კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 150 ადამიანს ჩაუტარდა და 30-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, კოვიდ 19-ით სულ 1 547 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან რეგიონში 27 გარდაცვალების შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის არიან ვლადიკავკაზისა და თბილისის კლინიკებში გადაყვანილი მძიმე პაციენტები.
ინფიცირებულთა შორისაა ცხინვალის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების უფროსი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ალექსანდრ პლიევი, რომელიც ოთხი დღეა სახლში მკურნალობს, თუმცა კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზეა და საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ მიმდინარე მოვლენების საქმის კურსშია. საავადმყოფოს „წითელ ზონაში“ კი რამდენიმე დღის წინ ინციდენტი მოხდა. ინფიცირებულებს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდათ და ამ დროს ხელოვნური სუთქვის აპარატზე შეერთებული ორი პაციენტი დაიღუპა. ცხინვალში ჟანგბადის მიწოდება რუსეთის საბაჟოზე ტვირთების გაფორმებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, თუმცა ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. ალექსანდრ პლიევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ამბობს:
„ჟანგბადი მილებით ახლა პირდაპირ საწოლებთან არის მიყვანილი. ამან მდგომარეობა შეუმსუბუქა როგორც პაციენტებს, ისე მედპერსონალს და მოხალისეებს, რომლებიც ჟანგბადის მძიმე ბალონებს მეორე და მესამე სართულებზე ეზიდებოდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბალონების აფეთქების საფრთხეც შევამცირეთ. ჩვენ ამის შესახებ ჩუმად ვიყავით, რომ პანიკა არ გამოგვეწვია, მაგრამ მედპერსონალს მშვენივრად ესმოდა, რომ პალატებში ჟანგბადით სავსე დაუცველი ბალონები აფეთქების საფრთხეს ქმნიდა. მადლობა ღმერთს, ახლა თითოეულ საწოლს ჟანგბადის დამოუკიდებელი მილი აქვს“.
ალექსანდრ პლიევის თქმით, გამოთავისუფლებული ბალონები რუსეთის სამხედრო-საველე ჰოსპიტალს გადაეცემა, რომელიც ამ დრომდე ჟანგბადის უქონლობის გამო მძიმე პაციენტების მიღებას ვერ ახერხებს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ დრომდე საველე ჰოსპიტლისთვის ჟანგბადის მიწოდება ვერ უზრუნველყო, რუსეთიდან ცხინვალში ჩასული ექიმები კი „წითელ ზონაში“ მორიგეობენ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ცხინვალის სამედიცინო კლინიკებში შეიქმნა, ესაა „წითელ ზონებში“ მედპერსონალის დეფიციტი. პერსონალის ნაწილი ინფიცირებულია, ნაწილზე კი დიდი დატვირთვა მოდის. დაახლოებით, 30 ავადმყოფს ერთი ექთანი ემსახურება. მათი საქმე მცირედით შეამსუბუქეს მოხალისეებმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ცხინვალიდან ისიც ცნობილი ხდება, რომ მოხალისეებად არასრულწლოვნებიც მუშაობენ. ამის გამო სოციალურ ქსელებში არაერთმა ცხინვალელმა შეშფოთება გამოთქვა და ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და უსაფრთხოება ხელისუფლების პასუხისმგებლობად დაასახელა. ალექსანდრ პლიევის განცხადებით, ეს სიმართლეა:
„არასრულწლოვანმა მოხალისეებმა თვითონ გამოთქვეს მუშაობის სურვილი. მათ ისეთი საქმისთვის იყენებენ, როგორიცაა, მაგალითად, საწყობიდან საავადმყოფომდე ყუთების გადატანა, საკვების მიტანა და ასე შემდეგ. ისინი ავადმყოფებთან და წითელ ზონაში ვერ ხვდებიან“.
რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, რომ მოზარდების ჩართვა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმაშფოთებელია, რადგან ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს რესურსი იმისთვის, რომ ბავშვები მძიმე სამუშაოზე არ გაუშვას.
„ჩემი მეზობლის ბავშვიც მოხალისედ ჩაეწერა. დიახ, ეს მან თავისი ნებით გააკეთა, მაგრამ ვინც მისი მიღების გადაწყვეტილება მიიღო და მძიმე ყუთები აჰკიდა, მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. ხელისუფლება გვეუბნება, კოვიდინფექციასთან ომში ვართო და ომში ბავშვები წინა ხაზზე უნდა გავუშვათ? ეს არ მესმის. სად არიან ის მოქალაქეები, რომლებიც პატრიოტულად გაჰყვირიან ხოლმე და სადღეგრძელოებში ოსეთის სადღეგრძელოს ვერავინ დაასწრებს? გამოდის, რომ კორონასი ეშინიათ. გაუგიათ, ბავშვებს დაავადება მსუბუქად გადააქვთო და უშვებენ წინა ხაზზე მოხალისეებად და მტვირთავებად. ისიც ხომ ვიცით, რომ ბავშვებმა უსიმპტომოდ შეიძლება ბევრს გადასდონ ეს დაავადება? იმიტომ ვამბობთ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები, რომ ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია, რომ პანდემიისთვის მომზადებულიყო, მათ მხოლოდ ოპოზიციისკენ იციან თითის გაშვერა“, -ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.
ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, რომ ამჟამად რეგიონში ისეთი კატასტროფული მდგომარეობა აღარ არის, როგორიც ერთი კვირის წინ შეინიშნებოდა. მათი თქმით, ახლა ადამიანებს უკეთესად ესმით, რომ ინფიცირების შემთხვევაში მაშინვე საავადმყოფოში არ უნდა გაიქცნენ. თავიდან პირველივე სიმპტომების დროს ყველას საავადმყოფოში დაწოლა უნდოდა და ეს ქაოსს ქმნიდა. ახლა ვითარება შედარებით მშვიდია. ადამიანები ამბულატორიულად და უბნის ექიმების დახმარებით მკურნალობენ. სამოქალაქო აქტივისტების დაკვირვებით, ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები, რამდენიმე დღეა, აღარ მატულობს, რაც მათ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.