Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩესტერ არტურ ბარნეტი. ნაწილი II


ჩესტერ არტურ ბარნეტი
ჩესტერ არტურ ბარნეტი

50-იან წლებში და 60-იანების დასაწყისში „ჩიკაგური ბლუზი“ ძალას იკრებდა. მომხმარებლები, რა თქმა უნდა, აფროამერიკელები იყვნენ, რომლებიც რასობრივ უსამართლობასა თუ უმუშევრობას სამხრეთული შტატებიდან ჩრდილოეთში გაურბოდნენ და ფაბრიკა-ქარხნებში საქმდებოდნენ, საღამოობით კი იქაურ კლუბებში იკრიბებოდნენ, სადაც სისხლში გამჯდარი ბლუზი ეგულებოდათ. ჰოდა, ჩესტერ არტურ ბარნეტიც მათ მშობლიური მხარის მონატრებას უქარწყლებდა. „ტანად უზარმაზარი იყო. თვალები უელავდა. პირს დააღებდა და მგელივით ყმუოდა ხოლმე. ხანდახან გეგონებოდა, რომ მიკროფონს გადასანსლავდა და ჩვენც ზედ მიგვაყოლებდა...“ - ასე იხსენებდნენ ბლუზმენს თვითმხილველნი.

წარმატებული იყო ბარნეტის სტუდიური საქმიანობაც. „Chess Records“-ის სხვა მუსიკოსებთან შედარებით, მისი და მადი უოტერსის დისკები რეკორდული ტირაჟით იყიდებოდა. სწორედ ამ პერიოდში ჩაწერა სამი მნიშვნელოვანი თხზულება: "Smokestack Lightnin“, „Howlin' For My Baby“ და "Killing Floor". ბლუზების არნახული პოპულარობა სასესიო მუსიკოსების შემადგენლობამაც განსაზღვრა. ჩესტერს ისეთი არტისტები უწევდნენ აკომპანირებას, როგორებიც იყვნენ: პიანისტი ლი კენარდი, კონტრაბასისტი უილი დიქსონი და დრამერი ერლ ფილიპი. თუმცა ბარნეტისეული ბლუზის უნიკალურ ჟღერადობას ჰუბერტ სამლინის გიტარის მეტყველება განაპირობებდა. მისი სოლოები, პასაჟები და ფრაზირება ყველაზე უკეთ ერწყმოდა ბლუზმენის აგრესიულ ვოკალურ ხელწერას.

60-იან წლებში ამერიკულ სცენაზე როკენროლი შემოიჭრა და ბლუზი მნიშვნელოვნად შეავიწროვა. ბევრი ბლუზმენი მიეცა მივიწყებას, მაგრამ არა ბარნეტი. მან საკუთარი მსმენელის შენარჩუნება მაინც მოახერხა, მეტიც - „ჩიკაგური ბლუზის“ სენით ევროპელი მსმენელიც „დააავადა“. ეს 1964 წელს მოხდა, როცა მისისიპელი კოლეგებთან ერთად ევროპულ ტურნეში გაემგზავრა - უფრო ზუსტად კი, დიდ ბრიტანეთში გამართულ ამერიკული ხალხური მუსიკის ფესტივალზე, რომელიც ბლუზისკენ მსმენელის შემობრუნების წარმატებული მცდელობა გახლდათ. შედეგი კი ყველას გვახსოვს: ევროპელმა ახალგაზრდებმა შავკანიანთა მუსიკა საკუთარ რიტმულ თუ მელოდიურ სტრუქტურებზე გადააწყვეს და ასე იშვა „ბიტლზის“, „როლინგ სთოუნსის“ და „ენიმალსის“ ეპოქაც.

დაბოლოს, ჩესტერ არტურ ბარნეტის ერთ საინტერესო ალბომსაც გამოვყოფდი. „Howlin' Wolf“ ერთგვარი ქრესტომათიული კრებულია, სადაც ორი ათწლეულის მანძილზე შესრულებული 12 ყველაზე ღირებული თხზულებაა შესული. 2003 წელს ალბომი ჟურნალ „როლინგ სთოუნის“ ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის მოხვდა და დღემდე მისისიპური ბლუზის კლასიკად ითვლება.

XS
SM
MD
LG