17 მაისს თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ლგბტქი აქტივისტებმა და თემის წევრებმა. აქციამ, რომელიც ფარულად დაიგეგმა, საგანგებოდ მობილიზებული სამართალდამცავების თანხლებით ჩაიარა. დილიდან იყო გადაკეტილი მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა. 17 მაისს გაიმართა კიდევ ერთი ღონისძიება, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა.
„მოვითხოვთ თანასწორობას! მოვითხოვთ უსაფრთხოებას და ჩვენ გავიმარჯვებთ“... თანასწორობა და უსაფრთხოება მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა ლგბტქი აქტივისტებმა და თემის წევრებმა მოითხოვეს. თუმცა, სანამ ამ გზავნილს ისინი ხელისუფლებისა და საზოგადოების მისამართით ხმის გამაძლიერებლიდან გაგზავნიდნენ, მათ, მათივე სიტყვებით, ფარულად მოუწიათ შეკრება. „თანასწორობის მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილ აქციაზე 150-მდე ადამიანი თბილისში, დილით ადრე, მეტროსადგურ „წერეთელთან“ და „300 არაგველთან“ შეიკრიბნენ. ოცამდე სამარშრუტო ტაქსით ისინი მთავრობის კანცელარიასთან დილის 10 საათისთვის შემოვლითი გზებითა და სამართალდამცავების განსაკუთრებული დაცვის თანხლებით მიიყვანეს. სამართალდამცავების მიერ კონტროლირდებოდა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაც. ტერიტორიაზე შესვლა შეეძლოთ მხოლოდ აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, ისიც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საშუალებით. „დამამცირებელ პირობებში გამოხატული უფლებები“ - ასე დაახასიათა გიორგი თაბაგარმა, აქციის ორგანიზატორმა, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია:
„შეზღუდულ პირობებში, ასე მალულად მოგვიწია აქ მოსვლა და სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს იმის უნარი, რომ წინ აღუდგეს მოძალადეს. სახელმწიფო ჩვენზე ძალადობს, სახელმწიფო ძალადობს უმცირესობებსა და ჩაგრულ ადამიანებზე და ის აკეთებს ამას ყოველდღე“.
აქციაზე, რომელმაც თითქმის ერთ საათს გასტანა, ლგბტქი აქტივისტებმა და თემის წევრებმა იმ გამოცდილებაზე, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე ილაპარაკეს, რომელსაც ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. მათ შორის იყო ნათია გვიანიშვილიც:
„მე, როგორც ლესბოსელ ქალს, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება არის რთული. განსხვავებით სხვა მარგინალიზებული, სოციალური ჯგუფებისგან, გარიყული ჯგუფებისგან, ჩვენ ხშირად არ გვაქვს ჩვენი ოჯახის მხარდაჭერა, ჩვენ ხშირად არ გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა, იმ ადამიანები მხარდაჭერა, ვისაც პირველ რიგში ვენდობით ხოლმე და ვინც პირველ რიგში უნდა დაგვიცვას გარემოს ძალადობისგან და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ დავანახვოთ ადამიანებს, რომ ჩვენ ვარსებობთ, არ ვართ უცხოპლანეტელები. ვართ აქ დაბადებული, გაზრდილი ადამიანები, ჩვენ ვიხდით გადასახადებს“.
დღესაც, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ლგბტ ადამიანების უფლებები არ არის დაცული. პირველ რიგში, მათი უსაფრთხოება არ არის დაცული. როგორც კი ამ აქციას გავცდებით, ისინი არ იქნებიან დაცულები ფიზიკური ძალადობისგან, სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, მკვლელობისგან...ეკა ჭითანავა
„ბრძოლა სიცოცხლისთვის, ბრძოლა გადარჩენისთვის“ - ეს ტრანსგენდერი ქალის, მარია კასენკოს, გზავნილია საზოგადოებისადმი:
„ყოველდღიურად გვიწევს, რომ ავიტანოთ საზოგადოების მხრიდან უსაზღვრო ძალადობა. ჩვენი მეგობრები, ჩვენი მოქალაქეები, ოთხი ტრანსგენდერი ქალი შეიწირა საქართველოს საზოგადოებამ და ჩვენ, ტრანსგენდერმა ქალებმა, ხმა უნდა ამოვიღოთ, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი საქართველოში. ისედაც ბევრი დავკარგეთ ცხოვრებაში, ოჯახი, ყველაფერი და დასაკარგი მართლა აღარაფერი გვაქვს. დროა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისათვის და დავდგეთ ერთად“.
ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სპეციალური განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებამ „კოალიცია თავისუფლებისათვის“. მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ხშირად არ აღიარებს ლგბტქი ადამიანების მიმართ ძალადობისა და უფლებების სისტემური დარღვევის პრაქტიკას, რაც არსებული ჰომოფობიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს გარდაქმნას ართულებს. მეტიც, განცხადების თანახმად, მკვეთრად არაეფექტიანი პოლიტიკით სახელმწიფო ირიბად ხელს უწყობს ძალადობისა და დისკრიმინაციის წახალისებას და მისი ინტერესი ლგბტქი პირთა უფლებების მოჩვენებითი დაცვის ხაზგასმაა. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებები საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2012 წლის 17 მაისს, აიდაჰო დღეს, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ არ დასრულებულა და, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს მთავრობას მოუწევს დაასაბუთოს, თუ რამდენად ახერხებს ადეკვატური ღონისძიების განხორციელებას ლგბტქი პირების შეკრების თავისუფლებისა და უსაფრთხოების სრულყოფილად დასაცავად.
2012 და 2013 წელს, სხვადასხვა ჯგუფის მიერ აიდაჰო შეკრების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, ლგბტქი ადამიანები და აქტივისტები, ფაქტობრივად, ვერ ახერხებენ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობას, ამის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ეკა ჭითანავა, და იხსენებს 2013 წლის 17 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა დაარბია ლგბტქი აქტივისტები:
„დღეს, ფაქტობრივად, გლოვის დღეა, რადგან 2013 წლის 17 მაისი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასირცხვილო ლაქა. დღესაც, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ლგბტ ადამიანების უფლებები არ არის დაცული. პირველ რიგში, მათი უსაფრთხოება არ არის დაცული. როგორც კი ამ აქციას გავცდებით, ისინი არ იქნებიან დაცულები ფიზიკური ძალადობისგან, სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, მკვლელობისგან“.
სამართალდამცავების მიერ გარშემორტყმული აქციის მონაწილეები, დაახლოებით, ერთ საათში, ინგოროყვას ქუჩაზე ისევ სამარშრუტო ტაქსებში განლაგდნენ. პოლიციის ესკორტის თანხლებით, მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიიდან წავკისის გავლით, ნაძალადევის რაიონისკენ აიღეს გეზი და სამართალდამცავებისგან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით, სათითაოდ, გზადაგზა დატოვეს სამარშრუტო ტაქსები.
17 მაისი, ოღონდ ამჯერად უკვე ოჯახის სიწმინდის დღე, თბილისში მსვლელობით აღინიშნა. მსვლელობის დაწყებამდე, 11 საათზე, ინგოროყვას ქუჩაზე, იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ლგბტქი აქტივისტების აქცია მიმდინარეობდა, შეიკრიბა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი ღონისძიების რამდენიმე ათეული მონაწილე და სასულიერო პირი. მათი თქმით, ამგვარი შეკრებით ისინი „გმობენ ყოველივე სიბილწეს“ და იცავენ ოჯახის სიმტკიცეს. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე 2014 წლიდან პატრიარქის ინიციატივით აღინიშნება.