩაფრინდა თურქეთში და იქიდან უკვე სირიაში გადავიდა. და, ცხადია, მისი იქიდან ჩამოყვანა ძალიან რთული იქნება.
კობა ლიკლიკაძე: საფრანგეთის საზოგადოება, კლერ, ლიბერალური, დემოკრატიული საზოგადოებაა. თუმცა იყო, სამწუხაროდ, მცდელობა, როგორც შენც თქვი, საკადრისის მიზღვისა - თავდასხმები, მუქარები, ისლამოფობიური და ქსენოფობიური გამოვლინებები. ეს საზოგადოების პირველი საპასუხო, ერთგვარი ინსტინქტური, რეაქციაა თუ ისეთი იდეოლოგიური საფუძველიც აქვს, რომ შემდგომში, შესაძლოა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც პოვოს ასახვა - მაგალითად, საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაში, როგორც „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა მარი ლე პენმა მოუწოდა კიდეც საფრანგეთის პრეზიდენტს? მოკლედ, შეიძლება თუ არა, რომ ამ მოვლენებმა გავლენა მოახდინოს საფრანგეთის პოლიტიკაზე?
კლერ ბიგი: ვფიქრობ, უსათუოდ მოახდენს გავლენას. რაც შეეხება ისლამოფობიას და ქსენოფობიას, ის არსებობს საფრანგეთში. შენ მიერ ხსენებული „სახალხო ფრონტის“ მიერ ნაჩვენები კარგი შედეგები, რაც საფრანგეთის ამ ულტრანაციონალურ პარტიას ჰქონდა არჩევნებში, ადასტურებს ასეთი განწყობების არსებობას. თანაც, საემიგრაციო პოლიტიკა, ეს არის სადავო საკითხი საფრანგეთში. მასზე ყველა გამუდმებით კამათობს. ბევრი უკმაყოფილოა და მოითხოვს მის შეცვლას, ამ პოლიტიკის გამკაცრებას. ბევრიც ამას არ ეთანხმება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთში წლის დასაწყისში მომხდარი ეს ტერაქტები ამ თემატიკას პირველ პლანზე გამოიტანს და არსებობს ალბათობა იმისა, რომ „ეროვნული ფრონტი“ ამ ფონზე უფრო მეტ ხმებს მიიღებს მომდევნო არჩევნებში. ეს პარტია ბოლო წლებში ისედაც იქცა იმ ძალად მთელ საფრანგეთში, რომელიც საკმაოდ ძლიერდება. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ რეგიონალურ არჩევნებში მიღებული ხმები, არამედ საერთო ეროვნულ არჩევნებშიც. ამიტომ ფრანგებმა საკუთარ თავს ძალიან სერიოზული შეკითხვები უნდა დაუსვან, რადგან ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საფრანგეთში 2017 წელს ტარდება და მასში მარი ლი პენი სერიოზული ხმების მიღებას შეეცდება.
კობა ლიკლიკაძე: ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ დასავლეთის ლიბერალურ, მემარჯვენე ყაიდის გაზეთებში გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ ამ ტერაქტების შემდეგ საფრანგეთმაც ისევე გაიღვიძა, როგორც 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-მა. ზოგი ვარაუდობს, რომ პარიზი კიდევ უფრო განამტკიცებს მონაწილეობას ნატოს სამხედრო პროგრამებში და დასავლეთის კოალიცია ისეთივე მტკიცე და ერთიანი იქნება, როგორც ერთ მწკრივში მდგარი დასავლეთის ლიდერები იყვნენ საყოველთაო ერთობის მარშზე პარიზში.
კლერ ბიგი: სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ვიდრე საფრანგეთი გლოვობს, ამაზე ჯერჯერობით პოლიტიკოსები ხმამაღლა არ ლაპარაკობენ. და ამიტომ გაურკვეველია და ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა მიმართულებით წავა პროცესები. ამწუთას ამ პოლიტიკაზე საუბრისთვის ხელსაყრელი დრო არ არის - ამ საშინელი თავდასხმის დროს დაღუპულები ხომ სულ ახლახან მიაბარეს მიწას!.. მე არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გამკაცრდება საფრანგეთის საიმიგრაციო პოლიტიკა, ერთი მხრივ, და ასევე მოსალოდნელია უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ დიდ ბრიტანეთში, სადაც ასევე არსებობს შინნაზარდი ტერორისტების პრობლემა. დიახ, საფრანგეთმა გაიღვიძა და ყველას ესმის, რომ საჭიროა რაღაცის გაკეთება. მართალია ისიც, რომ ბევრი ადარებს პარიზში მომხდარ ტერაქტებს 11 სექტემბრის ტერაქტებს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლისა და ტერაქტის მასშტაბების შედარება შეუძლებელია. მაგრამ გასათავლისწინებელია ისიც, რომ „შარლი ებდოზე“ განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი თავდამსხმელები აღიზარდნენ საფრანგეთში, ჰქონდათ საფრანგეთის მოქალაქეობა და იზრდებოდნენ ფრანგებს შორის. ეს კიდევ სხვა პრობლემაა. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ საერთაშორისო ტერორიზმის მიმართულებით ძალისხმევის გაფართოება - ეს ერთი საკითხია, მაგრამ საფრანგეთი ასევე იმაზეც უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ აიცილოს თავიდან საფრანგეთში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმების რადიკალიზაცია.
პარიზში გამართულ ერთიანობის მილიონიან მარშში მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის „მუსლიმთა ასოციაციის“ წარმომადგენლები. თანაც, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს ორგანიზაცია არ მიეკუთვნება ლიბერალურ ჯგუფებს და ზოგიერთ საკითხში საკმაოდ მკაცრი პოზიცია უკავია...კლერ ბიგი
კობა ლიკლიკაძე: პრევენციის ერთი ასეთი ნაცადი მეთოდი, თუ 11 სექტემბრის ტერაქტებთან გავავლებთ პარალელს, სამართალდამცველი ძალებისა და სპეცსამსახურების გაძლიერებაა. აშშ-ში ძალიან გაიზარდა პრევენციის სხვადასხვა ფორმები, მაგალითად, სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა, რაზეც სულ არის კამათი. მოსალოდნელია თუ არა იგივე პროცესები საფრანგეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ იმ სამსახურების კიდევ უფრო გაძლიერება, რომლებიც პასუხს აგებენ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე?
კლერ ბიგი: რა თქმა უნდა. ცხადია, ასეთი ზომები იქნება მიღებული და უკვე მიდის საუბრები ამაზე. მაგრამ, ისევ და ისევ, უნდა გვახსოვდეს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში 14 წლის წინ მოხდა და ამ ხნის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა უკვე მნიშვნელოვნად გააძლიერეს ტერაქტებისა და თავდასხმების პრევენციის სხვადასხვა ზომები - სატელეფონო მოსმენა, თვალთვალი და სხვა. მათ შორის, საფრანგეთმაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არაერთ ზომას მიმართა, რათა გაემკაცრებინა საკუთარი მოქალაქეების კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ვვარაუდობ, რომ პოლიცია და სპეცსამსახურები მიიღებენ ახალ დავალებებს, რათა გააძლიერონ კონტროლი თუნდაც ეჭვმიტანილ ადამიანებზე, რადგან ეს ძმები კუაშები, როგორც შემდეგ გაირკვა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლიციის თვალთვალის ქვეშ. შემდეგ, გასულ წელს, ძმები ჩაწყნარდნენ და პოლიციის თვალთვალიც მათზე შეწყდა. მეორე მხრივ, საფრანგეთში ცხოვრობს ბევრი მუსლიმანი, რომლებსაც რადიკალური შეხედულებები აქვთ. ამიტომ გაურკვეველია, როგორ უნდა მოხდეს ყველა მათგანის თვალთვალი და აქვს თუ არა ქვეყანას ამის შესაძლებლობები.
კობა ლიკლიკაძე: კლერ, საფრანგეთში ცხოვრობს ყველაზე მეტი მუსლიმანი, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში. რამდენად არის მათი პოლიტიკური ინტერესები რეალიზებული საფრანგეთში? ჰყავს თუ არა მუსლიმურ თემს ლობისტები პარლამენტსა და მთავრობაში? არსებობს თუ არა ისეთი წარმომადგენლობითი, გავლენიანი ჯგუფი, რომელიც ახლა, ამ საზარელი ტერაქტის შემდეგ, შეძლებს დიალოგის დაწყებას საზოგადოებაში სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა და ლიდერებთან, რათა ჩანასახშივე თავიდან იქნეს აცილებული ისლამოფობიური გამოვლინებები?
კლერ ბიგი: რა თქმა უნდა, მოიძებნებიან ისეთი მუსლიმანები საფრანგეთში, რომლებიც იტყვიან, რომ ისინი არასაკმარისად არიან წარმოდგენილი პოლიტიკაში, მაგრამ, რაც უნდა ითქვას, მათ აქვთ ხმა. მუსლიმებს ამ მხრივ, არა მგონია, ჩვენს საზოგადოებაში ვინმე ავიწროებდეს. რაც შეეხება დიდ პოლიტიკას, ბატონ ოლანდის კაბინეტში არიან მინისტრები, რომლებიც, შესაძლოა, არ არიან მუსლიმები, მაგრამ ჩრდილოაფრიკული წარმომავლობა აქვთ. სარკოზის დროსაც იყვნენ ხელისუფლებაში ასეთი მაღალი რანგის მოხელეები. სხვათა შორის, პარიზში გამართულ ერთიანობის მილიონიან მარშში მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის „მუსლიმთა ასოციაციის“ წარმომადგენლები. თანაც, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ეს ორგანიზაცია არ მიეკუთვნება ლიბერალურ ჯგუფებს და ზოგიერთ საკითხში საკმაოდ მკაცრი პოზიცია უკავია. და მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არ არიან გარიყული პოლიტიკური პროცესიდან. ნიშანდობლივია, რომ ზემოხსენებულ სოლიდარობის მარშში მონაწილეობა არ მიაღებინეს მარი ლე პენის „სახალხო ფრონტს“, მაშინ როცა საფრანგეთის „მუსლიმთა ასოციაციის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ მსვლელობაში. ასე რომ, მე არ ვიტყვი, რომ მათ არ აქვთ საკუთარი ხმის უფლება.
კობა ლიკლიკაძე: კლერ, შენ, როგორც ჟურნალისტმა, ძალიან მძიმედ განიცადე „შარლი ებდოზე“ მომხდარი თავდასხმა, რადგან, როგორც საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი, საფრანგეთის მოქალაქე, იცნობდი ამ გამოცემას და დახოცილი კარიკატურისტების ცხოვრებასაც. თუ გაქვს პირადი მოგონებები? შენთვის პირადად რას წარმოადგენდა ეს სატირული ჟურნალი, მისი ასეთი სადავოდ ქცეული, გამომწვევი სტილი, რომელიც ზოგს მოსწონდა და ზოგს არა?
სხვათა შორის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მუშაობს თანამშრომელი, რომელიც სამაშველო სამსახურის ექიმიცაა. იგი ერთ-ერთი პირველი მივიდა თავდასხმის შემდეგ რედაქციაში და თქვა, რომ ეს იყო საშინელი სანახაობა. დარბაზში სისხლის ტბა იდგა. ამ ექიმმა ერთ-ერთ გადარჩენილ კარიკატურისტთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა...კლერ ბიგი
კლერ ბიგი: მე ვფიქრობ, საფრანგეთში ბევრს აქვს ისეთი შეგრძნება, რომ ძალიან ახლობელი ადამიანები დაკარგეს. სინამდვილეში, სატირული ჟურნალი „შარლი ებდო“ იყო მცირეტირაჟიანი გამოცემა, სულ 60 ათასი ეგზემპლარი იბეჭდებოდა, რაც საფრანგეთში მცირე ტირაჟად ითვლება, და ბევრი არ კითხულობდა მას. ვაღიარებ, რომ ჩემს ცხოვრებაში „შარლი ებდო“ სულ რაღაც 4-5 ჯერ მექნება ნაყიდი. მაგრამ ვიცი, საით მიგყავს ლაპარაკი. მე ვხედავდი ამ გამოცემას ჯიხურებში, ვიცოდი მათი პოზიცია. ვთვლი, რომ ეს გამოცემა უნდა არსებობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ჩემთვისაც კი შოკი მოუგვრია მასში გამოქვეყნებულ კარიკატურებს, რომლებიც ყოველთვის არ იყო, რბილად რომ ვთქვათ, მაგალითი ნატიფი გემოვნებისა. ზოგჯერ კი ეს იყო ვულგარული კარიკატურებიც კი. მაგრამ ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციას ჰქონდა ამის უფლება. ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა, ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ და მე ვთვლი, რომ ამ ჟურნალის არსებობა არის სიტყვის თავისუფლების გამოხატულება. ეს გულისხმობს იმას, რომ გაქვს უფლება თქვა, რასაც ფიქრობ, და ეს ნაფიქრი ნახატშიც გამოხატო. და თუ ეს ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, უკაცრავად, მაგრამ ასეთია ჩვენი კულტურა, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა და ამას ყველამ უნდა გაუწიოს ანგარიში. და კიდევ ვიტყოდი იმას, რომ ჟურნალისტები, რომლებიც „შარლი ებდოში“ მუშაობდნენ, იყვნენ ძალიან ცნობილები. ანუ ეს იყო არა რაღაც მარგინალური ჟურნალი, რომელიც სადღაც შორს გამოიცემა და რომელსაც არავინ კითხულობს, არამედ ეს ადამიანები იყვნენ საფრანგეთის პოლიტიკური პროცესებისა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების აქტიური მიმომხილველები, მათ ხშირად ეპატიჟებოდნენ რადიოში და ამიტომ ამ დღეებში, როდესაც ჩართავ ფრანგულ რადიოს, ყველა გლოვობს და ტირის, რადგან მოკლული ჟურნალისტები მათი კოლეგები იყვნენ. ისინი საკმაოდ პატივცემული და ცნობილი ჟურნალისტები და კომენტატორები იყვნენ, მათი კარიკატურები და ნახატები იბეჭდებოდა ცნობილ გაზეთებში. ჩემთვის მათგან ყველაზე ახლობელი იყო ჟან კაბიუ (Jean Cabut), რომელიც ძალიან თბილი, ძალიან ჰუმანური ადამიანი იყო. ის 1980-იან წლებში მონაწილეობდა საბავშვო გადაცემაში. ეს იყო საკულტო გადაცემა მეორე არხზე, რომელსაც საფრანგეთში უამრავი ბავშვი უყურებდა და, მათ შორის, მეც. კაბიუ მოდიოდა ამ გადაცემაში და ხატავდა რაღაც ნახატებსა და კარიკატურებს, რომლებიც იყო ძალიან უწყინარი და პოლიტკორექტული. მე ძალიან მიყვარდა მისი ცქერა. მთელი თაობა გაიზარდა მის ამ ნახატებზე. ამ დღეებში მე და ჩემი მეგობრები ვურეკავდით ერთმანეთს და ვიხსენებდით „შარლი ებდოს“ კარიკატურისტებსა და ჟურნალისტებს, განსაკუთრებით კი კაბიუს, რომელიც ყველაზე უფროსი იყო ამ ჯგუფში.
კობა ლიკლიკაძე: ეს ჟურნალისტები საჯაროდ დასაჯეს ტერორისტებმა. ამბობენ, რომ როდესაც თავდამსხმელები „შარლი ებდოს“ რედაქციაში შეიჭრნენ, სათითაოდ იძახებდნენ და ესროდნენ ჟურნალისტებს. საშინელ ამბებს ჰყვებიან.
კლერ ბიგი: თვითმხილველები ახლა ჯერ კიდევ შოკში არიან და ჯერჯერობით ბევრ რამეს არ ჰყვებიან და, შესაძლოა, არც ღირდეს ამის მოყოლა. მაგრამ ეს იყო საშინელება. სხვათა შორის, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში მუშაობს თანამშრომელი, რომელიც სამაშველო სამსახურის ექიმიცაა. იგი ერთ-ერთი პირველი მივიდა თავდასხმის შემდეგ რედაქციაში და თქვა, რომ ეს იყო საშინელი სანახაობა. დარბაზში სისხლის ტბა იდგა. ამ ექიმმა ერთ-ერთ გადარჩენილ კარიკატურისტთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა. ჩანდა, რომ ადამიანი ჯერ კიდევ არ არის გამოსული შოკიდან, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან. იგი ტიროდა. მისთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა.
კობა ლიკლიკაძე: კლერ, სიტყვის თავისუფლება - ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, საყრდენი, რომელსაც არა მხოლოდ საფრანგეთის რესპუბლიკა და ფრანგული დემოკრატია ეფუძნება, არამედ დემოკრატია, ზოგადად, მთელ მსოფლიოში. მაგრამ მიჩნეულია, რომ ზოგჯერ სახელმწიფო ინტერესი და სიტყვის თავისუფლება შეიძლება დაუპირისპირდეს ერთმანეთს, თუ საქმე საზოგადოების უსაფრთხოებას ეხება. ეს ყოველთვის არის კამათის საგანი და ასეთი კამათიც დემოკრატიის მონაპოვარია. ზოგჯერ ამბობენ, რომ შეიძლება არსებობდეს თვითცენზურა, თვითშეზღუდვა, როდესაც საქმე ეხება ძალიან მგრძნობიარე საზოგადოებრივ ჯგუფებსა და თემებს. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ ამ ტერაქტის შემდეგ საფრანგეთშიც დაიწყოს მსჯელობა ასეთი თვითცენზურის შესახებ?
„შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული კარიკატურები დასცინოდნენ საფრანგეთის საზოგადოების ყველაზე უარეს ჯგუფებს - ნეონაცისტებს, ფაშისტებს და შოვინისტებს. და ამას აკეთებდნენ არა მარტო იმიტომ, რომ „შარლი ებდო“ ასეთ ღირებულებებს ატარებდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ჟურნალისტები და კარიკატურისტები იყვნენ ჰუმანისტები...კლერ ბიგი
კლერ ბიგი: ვფიქრობ, რომ ასეთი საშიშროება არსებობს, თუ დანიის მაგალითს გავიხსენებთ. იქ გამოდის გაზეთი „ილანდას პოსტენი“ (Jyllands-Posten ), რომელმაც 2005-2006 წლებში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა. ეს გაზეთი ამ დღეებში აღმოჩნდა დანიაში გამომავალ იმ იშვიათ გამოცემებს შორის, რომელმაც არ გადაბეჭდა „შარლი ებდოს“ კარიკატურები. მე მოვისმინე „ილანდას პოსტენის“ რედაქტორის ინტერვიუ, რომელშიც იგი განმარტავდა, მესმის სოლიდარობის ფასი, მაგრამ ჩვენ მომეტებული საშიშროების პირობებში ვიმყოფებით და ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვერ დავაყენებო. საფრანგეთში კი დრო გვაჩვენებს, თუ რა მოხდება. ფრანგები ყოჩაღი ხალხია, რომელიც ძალიან უფრთხილდება და იცავს სიტყვის თავისუფლებას, ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის დროიდან მოყოლებული, როდესაც უკვე არსებობდა კარიკატურები და სხვადასხვა სახის პამფლეტები. საფრანგეთში დიდი ხნის ტრადიცია აქვს პოლიტიკურ სატირას და კარიკატურას და ამიტომ ამ დღეებშიც ფრანგული მედია თავისუფლად აჩვენებდა ამ კარიკატურებს. მაგრამ დასავლურ გამოცემებში, როგორიცაა „ასოშიეიტედ პრესი“ და „ტელეგრაფი“, რეტუშირება გაუკეთეს იმ ფოტოს, რომელზეც ჟურნალ ‘შარლი ებდოს“ მოკლულ რედაქტორს, სტეფან შაბონიეს, ხელთ უპყრია ჟურნალის გარეკანი, მუჰამედის კარიკატურით. ამ ტერაქტების შემდეგ ასეთი საქციელი მე, როგორც ჟურნალისტს, საგანგაშოდ მეჩვენება. სავარაუდოა, რომ ამიერიდან ჟურნალისტები ბევრს იფიქრებენ, გამოაქვეყნონ თუ არა ისეთი კარიკატურები, რომლებიც მუსლიმებს შეეხება. სამწუხაროდ, ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს.
კობა ლიკლიკაძე: დაბოლოს, რა ბედი ელის ჟურნალ „შარლი ებდოს“, რომელმაც ამ ტერაქტში დაკარგა თითქმის მთელი შემადგენლობა - რედაქტორი და წამყვანი კარიკატურისტები? გასაგებია, რომ მათი ბოლო ნომერი, მუჰამედის კარიკატურით, სამი მილიონი ტირაჟით გამოვიდა, მაგრამ რა იქნება შემდეგ?
კლერ ბიგი: მე ვიცი, რომ ჟურნალმა მიიღო დამატებითი დაფინანსება სახელმწიფოსგან, ბევრმა ადამიანმა კი საკუთარი სოლიდარობა ჟურნალის გამოწერით გამოხატა. ასე რომ, ჟურნალი ერთბაშად არსებობას არ შეწყვეტს - მით უფრო, რომ ცოცხლად გადარჩენილმა ჟურნალისტებმა გამართეს პრესკონფერენცია, სადაც განაცხადეს, რომ არ აპირებენ მუშაობის შეწყვეტას. იმედი მაქვს, რომ ჟურნალი „შარლი ებდო“ გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ, გულწრფელად რომ ითქვას, დახოცილია მთელი გუნდი, მოკლულია ყველაზე ცნობილი კარიკატურისტები, ნამდვილი საკულტო ფიგურები, რომელთა შეცვლა ძალიან ძნელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის არ ვემხრობოდი ამ კარიკატურებს, იმედი მაქვს, რომ ჟურნალი გააგრძელებს გამოცემას, რადგან ძალიან გულდასაწყვეტი და სახიფათო პრეცედენტი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ ჟურნალი ტერაქტის საფრთხის გამო შეწყვეტს არსებობას. დავამატებდი, რომ „შარლი ებდოსთან“ დაკავშირებით მე წუხილით ვკითხულობ, თუ როგორ უწოდებს ჟურნალს რასისტულს ზოგიერთი დასავლური - მათ რიცხვში ჩემთვის პატივსაცემი - გამოცემა.
კობა ლიკლიკაძე: მაგრამ მათაც აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი აზრი.
კლერ ბიგი: კი, უფლება აქვთ. მაგრამ ფრანგების უმრავლესობა თქვენ გეტყვით, რომ ეს კარიკატურისტები სწორედ რასისტებსა და ექსტრემისტებს ამასხარავებდნენ. ჟურნალ „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებული კარიკატურები დასცინოდნენ საფრანგეთის საზოგადოების ყველაზე უარეს ჯგუფებს - ნეონაცისტებს, ფაშისტებს და შოვინისტებს. და ამას აკეთებდნენ არა მარტო იმიტომ, რომ „შარლი ებდო“ ასეთ ღირებულებებს ატარებდა, არამედ იმიტომ, რომ ეს ჟურნალისტები და კარიკატურისტები იყვნენ ჰუმანისტები. ისინი ძალიან უყვარდა ხალხს, ისინი იყვნენ პოპულარულები ჟურნალისტურ წრეებში, იყვნენ მახვილგონიერი დიდი ბავშვები, რომლებსაც სიცილი სურდათ და რომლებსაც ჰქონდათ ამის უფლება.