რუსთაველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა, პირველ აპრილს რუმინეთის ქალაქ ტირგუ-ჟიუში გამართულ 22 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუში ოქროს მედალი მოიპოვა. 64-კილოგრამიან წონით კატეგორიაში მან ფინალში თურქი მოკრივე ერდემირ თურგულანი დაამარცხა.
მაგრამ სად და რა პირობებში ვარჯიშობს რუსთაველი ევროპის ჩემპიონი?
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლაშა გურული ამბობს, რომ მოკრივეებს განსაკუთრებით უჭირთ ზამთარში, რადგან დარბაზს არც გათბობა აქვს და არც დენი მიეწოდება.
„ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ სანთლის შუქზე გვივარჯიშია“, ამბობს ლაშა გურული. მისივე განმარტებით, დარბაზში სითბო აუცილებელია, რადგან წონით კატეგორიას გამოყოფილი ოფლის ხარჯზე ინარჩუნებს. იმის გამო, რომ დარბაზი ცივია, „2-3“ სპორტული ქურთუკით უწევს ვარჯიში, თან, გაცილებით დიდხანს, რომ აუცილებელი 300 მილიგრამი სითხე გამოიდევნოს.
სპორტსმენის თქმით, პრობლემა კიდევ ისაა, რომ წვიმის დროს დარბაზშიც წვიმს. ის კი არა, სახურავი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნალექის შემდეგ, მზიან ამინდშიც, დარბაზში მაინც წვეთავს, რადგან წვიმის წყალი სახურავზე ტბასავით დგება. გაცილებით უარესი მდგომარეობაა თოვის დროს. ერთხელ თუ მოთოვა, მერე მთელი ზამთრის განმავლობაში ჭერიდან წყალი ჩამოდის. დარბაზში არც საშხაპეა.
რუსთაველი მოკრივეები ზამთარში თბილისში დადიან, ვაკის სპორტკომპლექსში. იქ გათბობაც არის და სხვა კარგი პირობებიც.
რუსთავის საკრებულოს ახალგაზრდა წევრი „ქართული ოცნებიდან“, ამირან ჯანჯღავა, 15 წელი რუსთავის ერთადერთ კრივის დარბაზში ვარჯიშობდა, სწორედ იქ, სადაც ლაშა გურული. როგორც ამირან ჯანჯღავა ამბობს, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ცნობილია მოკრივეთა გასაჭირი. მისივე სიტყვებით, რუსთავის საკრებულოში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მოხერხდეს.