Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რწმენის თავისუფლება და სახელმწიფოს ქმედებები და უმოქმედობა


მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში
მუსლიმი მრევლის აქცია ბათუმში
ოთხდღიანი ვნებათაღელვის შემდეგ, 30 აგვისტოს, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში დააბრუნეს მინარეთი, რომლის დემონტაჟიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა. საპატრიარქოსა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეთანხმების თანახმად, მინარეთი არ აღიმართება, სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე დაილუქება და დაცული იქნება მანამ, სანამ არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა. საპატრიარქო და მუსლიმთა საბჭო ხელისუფლებას რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხზე საკანონმდებლო რეგულაციების მიღებას სთხოვენ, მმართველ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტია კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ჭელას ინციდენტში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან აცილება ვერ შეძლო.

„მინარეთის მიშენება მეჩეთზე, მართლაც, კანონდარღვევითა და თვითნებურად მოხდა, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი იყო რეაგირება, მაგრამ როცა საქმე რელიგიას ეხება, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საკითხის დელიკატურობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არ დაუშვას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება“, - ვკითხულობთ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში, რომლის თანახმადაც, რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია და უფრო დიდი საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე უკანონო მშენებლობის დაუყოვნებელი დემონტაჟი. განცხადებაში პარტია არანაკლებ საგანგაშოდ მიიჩნევს მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა მიერ გაკეთებულ პოლიტიკური ხასიათის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მინარეთი ჭელაში აღარ აღიმართება. „საქართველოში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და ურთერთობები სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის რეგულირდება საკონსტიტუციო შეთანხმებითა და არსებული კანონმდებლობით. როგორც სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში, ისე ეკლესიას არ აქვს უფლება იტვირთოს სახელმწიფო ფუნქციები“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ მმართველი კოალიციის წევრია და პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება.

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მისი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყანაში დაძაბულობის ახალი კერის გაჩენა აღეკვეთა:
დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძე

“სწორედ საშემოსავლო სამსახურის გაუაზრებელი და უგუნური ნაბიჯები გახდა პირდაპირი მაპროვოცირებელი ფაქტორი ამ დაძაბულობის კერის გაჩენაში. მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანაში სტაბილურობაზე, მშვიდობაზე, სამოქალაქო თანხმობაზე ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და, უფრო მეტიც, ზოგიერთი მინისტრის არაადეკვატური განცხადება ამ დღეებში ფაქტიურად გახდა ცეცხლზე ნავთის დასხმა დაძაბულობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“.

დავით ბაქრაძის კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კი მოხარულია, რომ უმაღლესი სასულიერო პირები ტოლერანტულ კულტურას ნერგავენ, „სახელმწიფო კი ამ პროცესებში იმუშავებს მხოლოდ როგორც ტოლერანტობისა და სამართლებრივი პროცესების ძირითადი გარანტი“ - ჯერჯერობით ამით შემოიფარგლა ჭელას ინციდენტთან დაკავშირებული ოფიციალური კომენტარი. საზოგადოება ხელისუფლების გამოხმაურებას ელის, ჭელის კონფლიქტის მიზეზებსა და გარემოებებზე საუბრისას კი სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია კაციტაძე ამბობს, რომ მინარეთის დემონტაჟით სახელმწიფომ თავად მოახდინა რელიგიური დაპირისპირების პროვოცირება:

„რელიგიის თავისუფლებას შეეხება საკითხი... ეს სენსიტიური თემაა და უკვე ძალიან კარგად ვნახეთ, რომ ეს ისეთი თემაა, სახელმწიფო უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეპყრას ასეთ გარემოებებს, ასე ვთქვათ, და ასე ხელაღებით გარკვეული ქმედებების განხორციელება არ შეიძლება, ეს შედეგი გვაქვს ამის შემდგომ“.

თავის მხრივ, სეკულარული სახელმწიფოს პრინციპების დარღვევასა და რელიგიის თავისუფლების დაცულობის საკითხებში ოფიციალური პირების პასიურობაზე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე;

“პრინციპში სახელმწიფო თმობს საკუთარ პოზიციებს, ის არ არის ნათელი თავის განცხადებებში. უფრო მეტიც, ეს განცხადებები აჩენს კითხვებს და ბადებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის აცდენილი საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივ სტანდარტებს და ის არის რელიგიის თავისუფლების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები. და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს, ხელისუფლების ოფიციალური პირების ასეთი სუსტი პოზიციები კიდევ უფრო წინა პლანზე წამოსწევს რელიგიური ორგანიზაციების ჩართულობას ამ პროცესებში, რომელიც ეწინააღმდეგება სეკულარული სახელმწიფოს იდეას“.
ესეც არის ის თემა, რომლითაც ძალიან სკრუპულოზურად უნდა დაინტერესდეს საქართველოს ხელისუფლება, ვინ შეიძლება იყოს გარე ფიგურანტი სიტუაციის დაძაბვის, რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაჩენისა საქართველოში, ვინ არის ამისი ავტორი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვინ არის ამის შემსრულებელი ქვეყნის შიგნით...
ხათუნა ლაგაზიძე

ლინა ღვინიანიძე აქ გულისხმობს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს და მართლმადიდებელი მრევლისთვის მიცემულ გარანტიებს, რომ მინარეთი აღარ დაიდგმება და მიმდებარე ტერიტორიაზე მართლმადიდებლური ეკლესია აშენდება.

ჭელის ინციდენტს ხელისუფლებისთვის გამოწვევად მიიჩნევს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და მას დროსა და სივრცეში ზუსტად გათვლილი ნაბიჯების გადადგმას ურჩევს, ამის ერთ-ერთ საბაბად კი მას მოაქვს რუსულ ინტერნეტსაიტებზე გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ აჭარა შეიძლება კავკასიის ახალ ცხელ წერტილად იქცეს:

“რაღაც ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენებთან გვაქვს საქმე. ესეც არის ის თემა, რომლითაც ძალიან სკრუპულოზურად უნდა დაინტერესდეს საქართველოს ხელისუფლება, ვინ შეიძლება იყოს გარე ფიგურანტი სიტუაციის დაძაბვის, რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაჩენისა საქართველოში, ვინ არის ამისი ავტორი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ვინ არის ამის შემსრულებელი ქვეყნის შიგნით. ყველაფრიდან ჩანს, რომ ამას ჰყავს ავტორი ქვეყნის გარეთ და შემსრულებელი ქვეყნის შიგნით“.

საქართველოს ხელისუფლებას მომხდარის სწრაფად და ობიექტურად გამოძიებისაკენ მოუწოდა ასევე სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭომ. ჭელის ინციდენტის ნაწილობრივი ამოწურვის პირობებში კი, 30 აგვისტოს ბათუმში ახალი მეჩეთის ტერიტორიისთვის ადგილი მუსლიმთა მრევლმა თვითნებურად შემოსაზღვრა.
XS
SM
MD
LG